* * *

ვიჩქაროთ

მაგიდა ღარიბული მოვრთოთ-მოვკაზმოთ

პამიდვრებით ალისფრებით,

კამითა და ოხრახუშით ხუჭუჭათი,

 

ნივრით,

ხახვით და წიწაკით სურნელოვანით,

ხორკლიანი კიტრებით და

თხელი ნაჭრებით საზამთროსი. – დაე ზეთმა,

 

ვით ქარვამ

მზისა, თვალთა წინაშე აღიბრწყინოს

დამაბრმავებლად. – შავი

დროა დავჭრათ პური, მარილი წმინდა

 

არ დავზოგოთ,

სამარილე გამოვდგათ მთელი. –

ვაზის ნაჟურით სავსე

ბოთლი ხელს რას შეგვიშლის! – რა საამოა

 

გემრიელად

დარწყულება და დანაყრება! –

შემოდგომას, კარზე მომდგარს,

ღვთის წყალობით არაფრისგზით, არაფრისგზით

 

არ დავნებდებით. –

ღმერთს ყოვლისშემქნელს

ანცი მეტრფენი

დანამდვილებით ურჩევნია პირქუშ მოძულეთ.

 

რუსულიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

 

1 2 3 4