სამეფო კარის თამაშები

 

იმ დღეს პირველად შევსრიალდი შენს ჯოჯოხეთში –
ხელები ხელზე რომ დამადე, მაშინ ვიგრძენი,
რომ გადმომენთო შენი წყვდიადი,
სულ რომ ანთია
და ქარმა სული რომც შეუბეროს,
აღარასოდეს რომ არ ჩაქრება.
ფუტკრებივით დაეხვივნენ ღამურები
ჩემს გაშლილ თმებს და
სარჭებივით ჩაეჭიდნენ ვერცხლისფერ ძირებს,
არც კი ფიქრობდნენ შიგ გახლართული სხეულების მისგან გამოხსნას.
შიგადაშიგ მინათებდნენ გზას ის სანთლები,
ერთმანეთზე გადაგრეხილს რომ ვანთებდი ყველა ტაძარში.
მეგონა, ჩვენი ერთადყოფნა ამიხდებოდა,
მაგრამ არ ახდა…
და კიდევ ერთხელ გამაცურა ჩემმა იმედმა
და შენ წახვედი.
მე კი, რატომღაც, ცხადად მახსოვს ის ჯოჯოხეთი –
ხელები ხელზე რომ დამადე მაშინ შემეხო
და გადმომედო მისი ბნელი, სველი სიცივე.
ერთ ღამურას დავიტოვებ-მეთქი ვიფიქრე,
სამახსოვროდ დავიტოვებ-მეთქი
ჩემი ცალყბა სიყვარულისგან,
ჩემი უკანასკნელი სიყვარულისგან,
ჩემი ბოლო გაფართხალება სიყვარულისგან,
ჩემი პირანია სიყვარულისგან…
რომელიც ისევე მალე გაქრა, როგორც მოვიდა,
მაგრამ აღარ მომინდა,
მისგან რაიმე დამრჩენოდა –
ბოლო ღამურაც ამოვწიწკნე თმების ბუდიდან
და ფეხებით შევადექი მის უშნო სხეულს.
ტუჩსაცხივით გადაეცხო
მისი ფრთები დახლეჩილ ასფალტს,
სისხლის მაგივრად კი ნემსებივით ჩარჭობილი
ჩვენი დღეები და ღამეები გადმოასხა ვიწრო ყელიდან –
ყველა დღე და ღამე გამოუწოვია,
და ჩემი სიყვარულიც გამოუწოვია
და ჩემი სულიც გამოუწოვია
და ვერ ვიხსენებ, როგორი ხარ,
ან თუ რას ვგრძნობდი, როცა მიყვარდი.
უცნაურია: მარტო იმას ვგრძნობ,
როგორ გიდევს შენი ხელები სხვა ქალის მკერდზე
და როგორ შეგყავს ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით
შენს ჯოჯოხეთში. . .
ამ ჯოჯოხეთში ჩემი სანთლები არ ჩირაღდნობენ,
მაგრამ შენ შუქის გარეშეც კი ბედნიერი ხარ.
ცუდია, როცა ყველაფერი ასე მთავრდება,
თან მიხარია, ჩემს ამბავში სულ რომ დამთავრდი,
ძლივს დამთავრდი, გაწელილი სერიალივით,
მილიონებს რომ გაუცრუა იმედები და
თან გაიყოლა ჩემი გრძელზე გრძელი ზამთარი.
ცუდია:
ჩემთან ძლივს დამთავრდი, ძლივს ჩაგიკითხე,
შენთან კი, ვიცი, არც არასდროს არ დავწყებულვარ.
ორი ამბავი მენანება გადასაყრელად –
1. ცხელი ზაფხული. . .
პატარა სკვერი. . .
ხის ვიწო სკამი. . .
სრული სიბნელე. . .
შენი ტუჩები ჩემს მფეთქავ ყელზე;
2. და “მარშუტკაში” ჩემი თავი შენს მხარზე –
სუნთქვა. . .
და სიახლოვე. . .
და სიმშვიდე. . .
და ძილი. . .
ძილი…
მაგრამ რატომღაც, ასეთ ამბებსაც ჰქონიათ ბოლო,
ჩვენი ამბავიც ჩაიფერფლა – აღარ აღსდგება.
ახლა რა ხდება? –
შენ კარგად ხარ,
მეც ძლივს გადავრჩი,
წარმოსახვა კი აღარ შემრჩა
და ჩემს გარშემო ყველაფერი რეალურია.
ცუდია, როცა სიყვარული თანდათან კვდება,
და გული მწყდება,
მაგრამ რას ვიზამთ,
ასეთია ამ ამბის ბოლო,
ვერაფერს შევცვლით
და არც ვცდილობ, არც ვნანობ,
მხოლოდ
ამას გთხოვ –
ჩემკენ ნურასდროს გამოიხედავ!
ძლივს დაიძინა ჩემში გოგონამ
და მისი ძილი სიკვდილს მაგონებს. . .
არ იხმაურო,
ძლივს დავაძინე,
ნუ გააღვიძებ
ჩემში დრაკონებს ! . .

 

 

1 2 3 4 5