* * *

 

” სევდიანი გოგონები ადრე კვდებიან” –
მითხრა.
თვალი ავარიდე,
გამიხარდა და არ მინდოდა შეემჩნია.
არ ახდა მისი წინასწარმეტყველება –
თითქოს, სიცოცხლე

დასაკლავად განწირული ცხვარივით  მაქვს გახსნილ თასმაზე გამობმული,
რამდენჯერაც ვცდილობ გავიქცე,
იმდენჯერ  ვთელავ –
უკვე მემილიონედ გადავუარე.
ადგილ-ადგილ გადათოვილ მთებს ჰგავს ჭუჭყიანი ცხვარი,
ზოგჯერ ფეხებს მხრებზე შემომაწყობს
და ცდილობს, სახე ამილოკოს,
მე კი მეზიზღება მისი ჭუჭყი
და  ზედ მიმხმარი ტალახი,
გადატყავებული ხელებით მთელი ძალით ვიშორებ –
მაინც მორჩილად მომყვება უკან.
არ კვდებიან ჩემისთანა გოგონები ადრე.
ისინი საერთოდ არ კვდებიან,
იმიტომ, რომ მკვდრები დაიბადნენ.

 

 

1 2 3 4 5