* * *

პეკინის საზაფხულო სასახლეში,

მყუდროების დარბაზში,

იმპერატორის ტახტრევანთან

 

ექვსი წლის ბიჭუნას

მოახლეთა მარჯვე ხელები

რთავენ ფრთხილად და მონდომებით:

 

გაჩხინკულ ფეხებზე ამოაცვეს

აბრეშუმის ოქროსფერი შარვალი და

ასეთივე პერანგიც ტანზე –

 

გულისპირზე ახატია ციცქნა დრაკონი,

ღრუბლებს შორის მოხტუნავე, ხოლო ზემოდან

მოსასხამი წამოახურეს,

 

ბეწვით გაწყობილ სახელოებზე

ზანზალაკები დაუკიდიათ, კინკრიხოზე კი

პაწაწა ჩაჭყლეტილ ქუდს აფარებენ, –

 

აი, ასე! – და სვამენ ტახტზე,

ყვითელი ხავერდით გამშვენებულზე, –

და ღიმილი ეფინება ბიჭუნას სახეს –

 

ყურებამდე ეწელება პირი თანდათან,

ეშმაკურად უციმციმებს თვალები, თუმც ეს

მხიარულება, მეტისმეტად უშფოთველი,

 

მთავრდება მალე: მზერა იმღვრევა,

შუშისებრი, ტყვიისებრი ხდება, მკაცრდება,

იჭმუხნება წარბები, კიდევ

 

ცოტაც, ცოტაც და –

რისხვისაგან ჭარხლისფერი ედება ლოყებს,

ბრძანებების გაცემის მძაფრი სურვილი ჩნდება:

 

საბრძოლველად ლაშქრის გაგზავნის,

სიკვდილით დასჯის და შეწყალების,

აჯანყებების მკაცრად ჩახშობის,

 

ცუდი წიგნების განადგურების,

და პირფერი ქვეშევრდომების

საამური ხოტბა-დიდების ხშირად მოსმენის, –

 

თუმც სამი წუთიც კი არ გასულა,

და დაავლეს ხელი მბრძანებელს, ექაჩებიან,

ტახტრევნიდან ჩამოჰყავთ ძალით, –

 

შემდეგის რიგი მოსულა, – მას კი

სამახსოვროდ კარგი ხარისხის

ათიოდე ფოტოსურათი დარჩება მხოლოდ.

 

 

1 2 3 4