II (შიში)

სად არის მეტი ბოროტება, სადაც გშია თუ სადაც თოვლი არასდროს მოვა

რომელი მხრისკენ დავიჭირო ეს ბასრი დანა

მთელი ქვეყანა რომ დაობლდეს ჩემი გაქცევით?!

რა ფერადი  წრეზე ეს გული და რა შავი აკრავს სიზმარი

ჭერში ავაგდე ღამე, რომელიც არა ჰგავს მიწას

ვის გაუთენდა ჩემი სიტყვა გადასარჩენად

ვინ დამიჯერებს ღმერთს, რომელიც ჯერ არც ჯვარვცმულვარ?

 

შემაშინე – ვისია შვილი რომ მოკვდება ამ ღამით გარეთ

მიახატავენ განწირულ ხარხარს ამ ფერადი ცარცით – ვის შვილს

მე გამოვივლი, ყურსასმენებში მოვუსმენ მოცარტს და მალერს

და ხალხის მასას შეუცდომლად გადავალაჯებ.  ვის შვილს?

 

დამანახე, ამ ქუჩებში ასაფლავებ რამდენ  მუხუდოს მარცვალს

გადაარჩევ ქერს და ხორბალს ზამთრისთვის და აშიმშილებ ვის შვილს?!

რომელი გზაა რომ ვერ განვლე, რომელ ფიქრში ჩამოდგი ის სავსე ვარცლი

რომელი დღეა, რომ ვერც დარჩი,  წახვედი ვერც და  თითქოს იშრობ

 

ტანზე იმ შიშს, რომ ვერ გათენდა ვიღაცისთვის ეს ღამე და ჭრელი

ზღაპარი მოიგონე, ზღაპრისთვის ბოლო კეთილი და მშვიდი

და მერე წყალი არ დაიძრა. და მერე ზღაპარს სიზმრიდან იჭერ

შემაშინე – ვისი შვილია ამ ღამით რომ გაფრინდება, ასაფლავებ ვის შვილს?!

 

როცა ხანძრები ტირიან ღამით, უნდა იფხიზლო,  სადმე უნდა განდევნო ქარი

რომელიც მოკვდა. რომელსაც ფრთა კარავში დარჩა. და ყოველ დილით

დაწვე გამხმარ საწოლზე შიშით, რომ მოხუჭვა არ გეღირსება

თვალის. დიდი ხანია გაიღვიძა ფიქრის კოცონმა

და ქალაქს ზევით, როგორც ბურთი, გამსკდარა  მთვარე.

 

მომიყევი, ვისია შვილია რომ ცოცხლდება ამ ღამით გარეთ

მიახატავენ მშრალ ცრემლს ფერადი ცარცით – ვის შვილს

თუ გამოვივლი,  ქუჩაში დავუკრავ ბავშვობისას ნასწავლ გამებს

თუ გამოივლი, ხალხის მასას ზურგმოხრილი გადაალაჯებ. – ვის შვილს?

 

დამანახე, ამ ქუჩებში რამდენია რომ ჩანს და არ გგავს

ვისი პომადა გაფერმკრთალდა, ვის სარკეში გადახუნდა შიში

ამ ბოთლებში ქარი მღერის და მსხვრევადი ქალაქის   ნაგავს

რომელ ღრმა ჭაში აპირქვავებ. სიძულვილის ოთხკუთხა გიშერს

 

მოუყევი, ვისია შვილია რომ სველდება ამ ღამით გარეთ

მიახატავენ მშრალ ცრემლს ფერადი ცარცით – ვის შვილს

დამამშვიდე, რამდენია ხეზე ჩიტი და რამდენი მიწისქვეშ გვამი

შემაშინე – რამდენია შვილი ამ ღამით რომ მოკვდება, მოიპარავ ვის შვილს?!

 

რაც მოვიგონეთ, ხანძრებიდან რაც ვერ გადარჩა

ის ყოფილა და ყველაფერი რაც კი გაცხადდა – ტყუილს იგონებს.

ტყუილი რაა? ტუჩებს იქით გაშვება ამბის.

სად არის მეტი სისასტიკე, როცა გშია თუ როცა საზღვარს თოვლი იფერებს?!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6