III (ს ო კ ო ე ბ ი)

 

გახამებული ლოგინის სიქათქათეში,

ძილის სანაცვლოდ,  შხამმოდებულ  სოკოებს ჩარგავს

კაცი, რომელმაც ამ ღამისთვის გამოგიგონა.

ჭერში ჩრდილების მოძრაობას იმეორებენ

ღამის პეპლები და შენს მღვიმეებს, მიტოვებულს სინამდვილისგან

მისი მახინჯი, გაოფლილი, მკვდარი თითები

ახალგაზრდობას საკუთარ თავს რომ აჯერებენ

მოსალოდნელი ბიძგებისთვის წაეტანება.

 

თვალგახელილი თუ იწვები,

მალე მორყეულ  ხერხემალსაც გადმოალაგებს

ქარი, რომელიც შენს პატარა მკერდზე იძინებს.

ქოთანში ჯერაც გაუშლელი ყვავილებია

ჯერ მიწამ წყალიც ვერ შეიშრო, ისე უძირო

არის გზა.  ჯერ მინდორიც არ წამოშლილა

მაგ შენით სავსე მოლოდინის გასაშიშვლებლად

ღამეც არაა. გადაღლილა დედაშენი და

ღრმა ძილში ისე შეაბიჯა, ვერც კი გიშველა.

 

ზღაპრის გმირების  გამოჩენას

შენი სიზმრები ძველებურად ელოდებიან?!

ძველებურად სავსეა სახლი ჩიტის სიმღერით,

ბუდიდან ფრენა რომ ისწავლა და ხელისგულზე

შემორჩენილ ამბავს გიკენკავს?

 

თუ კაცის ოხვრა აჩენს ბზარებს იმ კედლების სინოტივეში

შენს სიფხიზლეს რომ გადაურჩა

და ხვალინდელი დღის, ასე უხმო, ასე საშიში

გამოქვაბული თაფლის სანთლით ამოუქოლავს.

 

გინდა, ფრჩხილებით ამოკორტნო შენი ტანიდან

ყველა ომი და გაცრუება, როგორც მდინარე

მოიქცევა კალაპოტიდან, ისე მოიქცე და წახვიდე, გადააბიჯო

სირცხვილის მწველ, დამთრგუნველ განცდას

შენს ნაზ კისერზე იასამანს ბაფთად მიხატულს

ფეხებს თუ გაშლი, იქნებ მალე დამთავრდეს ეს გზა

და იქნებ მალე გამოვიდეს შენი მღვიმიდან

კაცი, რომელიც ბიძაშენის თვალებს მალავს და

პერანგს რომ იხდის, უცხოობის სხივით იღებავს.

 

 

 

1 2 3 4 5 6