* * *

წელიწადზე მეტი გავიდა,
მას მერე რაც პირველად შეგნიშნე,
როგორ იჯექი მზის გულზე და ათასგვარ სხივებს ანაწილებდი.
და აი ისევ მომეცა საშუალება ამის ყურების.
მხოლოდ შენ და მზე,
ერთმანეთის პირისპირ.
ამჯერად არა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე,
არამედ სამხრეთ იტალიაში
მდინარის მოაჯირთან, მზის გულზე ზიხარ.
თითქოს ეს მზე მხოლოდ შენი იყოს,
მაგრამ შენც მზესავით ამ სხივებს,
ყველას თანაბრად აწვდი.
ახლაც როგორ მინდა მოგიახლოვდე
და საუბარი წამოვიწყო,
მაგრამ ვშიშობ რომ ეს სხივები ყელს გამომჭრიან,
(ალბათ ადრე თუ გვიან, ასეც მოხდება.)
ახლა კი უბრალოდ გაკვირდები,
შენ მზის გულიდან სხივებს ანაწილებ.
და მე სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობილი
მორიგ თამბაქოს ღერს ვუკიდებ,
შენგან წამოსული სხივით.

 

 

* * *

მდინარის ხმის ქვეშ ვიმალებოდი,
იტალიის მიყრუებულ პროვინციაში.
რა ბედნიერი ღამე იყო,
ვხედავდი შენს ჩრდილს ფანჯარასთან ლოგინში გაშლილს
და მეშინოდა მოკაშკაშე ჩემი თვალების.
მე მქონდა ცარიელი ღვინის ბოთლი
და ღვინოც თითქოს მდინარედ იქცა,
მე კი მდინარის ტალღებს ვითვლიდი.
რა ბედნიერი ღამე იყო,
უღრუბლო და უმთვარეოდ განათებული.
შემეძლო სამყაროს ყველა მხარეს გავშლილიყავი,
მხოლოდ იმ ერთი წერტილიდან,
მხოლოდ იმ ღამეს.
მდინარის ხმის ქვეშ დამალულს,
მე ეს შემეძლო.

 

 

 

1 2 3 4