თამარა

 

არავინ იცოდა ვინ იყო თამარა,

ცხოვრობდა თავისთვის, ჩუმად,

არ ყავდა თამარას ქმარი და მამალი,

თუმც არ უჩიოდა სტუმარს.

არ ყიდდა არაფერს არ ყიდდა არავის,

ნემსიც არ უნდოდა სხვისი,

ამბობდნენ იცოდა ყველაფრის წამალი,

გაწმენდაც შეეძლო სისხლის.

ხანდახან ნაღველი შემოაწვებოდა,

დახრიდა ფიქრიან თვალებს,

ვერ გამოიცნობდი რას ელოდებოდა,

შვილივით უყვარდა მთვარეც.

რა იყო მის სახლში ასეთი ძვირფასი,

რასაც დარაჯობდა წლობით,

ედგა ერთი დოქი, ერთი თიხის თასი,

ტახტი ცომიანი გობით.

იყო ჭაპანწყვეტა ირგვლივ მეზობლების,

მოხუცს აკითხავდნენ ხშირად,

ბევრი მადლიერი ჰყავდა, ზოგიერთი

სოფლის ჯადოქრადაც თვლიდა.

ახალგაზრდობაში ბიჭი შეუყვარდა,

მაგრამ მოაშორეს თურმე,

ძალით გაათხოვეს,  გზა გადაუვსიათ,

ჭილოფგადაფენილ ურმებს.

ის კაცი მოუსხლავთ სხვა მოუწევიათ,

ორჯერ გასჩენია შვილი,

შეყვარებულისთვის არც მიუწერია,

როგორ შეაგუეს ტკივილს.

იმ ბიჭზეც არაფერს ამბობენ ვინ იყო,

გულში დაუმარხავს განძი,

ყველგან დაეძებდნენ ათას სიბრიყვეში,

კუბოს, სასახლეებს, ტაძრებს.

კუბო სათვალავშიც აღარ მიიღება,

თხოვა-გათხოვების წესრიგს,

თუკი სიყვარულის გზა არ დაასახლებს,

ტაძარს უწმინდური შესვრის.

ასე დამარიგა როცა მივაკითხე,

ხშირად ახსენებდა რახელს,

ლეას გამარჯვებას ღმერთი არ დაუშვებს,

ითქვა, თუ არა და ნახე.

მალე გამოვბრუნდი მაშინ რა ვიცოდი,

გათვლა-გამოთვლაზეც მითხრა,

სულაც არ ყოფილა თამარა მკითხავი,

როგორც უგონებდნენ დიდხანს.

 

 

 

1 2 3 4