რჩევები მეგობარს

 

ნიანგის კანზე გაჩენილი ხორკლებივით წევს

ქალაქში კორპუსები

და რაც უფრო შორდები ცენტრალურ უბანს

უფრო უხეში და თვალშისაცემი ხდება

ის რის დანახვასაც გაურბიან პოლიტიკოსები

ის რაზე წერისთვისაც ვერ იცლიან პოეტები

ის რისგანაც საიმედოდ იცავენ თავს

აგებენ მაღალ ღობეებს ან სქელ მინებს

ოღონდ ისეთს არა ჩვენ რომ აგვირეკლოს

არა რომელიღაც ჰიპერრეალობიდან ჩატვირთავენ ვიდეოებს

და მათი თვალები ჩვენსას არსად არ შეხვდებიან

დიახ სიღარიბეს თვალებში უნდა ჩახედო

იმისთვის რომ სრულყოფილად შეირგძნო მისი ბუნება და ამოხსნა მისი საიდუმლო

თვალებში ჩახედვა მთავარი პირობაა

რადგან ის ძალიან დაკვირვებულია და გამოცდილი

მან იცის თავი როგორ გადაირჩინოს

სიღარიბეს უნდა ჩახედო პირდაპირ თვალებში

ისე როგორც უყურებ ბავშვობის ფოტოებს

და შენ უნდა ისწავლო მასთან თვალებით კონტაქტი და საუბარი

რადგან გარკვეული დროის მერე ეს ძალიან მოგინდება

მთავარია პანიკამ არ მოგიცვას

მთავარია ისწავლო ენა რომლითაც დაამყარებ კონტაქტს

ხოლო კონტაქტი თავის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია

მაგრამ აქაც გააჩნია რისკენ

და ეს შენ უნდა გადაწყვიტო

შენ უნდა მისცე მიმართულება

უნდა შეისწავლო ყველა ნიუანსი

რადგან ნიანგის კანზე გაჩენილი ხორკლებივით

ჩასაფრებულები არიან ისინი

და არ იცი როდის ჩაგავლებენ კბილს

 

 

 

1 2 3 4 5 6