იალაღი

არ უნდა შეჰყვეს წყაროსთვალს ხინჯი,
წყარო აივსო დამჭკნარი ფოთლით,
გავხვეტავ ფოთლებს, გამრჯე და დინჯი,
მე იქ ვიქნები და შენც იქ მოდი.

ხბო მოუგია ძროხას და ხარობს,
ხარობს თავისი ნამლევა ხბოთი,
მე მივაშურებ კამკამა წყაროს,
ჰო, იქ ვიქნები და შენც იქ მოდი.

 

მთვარე

ჩემი სახლის წინ შევერცხლილ თელას
ვატოლებ მთვარეს, თეთრად რომ ელავს,
თვითონ მთვარეს კი შენ მიგამსგავსებ,
როდესაც თმაში იბნევ ალმასებს,
მთვარეს, რომელიც უეცრად შეკრთა,
ცას დავუტოვებ ვარსკვლავთან ერთად.

კარგია, გახდე მთვარის თანადი
და მასთან ერთად ტყეში ეხეტო,
მთვარეც შენსავით იყოს ტანადი
და მერე კიდევ ერთხელ შეხედო,
წყალში რომ ელავს დღე და მოსწრება
და არ მთავრდება ეს საოცრება.

 

ქარბუქი

ქარბუქი ღამით არყევს და ანჯღრევს
საგულდაგულოდ ჩარაზულ კარებს,
სითეთრეს აფენს თაღოვან ფანჯრებს
და გამოდითო, მოგვძახის მწარედ.
მე ძაღლადაც არ ვაგდებ ამ ძახილს,
ოთახს მობჯენილ უკუნეთს ვერწყმი,
ჩვენ ხომ ორნი ვართ, და კიდევ ბალღი,
და, ჰა, ბუხარში გამოქრა ცეცხლი.
იღვიძებ, ყინვამ დაგზაფრა ძილში,
ქარბუქში ბრუნავს ფანტელი ხშირი
და ჭიასავით გულს მიჭამს შიში,
ვაითუ, გარეთ ვერ გავყოთ ცხვირი.

 

1 2 3 4