არყის ხეები

როცა ასვეტილ და ტანკენარ ხეებთან ერთად
არყისხეც მძლავრად იღუნება და ირკალება,
მოულოდნელად გამკრავს ხოლმე ასეთი ფიქრი,
იქნებ ყმაწვილმა დაღუნა და დადრიკა – მეთქი,
მაგრამ, ო, არა, თურმე წვიმა დრეკს არყის ხეებს,
დიახ, ქარ-წვიმა არის ხოლმე მათი დამდრეკი
და ქარში ასე წკრიალებენ არყის ტოტები
და ციმციმებენ მოჭიქულნი ფერადი ყინვით.
ხოლო დააცხუნებს მზე ნაშუადღევს,
ყინვის ნაჭუჭი ძირს ცვივა და ერთად გროვდება,
კაცი იფიქრებს, ცის ტატნობი ჩამოიმსხვრაო,
არყისხის ტორსი მიწისაკენ იხრება ძლიერ
და ერთხელ წელში გადრეკილი, ვეღარ სწორდება.
მოგვიანებით მიილევა როდესაც ჟამი
და არყისხეებს კვლავ ხელახლა გადავეყრები,
გავხედავ წელში გახრილებს და იმას ვიფიქრებ,
რომ სჯობდა ყმაწვილს მოედრიკა ალბათ ისინი.
ეს იყო მწყემსი, ქალაქგარეთ დაყუდებული,
ვერანაირად ვერ იქცევდა თავს და ამიტომ
რა თამაშს აღარ იგონებდა თავშესაქცევად,
ძველ არყისხეებს მამისეულს წელში დრეკდა და
ვით ბედაურებს, ისე მარჯვედ აჯირითებდა,
მოექცეოდა კენწეროზე თვითეულ მათგანს,
სრულ ნახევარწრეს შემოწერდა სულ სტვენა-სტვენით
და ზედ მიწაზე ტერფს ადგამდა ქვედაზიდული.
მე ბავშვობაში არყის ხეებს თვითონვე ვდრეკდი,
თვითონვე ვხრიდი ქვედაზიდულთ მიწის გულამდე,
და ახლაც თვითონ ვარ ხელახლა ამის მოსურნე.
როდესაც ფიქრი დამქანცველი მომეძალება
და უსიერ ტყედ მესახება მთელი ცხოვრება,
დავდივარ ალმურადენილი გაუვალ ტევრში
და სახეზე მაქვს გადაკრული ობობას ქსელი
და თვალს ვიტკიებ ასხლეტილი ტოტის ბწკალისგან,
და მსურს ასეთ დროს მეყსეულად დავტოვო მიწა,
რომ მერე კვლავაც დავუბრუნდე იმავ მიწასვე.
მინდა, რომ ბედი იყოს ჩემი თანაზიარი,
რადგან მიწაზე დაბრუნება მსურს საიმისოდ,
რომ კვლავ მიყვარდეს. სხვაგან არსად არ მეყვარება
იმგვარად, როგორც ამ მთრთოლვარე მიწის ნაგლეჯზე.
და კვლავაც მინდა, რომ მოვექცე თავზე არყის ხეს,
და მივაღწიო იმ სიმაღლეს ასწრაფებულმა,
რომლის იქითაც ქვედაზიდვა იწყება უკვე,
დიდებულია ატყორცნა და კვლავ დაბრუნება,
თუმცა ამაზე უმძაფრესი ლტოლვაც არსებობს.

1 2 3 4