***

 

ახალშობილების ტირილი  ისმის მიწიდან

დედებს ჭიპლარები მოახვიეს კისერზე

და ბორბლებს შეუგდეს მათი სხეულები

როგორც ძვლები უპატრონო ძაღლებს

გავიგონე: როგორ გადაიარა ჩვენმა ვაგონმა მათ ძვლებზე

კაცები და ქალები ხელებშეკრულები ისხდნენ

და უმისამართო ქალაქისკენ იყურებოდნენ

მე არ მახსოვს იმ ქალაქის არსებობა

საიდანაც ისინი მოდიან

მათი კაბები და პიჯაკები

დიდიხანია მოდიდან გადავიდა

სავარაუდოა, რომ ისინი წლებია აქ სხედან

წლებია ამ მარშუტით მოძრაობენ

წლებია თვალებს არახამხამებენ

წლებია ცრემლი არ დასდენიათ

წლებია მენსტრუაციის ტკივილისას

ტუჩები არ დაუჭამიათ

რომელი ომიდან მოდიან

რომელი გამნქრალი ცივილიზაციის მემკვიდრეები არიან

რომელი მკვდარი ენა აუკრავს შუბლზე

რას მალავს მათი გაშტერებული თვალები

ვინაა მათი ლიდერი

თავებსაც კი ერთი მიმართულებით აქანებენ

რას ნიშნავს მათი დუმილი

რას ნიშნავს მათი გაფითრებული სხეული

ვის დაეძებენ? ვის გაურბიან?

 

მესმის – როგორ გადადის ჩვენი ვაგონი რელსიდამ რელსზე,

რომელზეც, მალე მორიგ ჩვენგანს მოუწევს ხიდის გადება.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6