ორი სიტყვა – „ტრულაილა“ და „ნაბიჭვარი“, დეას ყმაწვილქალობის შეუბრალებელ ჯალათებად იქცნენ; ქუჩიდან, სხვების მისამართით ნათქვამი „ნაბიჭვარო“, თუ „შეჩემის ტრულაილავ“, მის გულს პწკენდნენ ავად, გამჭოლად, მწარედ. მერე ის წლები ჩამოჟამდნენ, როცა ხშირად ჩხუბობდა დედასთან და აქაც ჩნდებოდა – „ტრულაილა“. „კაცი დაილია ქვეყანაზე, ქალო, ვიღაც ტრულაილასთან რომ არა?!“ თუმცა, როცა საერთოდ არ იყო ტრულაილა ნახსენები, ტრულაილა მაინც იგულისხმებოდა, რადგან დედისგან ერთხელ ამოცდენილი სახელი – „ტრულაილა“, ორივეს გაუხდა სანანებელი, საბედისწერო, თავისი ანეკდოტურობით, თავისი დამამცირებელი სინამდვილით რომელიღაც წარსულში, რაც მათ მყოფადს წამლავდა.

და მერე, ერთხელაც, როცა მიტინგები გახშირდა ქვეყანაში, ქუჩაში მიმავალმა დეამ შემთხვევით გაიგო თავის გამოჩენით, უჩვეულოს ამოთქმით შეპყრობილი დემონსტრანტის მიკროფონში ჩაძახებული: „საბჭოთა ბიუროკრატიის, საბჭოთა ტრულაილების დრო დამთავრდა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

„ტრულაილების დროო“, – იფიქრა მაშინ დეამ და უეცრად სიმშვიდე იგრძნო, მოეჩვენა, რომ მარტო არ არის, ვიღაც კონკრეტული ტრულაილაც არ არსებობს, დრო იყო ასეთი – საბჭოთა ტრულაილების დრო და ეს დრო მხოლოდ მასზე კი არა, იმ დროის ყველა შვილზე ვრცელდებოდა.

იმ საღამოს თვითონ ჩაეკრა დედას და ის სიტყვები თავისთავად ამოეთქვა, ამოეტირა: „შენი ვარ, მხოლოდ შენი ვარ, შენი“.

იტირა დედამაც. შეგრძნება ჰქონდათ შვების, შინ დაბრუნების.

ეს მაშინ, იმ დღეს, მაგრამ სახელი – „ტრულაილა“, გუშინდელ კოშმარშიც ამოუტივტივდა, სწორედ მაშინ გამოეცხადა, როცა სუვენირების ჯიხურში აპირებდა მინიატურული ეიფელის კოშკის მოპარვას, „ტრულაი-ლაას ფული რად უნდაა, რტულაილაა თვითონ ფულიაა“, – გაისმა მეზობელი ჯიხურიდან, სადაც კასეტებით ვაჭრობდნენ.

თითქოსდა, სახალხოდ გააშიშვლესო; მიხვდა, ვერ მოიპარავდა.

ანდა, ისიც სათქმელია, მშრალ ხიდზე მან მოიპარა მარაო? თუ მარაომ მოიპარა დეა?

ნივთები ჩვენი წარსულიდან, – ენერგეტიკა, რითიც ვინუსხებით, ინფორმაცია, რაც ბოლომდე არაა გაცხადებული, თუმცაღა, საგრძნობია, გიზიდავს, გითრევს, თვალს გიშტერებს და ცდილობს გაგახსენებინოს მივიწყებული, ძალიან შორეული, შენთვისაც აუხსნელ კავშირში მყოფი შენს წარსულთან.

პალატის კარი გაიღო.

დეა ნაცნობ ექთანს მიაცქერდება. ყვითლად თმაშეღებილი ახალგაზრდა ქალი, საწოლიდან ახლადწამომდგარი, ნახევრად მძინარე იერითა და წვეთოვანზე დასაყენებელი საზიზღრად მოყვითალო ხსნარით ხელში.

„თავისი ასაკისთვის ძალიან მსუქანია“, – იფიქრა დეამ.

– როგორ გეძინათ? – ექთანი წვეთოვანს მიუახლოვდა, გეგონება, მასთან საუბრობსო, იქით ჰქონდა მიპყრობილი ყურადღება, პასუხს არ დალოდებია, იქვე აღნიშნა:

– ძალიან ვიწრო ვენები გაქვთ.

„თავს იმართლებს, მაგრად მაწვალა“,  – მიხვდა პაციენტი და თემა რომ შეეცვალა, ამიტომ ჰკითხა:

– მეზობელ პალატაში რადიო აქვთ?

– რადიო? – არა. შეგაწუხათ ვინმემ? – ჩამოხედა ექთანმა პაციენტს.

„არ შეიძლება არაფრის თქმა, საგიჟეთში გამაქანებენ“, – შეშფოთდა დეა, რადგან იქვე გააცნობიერა, – ბიჭუნა, ვინც მენდელსონის საქორწინო მარშს მღეროდა – ხმა იყო.

სამი ხმა: გაბოროტებული ყმაწვილი, სოლიდური პროფესორი და სევდიანი ბიჭუნა.

– არა, – თქვა დეამ, – არავინ მაწუხებს.

– თქვენი ნევროპათოლოგი დაუკავშირდა მთავარ ექიმს, მეგობრები ყოფილან, თქვენზე საუბრობდნენ, – თქვა ექთანმა და კარისკენ გადადგა ნაბიჯი.

„ახვარი“, – იფიქრა დეამ, – „ესეც ნიშანია? მაშინ ვიფიქრე, ნიშანია – მეთქი, ფეისბუქით რომ შემომთავაზა მეგობრობა; ნევროპათოლოგის ჩაქუჩის მოპარვა ჩავიფიქრე და ახლა ვგიჟდები, ახვარი ეგ, ახვარი“, – იფიქრა ისევ და თავი რომ არ გაეცა, თვალები დახუჭა.

ექთანი პალატიდან გავიდა.

„ის დაწყევლილი დღე, ის დაწყევლილი დღე, რა დღე იყო, ბიზეს კარმენს ვუსმენდი, მაგრამ რა დღე იყო? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. მომიკითხა, თურმე, ახვარმა, ახვარი ეგ“… – გულისცემა აუჩქარდა.

 

1 2