მისმინე, როგორც უსმენენ წვიმას

 

 

მისმინე, როგორც უსმენენ წვიმას,

აუღელვებლად, უყურადღებოდ,

მსუბუქი სვლებით მეხება წვიმა,

როგორც ჰაერი და როგორც წყალი,

ჰაერიც, წყალიც  –  დროა, საათი.

 

დღე ისევ მტოვებს, არსად ჩანს ღამე

და ნისლის ფორმა უხვევს კუთხეში.

დროც იკეცება, ისიც იქავე

იკეცება და სულს ითქვამს თითქოს.

 

მისმინე, როგორც უსმენენ წვიმას.

ისმინე ჩემი, უყურადღებოდ,

მოდუნებულმა, თვალდახუჭულმა,

გაღვიძებულმა ხუთივე გრძნობით.

 

წვიმს მარცვალ-მარცვალ, მსუბუქად, დუნედ.

წყალსა და ჰაერს არ აქვს ძალა,

როგორც ამ სიტყვებს: „ვინ ვართ ჩვენ, ან კი…“

ან ვინ არიან დღეები, წლები,

ან ეს წუთები – მძიმე და მძიმე.

 

მისმინე, როგორც უსმენენ წვიმას

სველი ასფალტი ანათებს, გხედავ –

შენ ხარ და შენი სხეულის ორთქლი,

შენ ხარ და შენი ღამის სახე და

შენ ხარ დ აშენი თმის გაელვება,

გადმოკვეთთ ქუჩას და შემეხებით

თვალების ირგვლივ, წვეთის კვალდაკვალ.

 

მისმინე, როგორც უსმენენ წვიმას.

 

 

 

1 2 3 4 5