„დიდი ხანია ავად არის?“ იკითხა მოგზაურმა.

„ხუთი ღამეა არ მიძინია,“ აუჩქარებლად მიუგო მალაიზიელმა. „თავდაპირველად წყლიდან ძახილი მოესმა , ვცდილობდი შემეჩერებინა მაგრამ მებრძოდა, დღეს კი, მზის ამოსვლის შემდეგ, აღარაფერი ესმის ჩემი, ვეღარაფერს ხედავს – ვერც მე მხედავს – ვერც მე“. მალაიზიელი ცოტა ხნით შეჩერდა , შემდეგ ჩუმად იკითხა „ტუან, მოკვდება?“

„ ვშიშობ ჰო“, სევდიანად მიუგო თეთრმა კაცმა. მან არსატი შორეულ ქვეყანაში ხიფათისა და უბედურების ჟამს გაიცნო, როცა მეგობრობას გვერდს ვერ აუვლიდა კაცი და მას შემდეგ მისი მალაიზიელი მეგობარი ლაგუნაზე, პატარა ქოხში, უცნობ ქალთან ერთად დასახლდა. თეთრ კაცს მოგზაურობებისას აქ არაერთი ღამე გაეტარებინა. მას მოსწონდა კაცი, რომელსაც რწმენის შესანარჩუნებლად რჩევა არ სჭირდებოდა, და რომელმაც იცოდა, თუ როგორ ებრძოლა უშიშრად მისი  თეთრკანიანი მეგობრის გვერდით. მას მოსწონდა იგი – შესაძლოა ისე არა, როგორც კაცს თავისი საყვარელი ძაღლი მოსწონს ხოლმე – მაგრამ იმდენად, რომ შეეძლო უსიტყვოდ დახმარებოდა. შეეძლო თავის ფიქრებთან ერთად  ეფიქრა მარტოსულ კაცსა და გამბედავი სახისა და მოზეიმე თვალებიან, გრძელთმიან ქალზეც, რომლებიც  ცხოვრობდნენ ტყით დაფარულნი – მარტონი და მოშიშარნი.

თეთრი კაცი ქოხიდან გამოვიდა რათა მზის ჩასვლის უზარმაზარი ელვარებისთვის  შეევლო თვალი. მზე სწრაფ და თითქმის შეუმჩნეველ ჩრდილებს აგზავნიდა ზეცაში, ჩრდილი შავი ორთქლივით დიდდებოდა და ძლიერდებოდა, ხეთა კენწეროებს ზემოთ ალისფრად მოტივტივე ღრუბლებსა და გარდასული დღის წითლად მოკაშკაშე სინათლეს აფერმკრთალებდა. რამდენიმე წამში  ვარსკვლავები დედამიწის უკუნეთში მიიმალნენ. დიდი ლაგუნა არეკლილი სხივებით შეფერმკრთალდა , უდაბურ, უიმედოსა და უძირო წყვდიადში გადასროლილ ღამის ცის ლაქებს დაემსგავსა.

თეთრმა  კაცმა კალათიდან საკვები ამოიღო და  ივახშმა,  შემდეგ ბაქანიდან ფიჩხი აკრიფა და კოღოების დასაფრთხობად პატარა ცეცხლი დაანთო, საბანში გაეხვია და ზურგი ლერწმით დაფარულ სახლის კედელს მიაყრდნო, თან ჩაფიქრებული ეწეოდა თამბაქოს.  არსატი უხმოდ გამოვიდა დერეფანში და ცეცხლთან ჩაიკეცა, თეთრმა კაცმა გაშლილი ფეხი ოდნავ შეარხია.

„ სუნთქავს“, ჩუმად თქვა არსატმა. წინათგრძნობითა და  მოლოდინით აღსავსემ. „ სუნთქავს და ცეცხლივით იწვის“, ცოტახნით შეყოვნდა, შემდეგ ჩუმი და უინტერესო ხმით იკითხა, “ ტუან…მოკვდება?“  თეთრმა  კაცმა მხრები შეშფოთებით აიჩეჩა და ყოყმანით ჩაიბუტბუტა :

„ თუკი ასეთია მისი ბედი“ .

„  არა ტუან“-მშვიდად წარმოთქვა არსატმა, „ თუ ჩემი ბედია ასეთი, მე მესმის, ვხედავ, ველოდები, მე მახსოვს …. ტუან, გახსოვს წარსული?  ჩემი ძმა გახსოვს?“

 „ მახსოვს“, მიუგო თეთრმა კაცმა. მალაიზიელი უეცრად წამოდგა და შინ შევიდა, მეორე გარეთ დარჩა, ქოხიდან არსატის ხმა ესმოდა: „გამიგონე! ილაპარაკე!“ ამ სიტყვებს სიჩუმე მოჰყვა, „ო, დაიამლინ!“ იგი უეცრად ატირდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, გარეთ გამოვიდა და კვლავ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ისინი ცეცხლთან ისხდნენ  მდუმარებაში. ქოხიდან ხმა არ ისმოდა, ხმა არსაიდან ისმოდა, მხოლოდ მოშორებით, ლაგუნაზე მენავეთა ხმა გაიგონებოდა, გარკვევით ჟღერდა წყნარსა და უძრავ წყალზე. მოშორებით, სამპანთან ცისარტყელა ბუნდოვანი სიწითლით ანათებდა. ცოტახნის შემდეგ კი სრულიად ჩაქრა; ხმებიც მიწყდა, წყალსა და ხმელეთს  მდუმარე და იდუმალი ძილით ჩაეძინათ. ყველაფერი ისე იყო, თითქოს ვარსკვლავთა მუდმივად მედიდური ბრწყინვალე სიკაშკაშისა და ბნელი ღამის მდუმარების გარდა ქვეყანაზე არაფერი არსებულა. ღამის წყვდიადში თეთრი კაცი ფართოდ გახელილი თვალებით მალაიზიელს მისჩერებოდა. სიკვდილის შიშმა, მომხიბვლელობამ და ამავდროულად მისადმი ინტერესმა  რასის გამო არსებული უნდობლობა გაუქარწყლა, აღსასრულმა, მოახლოებულმა, უხილავმა და გარდუვალმა აღსასრულმა მასში უაღრესად ბუნდოვანი და შინაგანი ფიქრები აღძრა. ირგვლივ გამეფებულ ღრმა და მდუმარე სიჩუმეში მუდმივად მზადმყოფმა, ჩვენს გულებში ჩამალულმა მტანჯველმა ბოროტებამ ამოხეთქა. სიჩუმე უსიამოვნოდ, საძრახისად აქცია და უსამართლო ძალადობის აღუშფოთველ და შეუღწეველ ნიღბად გარდაქმნა. უშფოთველად მოკიაფე ვარსკვლავთა შუქში გარემოცული მისი არსებობის ეს წუთიერი და ძლიერი მღელვარება არაადამიანური პაექრობის,  დაუცხრობელ სურვილთა და შიშის მოუსვენარ, მისტიკურ და ბუნდოვან სამყაროდ  გადაიქცა, სადაც საშინელი და სულმდაბალი, მაგრამ ამავდროულად მომხიბვლელი და შთამბეჭდავი ზმანებანი ჩვენს უმწეო გულთა დასაპყრობად თავგამოდებით იბრძვიან საომარ ველზე.

ღამის სევდიანი დუდუნი გაისმა. დამამწუხრებელი და განმაცვიფრებელი დუდუნი. თითქოს განმარტოვებული ხეები თავიანთი ვეება და მედიდური განსხვავებულობის შესახებ ყურში ჩასჩურჩულებდნენ.   ჰაერში ირგვლივ გაურკვეველი ხმები გაისმოდა, შემდეგ სიტყვებად გარდაიქმნებოდნენ და ბოლოს მშვიდად ჩაცვივდებოდნენ წყნარ და მოსაწყენ წინადადებათა მოდუდუნე ღელეში. არსატი ახალგამოღვიძებული კაცივით ოდნავ გაინძრა, უმოძრაო და დაბნეული იჯდა ვარსკვლავებს ქვემოთ და დაბალი, მეოცნებე ტონით საუბრობდა.  „ ვის შეიძლება გაუზიაროს კაცმა მძიმე გასაჭირი, თუ არა მეგობრებს? კაცმა ომზეც უნდა ისაუბროს და სიყვარულზეც. ტუან, შენ იცი, რა არის ომი, შენ მხედავდი გასაჭირისას, როცა სხვები გადარჩენას ლამობდნენ – მე სიკვდილს დავეძებდი. ნაწერი შეიძლება დაიკარგოს,  სიცრუეც შეიძლება დაიწეროს,  მაგრამ რაც ერთხელ თვალმა იხილა, ჭეშმარიტებაა და სამუდამოდ დარჩება გონებაში!“

„მახსოვს“ , მშვიდად თქვა თეთრმა კაცმა. არსატმა სევდიანად და თავდაჭერილად განაგრძო:

„ მაშ სიყვარულზე გესაუბრები, გესაუბრები ღამით, მანამ, სანამ ორივე, ღამეც და სიყვარულიც, წავიდოდეს და ჩემს მწუხარებასა და სინანულში დღის თვალი შემოიხედავდეს, მიანათებდეს ჩემს დამწვარ გულსა და ჩაშავებულ სახეს“. შემდეგ იყო მკრთალი ამოოხვრა, თითქმის შეუმჩნეველი შეყოვნება და  მისმა სიტყვებმა მღელვარებისა და შფოთვის გარეშე კვლავ ამოხეთქა.

    „ ომისა და უბედურების დასრულების შემდეგ  შენ ჩემი ქვეყანა დატოვე და შენს სურვილთა, წადილთა საძიებლად წახვედი. მე და ჩემი ძმა კი კვლავ მმართველის მახვილის მტვირთველნი გავხდით. შენ იცი, ჩვენ იმ ოჯახიდან ვართ, რომელიც მმართველ რასას მიეკუთვნება, ამიტომ ჩვენი სამსახური ჩვენივე მხრებით  სიძლიერის სიმბოლოს ტარებაა. წარმატების დროს სი დენდრინგმა ჩვენდამი მოწყალება მოიღო, რადგანაც ომის დროს ჩვენ სიმამაცე და ერთგულება გამოვიჩინეთ. მაშინ მშვიდობიანი ჟამი იდგა,  როცა მამლებს აჩხუბებდნენ და ირმებზე ნადირობდნენ. ჟამი, როცა მუცელამოვსებული კაცები, რომელთაც იარაღი დაჟანგვოდათ, უსაქმოდ ლაქლაქებდნენ და სულელურად კინკლაობდნენ. მთესავი თესდა და თვალს ადევნებდა ბრინჯის ზრდას, მოვაჭრენი მოდიოდნენ და  მიდიოდნენ , გამხდრები სუქდებოდნენ და მერე მშვიდად მიუყვებოდნენ დინებას. მათ მოჰქონდათ ახალი ამბები, მოჰქონდათ სიცრუე და სიმართლე ერთდროულად, ისე, რომ ვერავის გაეგო, როდის ელხინა და როდის ეხარა. შენზეც მათგან შევიტყეთ. ისინი აქა-იქ გხედავდნენ,  მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ შენზე ვგებულობდი. მახსოვს მღელვარების დრო და ყოველთვის მახსოვდი შენ, ტუან, მანამ, სანამ ის დრო დამიდგებოდა, როცა ჩემს თვალებს არავის დანახვა აღარ შეეძლოთ, რადგანაც  მხოლოდღა ერთს ხედავდნენ, მას, ვინც ახლა ქოხში კვდება. ის შეჩერდა, რათა ხმამაღალი ჩურჩულით წამოეყვირა : „ ო მარა ბაჰია!“ „ ო მწუხარებავ!“

შემდეგ ცოტა ხმამაღლა განაგრძო. „არ არსებობს ძმაზე უარესი მტერი და უკეთესი მეგობარი. ტუან, მხოლოდ ძმა იცნობს ძმას ყველაზე უკეთ და  სწორედ ეს  არის სიძლიერე სიკეთისთვისაც და ბოროტებისთვისაც. მე მიყვარდა ჩემი ძმა, მივედი და ვუთხარი, მხოლოდ ერთი სახის დანახვა შემიძლია. ვერაფერს ვისმენ, გარდა ერთი ხმისა-მეთქი, მან კი მიპასუხა – „გახსენი  გული, რომ  შეძლოს დაინახოს, რა არის მასში – და მოითმინე, მოთმინება სიბრძნეა“.  მეც ვიცდიდი, შენ გახსოვს პირბადიანი ქალბატონი,  ტუან, გახსოვს შიში ჩვენი მმართველის მიმართ, მისი ცბიერება და ხასიათი, მას რომ ხარჭად მონდომებოდა, რა უნდა მეღონა? მაგრამ მე ოდნავი გამოხედვითა და მალული სიტყვებით ჩემს მშიერ გულს ვკვებავდი.

 

 

 

 

1 2 3 4