ხანგრძლივი განცდები და გაქცევის მცდელობები

სახსოვრად გოჩა ფანჩულიძეს და ჩხარელ მჭედლებს,

ვინც წითელ პარასკევს არ შედის სამჭედლოში.

 

ახლაც მაწუხებს ბაწარაულით

მიყენებული ჭრილობასავით,

მრავალხმიანი საგალობელი,

სადაც კულტურა ყიდის თხასავით,

ყველას, ვინც სწრაფობს სხვა კულტურაში

გადასახლებით ბინის მიღებას,

ახლაც რაღაცა მბოჭავს ქვასავით,

იხურება და ისევ იღება.

 

 

თვალსაჩინოება

 

მასწავლებლებმა რა არ ანახეს,

მკერდი, ბარძაყი, კოჭი, წვივები,

ყურის აწევით კიდეც გალახეს,

ვერ მოაყოლეს გაკვეთილები…

ბოლოს გარიცხეს, -მოგვწყდი თავიდან!

უთხრეს, მაგიდას ბასრი ფრჩხილებით,

დასცხეს თითები ნაირ-ნაირი,

გამოცდილებით შელესილები.

ისიც ადგა და ჩუმად წავიდა,

რადგან იცოდა დანამდვილებით,

რომ მტაცებელთა სალოცავიდან,

იძულებული მიდის ირემი.

გადავირევი, – თქვა დირექტორმა.

ამ ჩემ ფეხებს, თუ გადაირევი,

მოგაჭკვიანებს სკოლის რეფორმა,

გეტყვიან, სად ჩანს ნანადირევი.

 

 

 

1 2 3 4