Georgian wine

 

შენ დაიპყარი ბაზარი რუსის,

რიგში ჩამოდგა კედლის ჩინეთი,

აბრეშუმს მაინც ნუღარ დაუსვრი,

დრაკონთან არ ჭრის ყველა ილეთი.

 

ევროპამ კარი ფართედ გაგიღო,

გიცნობს ფრანგული და ესპანური,

კალიფორნია მაც გაღიარა,

იუნესკოშიც დაგაკანონეს.

 

ოღონდ დაგლიონ, აღარ კითხულობ,

სად მიგასაღებს მთვრალი მსოფლიო,

სახლში სულს ღაფავ, გარეთ დიდგულობ,

რად უნდა ბევრი ფილოსოფია.

 

როგორ აუხვალ ამდენ შეკვეთას,

ზვრებს გადახედე ჭურით დანაღმულს,

ტაძრებს, ოჯახებს, მარნებს გაჩვენებ,

სარქველმოხდილი ციდან დანახულს.

 

გადავიშავე კბილი  ჭანჭურით

და სისხლს უდუღებ მიწით მოზელილ

შეყვარებულებს, რათა დარწმუნდნენ,

რომ ერთმანეთი მართლა მოძებნეს,

 

როგორც ქვევრმა და როგორც ბადაგმა,

თაფლობის თვეში სამხიარულოდ,

სისხლის და ხორცის გზა ვინ ალაგმა,

ჭურის და ღვინის სასიარულო.

 

ჭინკებს რა ვუთხრა ანდა ვაჭარი,

მაჭრობის აქეთ რაღას გაიგებს,

ჭირი იქა და აქეთ კაჭარი,

ძველი შურდულის მადლით წაიღებს.

 

 

1 2 3 4