* * *
მახსოვს ის ჩემს წინ იჯდა მატარებელში,
რომელმაც გაიარა სამხრეთ იტალიის მთებსა თუ ზღვებში,
თვალს აყოლებდა ნაპირს თუ ქედებს,
მახსოვს იყო მოლივლივე წუთები,
როგორც ტალღებზე მოცქრიალე მზე,
როგორც ხევებში ჩაწოლილი ჩრდილი.
“ეს წუთები აღარასდროს განმეორდება.”
მე მხოლოდ ამ სიტყვების თუ მეშინოდა,
რომელიც იყო ამ ლექსთან იმდენად ახლოს,
რამდენადაც ქალი ჩემს წინ,
ათას დღეში, ათასჯერ დასიზმრებული,
და ახლა ცხადად მჯდომარე,
თმებით მბზინავი,
თვალებით თაფლში ამოვლებული,
ისეთი როგორც ყველა სიზმრის იქით მინახავს.
ისეთი როგორც აღარასდროს განმეორდება.
* * *
აი, მიღიმი,
ხანდახან მაინც შეგიძლია ეს გააკეთო.
მე შენ თვალებშივე ვცდილობ დავწერო ახალი ლექსი,
რომლის ყველა შინაარსში,
ამ მოგზაურობის დასრულებისთანავე,
მე მარტო ვრჩები.
ეს ღიმილი კი ყოველთვის მექნება გადანახული,
როგორც შანსი,
ჩემი ცხოვრების ორმოებიდან ამოსასვლელად.