* * *

თითქოს ახლა იყო
ენდი უორჰოლის მუზეუმში,
მოძრავი ყვავილების გამოსახულება სახეზე რომ დაგდიოდა.
ფერად ფერადი ყველები ენდისგან.
ფოტოც კი გადაგიღე მის პლაკატთან,
სადაც შენ და ვორჰოლი კამერებით შეიარეღებულნი, პროფილში დგახართ.
სად წავიდა ამ ისტორიის უკეთესი გაგრძელება ?
ჩვენ ხომ
ჩვენს პატარა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს
და ყველაფერი თითქოს ჩემი სიზმრის საოცნებო სურათებია.
ასეთი საწყენი გამოდგა სიყვარული.
მაგრამ იმ მომენტში
და ახლაც, როცა დრო ყველაფერს გადაეფარა.
ენდის ყვავილები არ დამჭკნარა,
ის მუდმივად გამოსახულია შენს სახეზე.

 

 

* * *

ჩიტი გულაღმა,
ფრთებ მიწებებული პატარა მუყაოს ნაგლეჯზე.
ჯერ კიდევ ცოცხალი,
გულიდან ბუმბულ ამოცლილი.
უყურებდა ცას, შავი ძაღლის თვალებში,
რომელსაც ვერ გაეგო
უნდა ეჭამა ცოცხლად
თუ დალოდებოდა სიკვდილს.
მე ავაცალე მისი წებო შეზელილი ფრთები მუყაოდან.
მან მხოლოდ ერთხელ ცადა გაფრენა თუმც გულითვე მიწას დაეცა,
შემდეგ კი სწრაფად დაგორდა,
ისე როგორც დიდი ლოდი.
მაგრამ ის იყო ძალიან პატარა ბეღურა,
ერთმანეთში შეწებებული ფრთებით.
დაგორდა ის სარდაფის სარკმლისკენ.
თან პატარა ნახტომებს აკეთებდა ჰაერში
და ჩაეშვა უკუნით სიბნელეში,
სრულიად მარტო და ბედ შეგუებული.
ეს შემთხვევა მოხდა ბედნიერ,
მზიან დილას.
სხივებით გაშლილ ჰაერში ჩიტი არ მომკვდარა,
ჩიტი მოკვდა ბნელ სარდაფში,
სავარაუდოდ ნელ ნელა,
სავარაუდოდ გულაღმა მწოლიარე.

 

 

 

1 2 3 4