თეთრი კაცი წამოჯდა. არსატი ადგა და იდგა გაოცებული და მდუმარი სხეული ცეცხლის მიმქრალ ნაკვერჩხლებთან. ლაგუნაზე ნისლი ჩამოწვა და ძირს დაშვებული მოიპარებოდა, ნელ-ნელა შლიდნენ ვარსკვლავთა კაშკაშა სახეებს. ახლა დიდმა თეთრმა ორთქლმა დაჰფარა მიწა: ცივად და ნაცრისფრად მოიწევდა სიბნელეში, უხმაუროდ უტრიალებდა მორებსა და სახლის ბაქანს, რომელიც თითქოს მიტივტივებდა ზღვის დაუღალავ და მიუწვდომელ მირაჟში; თითქოს ერთადერთი რამ იყო გადარჩენილი სამყაროს რღვევას, იმ ტალღოვანსა და უხმო აჩრდილად წარღვნისა. მხოლოდ შორს მოჩანდა ხეთა კენწეროები, გამოსახულნი ზეცის ციმციმში, ვით ზვიადი და უკარება ნაპირი – მაცდური, უწყალო და შავი სანაპირო.

ხმამაღლა ათრთოლდა არსატის ხმა ღრმა სიწყნარეში.

”ის მყავდა იქ! ის მყავდა! მისი გულისთვის კაცობრიობას აღვუდგებოდი წინ. მაგრამ ის მყავდა… და…“

მისი სიტყვები წკრიალით შეერივნენ ცარიელ შორეთს. დადუმდა და თითქოს უსმენდა, როგორ მიწყდნენ შორითშორს – დახმარებისა და გამოძახილს მიღმა. მერე მშვიდად თქვა . . .

”ტუან, მე მიყვარდა ჩემი ძმა.”

ქარის წამოქროლამ ააცახცახა. მის თავს ზემოთ ნისლი ჩამოდგა მდუმარე ზღვაზე, პალმების ძირს დაშვებული ფოთლები ჩხრიალებდნენ ერთობლივ, მგლოვიარე და მინავლებული ხმებით. თეთრმა კაცმა გაშალა ფეხები. ნიკაპი მკერდს დააყრდნო და სევდიანად წაიდუდუნა თავაუწევლად.

”ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ძმები.”

მძაფრი და მკაცრი ჩურჩული აღმოხდა არსატს.

”რა მენაღვლება, ვინ დაიღუპა? მე ჩემი გულის სიმშვიდე მსურდა.”

თითქოს რაღაც შეიძრა სახლში – მიაყურადა – მერე შევიდა უხმაუროდ. თეთრი კაცი ადგა. ნელი ნიავი ცახცახით წამოუქროლებდა. ვარსკვლავები გაფერმკრთალებულიყვნენ, თითქოს უსასრულო სამყაროს გაყინულ სიღრმეებში დაეხიათ. ცივი ქარის შემობერვის შემდგომ, რამდენიმე წამს სრული სიწყნარე და სეუმკრთალი მდუმარება ჩამოწვა. მერე ტყის შავი და ტალღოვანი ზოლიდან ოქროსფერი ნათელი აღმობრწყინდა და აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ნახევარწრედ გაიშალა. მზე ამოცურდა. ნისლი აიკრიფა, დანაკუწდა, გაჰქრა თხელ მოფარფატე გირლანდებად ქცეული. და საბურველახდილი ლაგუნა გადაშლილიყო შავად გაპრიალებული, ხეთა კედლისძირა ჩრდილში. თეთრი არწივი დაბოინობდა, გვერდზე მძიმედ გადახრილი,  მზის შუქზე გამოსული წამით გაბრწყინდა, მერე უფრო ზევით აჭრილი, ბნელ და უძრავ ლაქად იქცა სილურჯეში, თითქოს სამუდამოდ მიეტოვებინოს მიწა. თეთრი კაცი კართან იდგა და ზემოთ იმზირებოდა, ესმოდა დაბნეული და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბურტყუნი, რასაც ხმამაღალი კვნესა მოჰყვა. მოულოდნელად არსატი გამობარბაცდა გაწვდილი ხელებით, ცახცახებდა და ერთხანს იდგა რაღაცას მიჩერებული. მერე თქვა:

”აღარ იწვის”.

მის პირდაპირ მზე ბეჯითად ამოდიოდა და სცილდებოდა ხეთა კენწეროებს. გრილმა ნიავმა დაუბერა; დიადი ბრწყინვალება მოეფინა ლაგუნას, აბრწყინდა მოქანავე წყალზე. ტყეები გამოეყვნენ ჩრდილებს დილის სინათლეზე, გარკვევით გამოჩნდნენ, თითქოს ახლოს მოცვივდნენ – იქვე დადგნენ ფოთოლთა შრიალით, რტოთა რხევით და ტოტების ქნევით. უწყალო მზის შუქზე სიცოცხლის გაუცნობიერებელი ჩურჩული გაძლიერდა, ალაპარაკდა გაურკვეველი ხმით ადამიანური მწუხარების ყრუ სიბნელის ირგვლივ. არსატი ნელიად აცეცებდა თვალებს, მერე ამომავალ მზეს მიაჩერდა.

”ვერაფერს ვხედავ,” ხმამაღლა უთხრა თავს.

”არც არაფერია,” მიუგო თეთრმა კაცმა, ბაქნის ნაპირთან მივიდა და თავის ნავს ხელი დაუქნია. მკრთალმა ძახილმა გადაუარა ლაგუნას და სამპანი გამოსრიალდა აჩრდილთა მეგობრის სამყოფელისაკენ.

”თუ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე, მთელი დილა დაგელოდები,” უთხრა თეთრმა კაცმა და წყალს გაჰხედა.

”არა, ტუან,” რბილად უპასუხა არსატმა. ”ამ სახლში ვეღარც ვჭამ და ვეღარც დავიძინებ, მაგრამ ჯერ ჩემს გზას უნდა გავხედო. ახლა ვერაფერს ვხედავ – ვერაფერს! ქვეყნად არაა სინათლე და მშვიდობა; მხოლოდ სიკვდილია – სიკვდილი მრავალთათვის! ჩვენ ერთი დედის შვილები ვიყავით _ და მე იგი მივატოვე მტრებით გარშემორტყმული, მაგრამ  ახლა ვბრუნდები.”

ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო სიზმარეული ხმით.

”ცოტახანში ისე ნათლად დავინახავ, რომ დარტყმა შევძლო, დარტყმა. მაგრამ დაიამლინი მოკვდა და ახლა წყვდიადია.”

მკლავები ფართოდ გაშალა და დაუშვა. მერე იდგა უძრავი სახით და გაქვავებული თვალებით და მზეს მისჩერებოდა. თეთრმა კაცმა თავის კანოეს ჩააკითხა. ჭოკოსნები ცქვიტად დარბოდნენ ნავის გასწვრივ, ცერად გამოიცქირებოდნენ დამქანცველი მოგზაურობის წინ. კიჩოს ზემოთ მოჩანდა  თეთრი ქსოვილით დაბურული თავი, მესაჭე იჯდა დინჯად, ნიჩაბი წყალში ჩაეყო. თეთრი კაცი ორივე მკლავით დაყრდნობოდა მცირე კაბინის მწვანე სახურავს; გასცქეროდა ნავსუკან მოდევნებულ ჭავლს. ვიდრე სამპანი მდინარეს გასცდებოდა და ზღვაში შევიდოდა, თვალები ასწია. არსატი უძრავად იდგა. ახალამოსული მზის ნათელში თვალისჩინს ეძებდა, სახლის წინ მდგარი უღრუბლო დღის დიად ნათელში ჯერაც ჭვრეტდა მსოფლიოს უნუგეშო წყვდიადს.

ინგლისურიდან თარგმნეს

პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

1 2 3 4