გაბრიელს

ჩემი ეზოს უნაყოფო ხეებმა –
ცხოვრებაში ტანზე ფოთოლიც რომ არ გამოსვლიათ – პეპლები გამოისხეს,
ჩემი ოთახის უსახურ ჭაღზე
ფერადი ჟღარუნები აფახურებენ თვალებს,
ყველა მუქ კაბას ტანზე ჭრელმა ყვავილებმა გამოაყარა,
ამომშრალი და ძირგათეთრებული აკვარიუმები ოქროს თევზებით გადაივსო;
როცა გამხმარ ხესავით უშნოდ გაფშეკილ,
სიცოცხლეგამოცლილ სხეულზე
შენი პატარა ხელისგულები მეხება,
მგონია, გამომშრალ ფიქრებში რძე მიდგება,
მერე სათამაშო ჰარმონიკასავით
ნელ-ნელა იშლება ჩემი სული
და სანამ ისევ შეიკუმშება,
ვცდილობ, რაც შეიძლება ღრმად შეგისუნთქო,
როგორმე მომდევნო ჩასუნთქვამდე რომ გიმყოფინო. . .
სადაც არ უნდა ვიყო,
რომელი ქვეყნის ცაც არ უნდა მეხუროს თავზე
რკინის ჩაფხუტივით
და რომელი ქალაქიც
არ უნდა მაწვეთებდეს ყურებში ხმაურს,
შენი სურნელი ყველგან მესმის,
შენს გულისცემას ყველგან ვაყურადებ და ვდარაჯობ. . .
შენს გაღიმებას ყველგან ვუღიმი…
რაც შენ მყავხარ, მეჩვენება, რომ პატარა, უფანჯრო ოთახში
რამდენიმე საათი ვიყავი ჩაკეტილი,
მერე კი ვიღაც ძალიან ახლობელმა შემთხვევით მიპოვა
და ჰაერზე გამომიყვანა…
შენთან პირველი შეხვედრის წამიდან ისე ვანათებ, თითქოს,
სისხლის,
ძვლების,
მარტოობის,
მძიმე სამსახურის
და წარსული ტკივილების ნაცვლად
დინოფლაგელატებისგან შევდგები.
ვერ ხვდები, ეს რას ნიშნავს, არა?
როცა გაიზრდები, აუცილებლად აგიხსნი, შვილო!

*

ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური,
პური, რომელსაც არასდროს გავყოფთ შუაზე,
იმიტომ, რომ ის მთლიანად შენი იქნება.
მე? მე ძირს დაყრილი
რამდენიმე ნამცეცითაც შევძლებ შიმშილის გამოკვებას; იქნებ,
ჩვენს პურზე კარაქი და ხიზილალა ვერასდროს გადაგისვა,
მაგრამ სახლში ერთი ნაჭერი პური ყოველთვის გვექნება.
ჩავიცვამ ჩემს ერთადერთ დაბებკილ კაბას,
თავზე გვერდებშემორღვეულ თავშალს წავიკრავ
და პურის ყანების დასალეწად წავალ,
ხორბლის დასაფქვავად წავალ,
ცომის მოსაზელად წავალ,
პურის გამოსაცხობად წავალ…
გპირდები, ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური
და შენ ვერასდროს იგრძნობ
მასში ჩაღვრილი ჩემი სისხლის და ცრემლის გემოს,
ჩემი ტკივილების გემოს,
ჩემი ტანჯვის გემოს,
უბრალოდ გეგონება,
რომ შენი დედიკოს გამომცხვარ პურს
ოდნავ განსხვავებული გემო აქვს,
ამიტომ ამქვეყნად ყველაზე გემრიელია.
უბრალოდ გემრიელია, იმიტომ, რომ დედას უყვარხარ.

*

დედა ბიჭუნასთვის ეძებს მეგობრებს,
განა არ იცის დედამ,
რომ ბიჭუნამ მეგობრები თავისით უნდა მოძებნოს,
ისიც იცის, რომ არ არსებობენ ნამდვილი მეგობრები, მაგრამ მაინც ეძებს;
დედას უნდა, ბიჭუნას გული არასდროს ეტკინოს,
დედას უნდა, ბიჭუნამ გული არავის ატკინოს,
დედას უნდა, ბიჭუნას მაგივრად ეტკინოს,
განა არ იცის დედამ,
რომ ამქვეყნად ყველას თავისი წილი სტკივა,
მაგრამ მაინც უნდა;
დედა ცდილობს, მისი ბიჭუნა ყველას უყვარდეს,
დედა ცდილობს, მის ბიჭუნასაც ყველა უყვარდეს,
დედა ცდილობს,
ბიჭუნას გარშემო მარტო სიყვარული იყოს,
განა არ იცის დედამ,
რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ,
მაგრამ მაინც ცდილობს;
ამ ყველაფერში კი მთავარი მაინც ისაა,
რომ არსებობს დედა და არსებობს ბიჭი
და დედა
თავის ბიჭს
მატყუარა მეგობრებს,
ტკივილს და სიძულვილს
ახლოსაც არ გააკარებს.
დედას ასე სჯერა, ასე სჯერა ბიჭსაც.

 

1 2 3 4 5