* * *

ზღვა როცა ღელავს,

უსახური, სულმუდამ მქრქალი

სანაპიროს კენჭი უეცრად

 

ფერადი ხდება,

თვალისმომჭრელ ზოლებს

და ნახჭებს აიელვარებს,

 

მაგრამ როგორც კი ქაფის ბორგვა

ჩაწყნარდება, – მზეზე შრობა

ისევ ცრეცს ამ ქვებს.

 

ადამიანებიც ზუსტად ასევე ცხოვრების ძალას,

სხვაობებს და ხასიათებს კარგავენ ხოლმე,

როცა დგება მშვიდობის ჟამი.

 

 

* * *

მტრედი – არაა მშვიდობის ფრინველი. –

მეტრო „ბაუმანთან“

ძიძგილაობენ –

არ გაეკარო, –

ნისკარტებით ჩაფრენიან

ერთიმეორეს, წითელი

თვალები დაუქაჩიათ, ლურჯ-მწვანე

ბუმბული აფოფრვიათ

განრისხებულებს, –

მთელი ეს ომი

გამხმარი პურის იმ რამდენიმე

ნამცეცისთვის არის ამტყდარი,

მათხოვარ ქალს მათთვის

მტვრიან ბალახში

რომ გადაუგდია. –

რას არ იზამდნენ,

მზაკვრული ტვინის

გარდა გრძელი მეხსიერება

და ფოლადის ნება

ღმერთს რომ მიეცა

ჯილდოდ? – ამ შეტაკების

ნახვა კი არა, წარმოდგენაც კი

საშინლად მზარავს.

 

1 2 3 4