რუსი პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და გამომცემელი. დაიბადა 1970 წელს. 1991-1994  წლებში სწავლობდა ლიტერატურის ინსტუტუტში ოლესია ნიკოლაევას სემინარზე. მის პოეტურ ხელწერას ტატიანა ბეკმა უწოდა „არქაისტულ-ნოვატორული“. მაქსიმ ამელინისშემოქმედებაზე ზეგავლენა მოახდინა XVIII საუკუნის რუსულმა პოეზიამ და ანტიკურმა კლასიკამ. ნათარგმნი აქვს კატულუსი, პინდაროსი, ჰომეროსი და სხვა ანტიკური პოეტები. თარგმნა ბარათაშვილის „მერანი“ და თანამედროვე ქართველი ავტორებიც. 2004 წელს მისი რედაქციით გამომცემლობა “ОГИ”-მ გამოსცა „ახალი ქართული პოეზიის ანთოლოგია“. 2008 წლიდან არის გამომცემლობა “ОГИ”-ს მთავარი რედაქტორი. ლაურეატია ბევრი მნიშვნელოვანი პრემიის. მათ შორისაა: „ანტიბუკერი“ (1998), დიდი პრემია „მოსკოვის ანგარიში“ (2004), ბუნინის პრემია (2012), ალექსანდრე სოლჟენიცინის პრემია (2013), პრემია

„პოეტი“ (2017).

 

* * *

ამელინ

როგორ ბედავ

11 სექტემბრის შემდეგ

ლექსების წერას

      ა. ვასილევსკი

 

ღვთის ყოველ დღეს (გამოკლებით უქმეთა და დღესასწაულთა,

საგანგებო საჭიროების გარეშე როცა აზრი არა აქვს

გადაჩოჩებას სახლიდან ცენტრის მიმართულებით),

აუტანელი ხრჭიალ-კრაჭუნით, ჭრიალ-წივილით

და ჩხარუნით, ყურის აპკს რომ უმოწყალოდ

 

კაწრავს და ხეთქავს, მიწისქვეშა მატარებელი

გიჟური სიჩქარით წესისამებრ ჩამატარებს

იმ ადგილას, ავტოქარხნის და პაველეცკის სადგურებს

შორის, სადაც ახლობელს, თუმც არც მთლად ძმაკაცს,

წყნარ ადამიანს და მეოჯახეს, საძებარს სანთლით,

 

თანამესუფრეს ჯიგარზე ჯიგარს და კაცს წიგნიერს,

ერთი ზედმეტი გროშიც რომ არ მოეხვეჭა უპატიოსნოდ,

ბორია გელიბტერს (მოიხსენიეთ ხოლმე სახელი მისი ლოცვებში!)

მთელი სხეული დაუფლითა აფეთქებამ ქრისტეს შობიდან

ორიათასოთხი წლის ექვს თებერვალს, დილით,

 

ცხრის ოცდათორმეტ წუთს, პარასკევს,

პიკის საათზე სამსახურს რომ ეშურებოდა,

და წამითაც არ უგუმანია, რომ მისი, საწყლის, ბედი იყო,

ორმოცდასამი წლის ასაკის მიღწევამდე ორმოცდათოთხმეტი დღით ადრე უცებ

უბედურების გულისგულში მოხვედრილიყო,

და ამიტომაც ხან წამომივლის აი, ასეთი მრისხანე წყევლა:

 

„მათ, ვინც გასცა ეს საზარელი ბრძანება ისე, რომ არც კი შეკრთა,

და იმათაც, ვინც უწყოდა, რას იქმოდა, მაგრამ მაინც ჩაიდინა ჩაუდენელი,

დაე არ ჰქონდეთ მოსვენება არც საიქიოდ, არც სააქაოდ,

სხეულებმა მათმა ვერც ცივ სამარეებში, ვერც მხურვალე სარეცლებზე

ვერ დაიძინონ, ხოლო სულებს მოემზადოთ სასჯელი ჭარბი!“ –

 

ხანაც კი მომდის თვინიერი აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის გონებისათვის

უწვდომელია ზეციური ჩანაფიქრის იდუმალება,

და მიწიერი საზომებით შეუძლოა მასთან ოდნავი მიახლოებაც,

რომ მოკვდავთა დაბადება, სიცოცხლე და აღსასრული ხელებშია

შემოქმედის, რომ ეძახის ყველა ნეტარს ამ სიტყვებით უკან, თავისკენ:

 

„დაივანე სასუფეველში ძეო ჩემო, კურთხეულო და საყვარელო!“ –

ხოლო ზოგჯერ კი ბუნდოვანი წინათგრძნობები შემიპყრობს ხოლმე,

რომ თუ საერთო საქმეების ფილოსოფოსი* აღმოჩნდება მართალი და

კარზე მომდგარი მკვდრეთით აღდგომის დაგვჭირდება თარიღი ზუსტი,

შეგვეძლება მისი მოძებნა აგერ, აქ და ყველანაირი მწარე სიტყვების

 

გასაქარწყლებლად დამტკიცება იმისა, რომ პოეზია შეიძლება არსებობდეს

გულაგის და ოსვენციმის, უთვალავი რევოლუციის, სისხლიანი ომისა და

ხიროსიმას, ბაღდადის და ნიუ-იორკის მერეც, მაგრამ

რანაირი? – ღმერთმა უწყის, – შესაძლოა, აი, ასეთი.

                                                                                                      2004 – 2010

 

 

 


* ნიკოლაი ფედოროვი (1828—1903), რუსი ფილოსოფოსი-კოსმისტი, „საერთო საქმის ფილოსოფიის“ შემქმნელი. მიაჩნდა, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ადამიანის მკვდრეთით აღდგენა, მაგრამ ამისათვის საჭირო იქნება რაც შეიძლება მეტი ზუსტი თარიღი და რომ უამისოდ არაფერი გამოვა.

 

 

 

1 2 3 4