* * *

ისე სწრაფად გაუჩინარდი.
თითქოს დილით გამომეღვიძა
და გავიფიქრე, სიზმარი იყო,
გრძელი – მთელ ღამეში გაწელილი.
მოქმედება კი საკვანძო ადგილას გაწყდა,
სადაც შენ უკანასკნელად შემხვდი ასეთი.
ღიმილით სავსე და ბედნიერი,
რომ არანაირი სინანული თან აღარ გქონდა
და ჩემს თვალებში დაგუბებულ ვერცერთ ცრემლს ვეღარ ხედავდი.
ისე სწრაფად გაუჩინარდი,
ცხადიც რომ იყოს,
ჯობს რომ ჩემს თავს გავუმეორო
სიზმარი იყო,
მომქანცველი და სევდიანი,
რომლის მსგავსი აღარასდროს განმეორდება.

 

 

* * *

ღრუბლებში გამქრალ მზესავით დარჩი,
არსაიდან სხივს რომ მოგაწვდენს,
თვითონ კი არ ჩანს.
მაშინ როდესაც თვალებს მიჭრიდი,
რომ სიზმრებიდან შენი თავი ამოგეყვანა და დაგემალა,
ვერ ვიფიქრებდი თუ კი ასე შორს წაიყვანდი.
მე ეს მეგონა ისეთივე თამაში იყო,
როგორც ადრე „დახუჭობანა.“
მაგრამ მოვტყუვდი და პირიქით ვიქცევი ახლა,
ფართოდ გახელილ წარსულში გეძებ,
სამალავად ქცეულ წარსულში,
შენ კი სხივს მაწვდენ,
თითქოს ღრუბლებში გამქრალი მზე ხარ,
და მე მიწაზე სიზმრების ჩიჩქვნით ვეღარ გიპოვნი.
დასასრული
დღეები დღითიდღე მჩხვლეტენ
და მე არაფერს არ განვიცდი.
სულერთი გახდა,
როგორ ხახაში აღმოვჩნდები საბოლოოდ
ან ქარი ჩემი მოგონებების სად გამაჩერებს.
ამოგლეჯილი ოცნებები,
ამოგლეჯილი ბალახივით მალე ყვითლდება,
ამ ბალახისგან კი სახლს ვერასდროს ვერ ააშენებ,
დიდი დიდი მახე დამალო,
რომელშიც ისევ ისე უნდა გაება,
როგორც ისწავლე.
მოუმზადებლად და უიმედოდ.

 

 

 

1 2 3 4