(ნაწყვეტი რომანიდან)

 

წვეთოვანს გახედა, იქაც არავინ.

აუტანელი იყო, რომ არავინ და მაინც, სადღაც.

ის.

ხმა.

სადღაც.

თვალები მილულა: „რა გინდა, მითხარი, რას მიმანიშნებ?!“

ჰა, აქ ვარ! თუ ასე გირჩევნია, თვალიც მოგიხუჭე, მიმანიშნე და დაამთავრე, გელოდებიო.

სიჩუმე.

მიმანიშნეო.

ნიშნები.

ნიშნებითა და წინასწარმეტყველთა პირით გველაპარაკება, ვისი სახელიც დიდი კრძალვით თუ ამოითქმის, ამის შესახებ სრულიად კაცობრიობის ისტორია ღაღადებსო, – იტყოდა, ალბათ, სვეგამწარებული, ნეტარხსენებული ლამარიე და 1988 წლის ნასესხების პირველ დღეს, ქალაქ ქუთაისში, რესტორან „ნიავი“-ს მყუდრო კაბინეტში გათამაშებული დატირებაც ამის დასტურია, მაგრამ კაცნი ვართ, ბევრზე ბევრის ვერშემცნობელნი, თვალღიაც ბრმანი და ამ თვალმილულულ ქალს საიდან, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ოდესღაც  არსებობდა ვინმე ლამარიე, ვინც თბილისში დააკავეს პროკლამაციების გაკვრისათვის, ამის შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკრეს თავი და საიდან, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა დეას, რომ ლამარიე ვორონცოვის ერთ ჩაოხრებულ ბინაში იდგა მდგმურად, იქ დარჩა მარაო, რომელიც დეამ მოიპარა მშრალი ხიდიდან, ჰოდა, საიდან, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა ამ ქალს, რომ წლების წინ, სსრკ-ს ჰოე-სთან ახლოს, თვალუწვდენელი იმპერიის ერთი განაპირა რესპუბლიკის კოლორიტულ ქალაქში რიტუალური დატირება შედგა, იმჟამინდელი პარტიული ფუნქციონერის, ვინმე კიაზო ბა—იას ოქროსკალმიან კალმისტარს თავისი მარაო სუდარასავით გადააფარა ლამარიემ და ასე დაიტირა დიმიტრი კა—ძის, იმავე ტრულაილას საოხრე, ვინც პირდაპირ კავშირში იყო დეას ამქვეყნად მოვლინებასთან.

„ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი“, – ამ სიტყვებთან ერთად დედა სულის შეგუბვამდე, ტკივილამდე იკრავდა ხოლმე დეას, გეგონება, იმ წიაღში უნდა მისი დაბრუნება, საიდანაც დასაბამი მისცაო შვილის არსებობას; გეგონება, შობის პროცესი მოინატრა და ასე, ამგვარად ცდილობს, დაიბრუნოს და ახლიდან გასცეს და ისევ დაიბრუნოს და ისევ გაუხსნას თავისი წიაღის კარიბჭე შვილს, რომელიც სიმარტოვის საშველი კი არაა მხოლოდ, ქალური ბუნების, ფიზიოლოგიური არსის მოთხოვნილებაა, შიმშილში – საკვებია, წყურვილში – წყალი, ბიოლოგიური მისწრაფებაა – ძუძუსთავზე იგრძნოს ჩვილის ღრძილები, ჩვილის სხეული თავის სხეულზე, სიცოცხლის სათუთი ფეთქვა იგრძნოს თავისი ტანჯვებიდან გამონაშობ ახალ სიცოცხლეში, ვინც მუდამ გაახსენებს შობის ტკივილებს, რადგან მშობიარობის ტკივილები ქალის ბუნების, არსის შემადგენელიცაა და გამართლებაც, ხოლო ფეხმძიმობაში საუბრები, რომ-რატომღაც მაინც ეშინია, რომ – ვარდისფერ სამოსზე გაუშტერდა მზერა და, სავარაუდოდ, გოგონა შეეძინება, რომ – ნეტა ვის დაემსგავსება? – და ამ დროს, წამოზრდილ მუცელზე შემოდებული, ერთმანეთზე გადანასკვული მშვიდი ხელები და თვალგაშტერებაც თავისებური-ბედსმინდობილი, შიგნიდან გამონათებული მოთენთილობით მომლოდინე და მშვიდად მფეთქავი, – ეს საჩუქრებია, რაც დაიმსახურა, რითიც თამამად შეიძლება გაერთოს იმ მთავარ დღემდე, როცა წიაღს გადახსნის თავისას, მშობიარობის ტკივილებით გამოიტანჯავს უმთავრეს ღირსებას და იქნება ამაყი, რადგან შიმშილში საკვები მოიპოვა, წყურვილში – წყალი, ტანჯვაში – შვება და თბილი და უსუსური და ცოცხალი მისგან, და თბილი და უსუსური და ცოცხალი მისგან – მასზე, და თბილის და უსუსურის და ცოცხალის მისგან – ძუძუსთავზე ჩაჭერილი ღრძილები – ერთარსობის მწველი შეგრძნება და სადღაც მამა.

და – „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი“. „ჩემი ხარ მარტო, მარტო ჩემი, ჩემი!“ და – „ანა-ბანა, ანა-ბანა, დედამ კაბა მოგვიტანა,“ და – „არა, ასე იქ არ მღერიან“, და ჰო, მერე, როცა აღარ ჭრის, როცა პასუხია გასაცემი, მერე, ჰო, ჩახუტებაში ნათქვამი უცაბედი, სწრაფი სიტყვებით, რომ – ჰო, არსებობს მამა, რა თქმა უნდა, მამა არსებობს, ქუთაისში ჰქონდათ გასტროლი და იქ შეუყვარდა და ძალიან, ძალიან უნდოდა დეა და – „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი!“ და – ხდება ხოლმე ასე, მამა კარგი კაცია, კეთილია და ძალიან ხუმარა და წარმოსადეგი კაცია, თვითონ კი მარტო იყო, აღარც დეას ბაბუა და ბებო ჰყავდა გვერდით, ძალიან, ძალიან უნდოდა დეა და მოხდა ასე, ხდება ხოლმე, როცა კაცი დაოჯახებულია უკვე და ჩვენ არავის ვაწუხებთ, ჩვენ – ერთად, ისინი – იქით, ჩვენ – ჩვენთვის, ჩახუტებულები, და – „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი!“ და „ანა-ბანა, ანა – ბანა, დედამ წკაპუნები მოგვიტანა, ანა-ბანა, ანა-ბანა“… – და უკვე აღარ ეწინააღმდეგება, ხვდება, რომ დედა გაურბის სიტყვა „მამა“-ს ხსენებას, და ძალაუნებურად აკვირდება, ადარებს დედას ხელებს და თავის ხელებს, ადარებს დედას ცხვირს, თვალის ფერს, – თავისას, თავისი თავიდან ცდილობს იმ კაცის წარმოდგენას, ვინც მამაა, ვის გარეშეც ვერ შედგებოდა მისი სიცოცხლე და – „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი!“ – და, ჰო, მაგრამ, – იცის, რომ ვარსებობ? იცის? – არა, არა, რატომ უნდა იცოდეს, მე და შენ ერთად, ისინი – იქით, შენ კი… და, ჰო, – გაღიზიანებული – „ჰო“, ვიცი, – გაღიზიანებული – „ვიცი“, და ერთხელაც, თითქოსდა, ათასგზის მოთხრობილი ზღაპრის ახალი დეტალი გაიხსენაო, დედამ ბეცი ღიმილით ჩამოხედა დეას, თვალებში ნეხვის ბუზისფერი შუშები გაუკრთა, ხორხიდან ამოიცდინასავით ბგერები – ჰიჰ, – და მერე თქვა: – ხუმრობა უყვარდა ძალიან, ტრულაილას ეძახდნენ, – და დააკვირდა შვილს, გეგონება, შვილის სახეზე ცდილობს ტრულაილას ნაშთების აღმოჩენასო, მერე კი მაგრად ჩაიკრა მკერდში,ტკივილამდე, და – „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი!“

ისევ…

ახსოვდა დედის თვალების ის ბზინვადაკრული გაშუშება, მისთვის აქამდე უცნობი მზერა, რამაც გულში გაკენწლა, შფოთი ჩაუსახლა.

 

1 2