ნავის კიჩოზე მოწყობილი კაბინის სახურავზე ორივე მკლავით დაყრდნობილმა თეთრმა კაცმა მესაჭეს მიმართა: „ღამეს არსატის მდელოზე გავათევთ, გვიანია“. მალაიზიელმა  მხოლოდღა ჩაიბუზღუნა და  კვლავ დაჟინებით  ჩააცქერდა მდინარეს. თეთრმა კაცმა ნიკაპი გადაჯვარედინებულ მკლავებს დააყრდნო და კილვატერს მიაჩერდა.   მდინარის ძლიერი ელვარებით გადაკვეთილი ტყის სწორი ხეივნის ბოლოს, მზე უღრუბლო და თვალისმომჭრელი ჩანდა, ჰორიზონტს შეთანადებული,  ლითონის ზოლივით გასწორებული ლაპლაპებდა მდინარის ზედაპირზე. პირქუში და ბუნდოვანი ტყე უმოძრაოდ და მდუმარედ ჩამწკრივებულიყო ფართო მდინარის ორივ მხარეს,  ნაპირზე, ტალახში, დიდი და მაღალი ხეების ძირას უღერო პალმები ამოწვერილიყო და ყავისფერი მორევის ზემოთ მძიმე, ვეება ფოთოლთა კონებად ურხევად ეკიდა. ჰაერის სიმშვიდეში, ყოველი ხე, ფოთოლი,  მცენარეთა პაწაწინა ტოტები  და ხეთა წვრილი ფურცელები გარინდებულსა და სრულყოფილ უძრაობაში მოჯადოებული ჩანდა. მდინარეში არაფერი ირხეოდა, გარდა რვა ნიჩბისა, რომელნიც დროდადრო გაიელვებდნენ და აშხეფებდნენ. მესაჭე მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევისას ნიჩაბს თავსზემოთ გადაიტარებდა, და აქაფებული წყალი ნავის გვერდებს დაბნეული დგაფუნით ეხეთქებოდა. მდინარის გასწვრივ მიმართული, წუთიერ სიმშვიდეში ჩაფლული თეთრი კაცის კანოე თითქოს ხმელეთის კარიბჭეში შესვლას ლამობდა, სადაც მოძრაობის შესახებ სამუდამოდ დავიწყებოდათ.

დაისისაკენ ზურგშექცეული თეთრი კაცი შესართავის დაცარიელებულ და უკიდეგანო სივრცეს გასცქეროდა. გაუბედავი და მოხეტიალე მდინარე,  უკანასკნელი სამი მილის მანძილზე  თითქოს გაშლილი ჰორიზონტის თავისუფლებით ნაცდუნები, პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა, ჩაედინებოდა აღმოსავლეთით, სადაც თავს აფარებს სინათლეცა და სიბნელეც. ჩიტების შეუჩერებელი და სუსტი,  თითქოსდა შეუფერებელი ჭიკჭიკის თანხლებით კი ნავის კიჩო სწორი მდინარის ზედაპირზე ამოყვინთავდა და ისევ ჩაიკარგებოდა მანამ, სანამ ქვეყნიერების სულგანაბულ სიმშვიდეში ჩაფლულ სანაპიროს მიაღწევდა.

მესაჭე წინ გადახრილიყო და დაძაბული მკლავებით მტკიცედ ჩასჭიდებოდა წყალში ჩაშვებულ ნიჩბებს. წყალი ხმამაღლა ბუყბუყებდა. უეცრად მდინარის წაგრძელებულმა, სწორმა წელმა თითქოს თავისი ღერძის გარშემო იწყო ბრუნვა, ტყეები  აქეთ-იქეთ ქანაობდნენ ნახევარწრეში. დაისის დახრილი სხივები ცეცხლოვანი მხურვალებით ეხებოდნენ კანოეს ბორტს და სუსტ, დახრილ ჩრდილებს უგზავნიდნენ უჩვეულო ელვარებით შეფერილ მდინარის ზედაპირს. თეთრი კაცი შემობრუნდა, რათა წინ გაეხედა, ნავის კურსი მარჯვნივ შეაბრუნა  და ხომალდზე ამოკვეთილი დრაკონის თავი ახლა უკვე ნაპირზე ჩამწკრივებულ ხეთა ნაპრალებისკენ შეტრიალდა და მდინარეზე მდორედ მოძრაობდა, ჰაერში დაკიდებულ წვრილ ტოტებს ოდნავ შეეხებოდა და ისევ გაქრებოდა წყლისა და ხმელეთის იმ წვრილ ქმნილებასავით, რომელიც მდინარეს ტოვებს, რათა თავი ტყეს შეაფაროს .

მდინარის ვიწრო შესართავი არხს დამგვანებოდა, დაკლაკნილსა და წარმოუდგენლად ღრმას.  წყვდიადით აღვსილიყო უღრუბლო და თვალისმომჭრელად ლურჯი ცის ვიწრო ზოლქვეშ. უზარმაზარი ხეები ცაში აჭრილიყვნენ და უჩინრად იდგნენ  მცოცავ მცენარეთა რკალად ჩაშვებულ მოფარდაგულ ფოთლებუკან.  წყლის მოლაპლაპე უკუნეთში აქა-იქ, მცირე გვიმრათა ნაკვალევს შორის, მაღალი ხეების დაგრეხილი ფესვები შავი და პირქუში  ჩანდა, დაკლაკნილნი და უმოძრაონი,  შეპყრობილ გველს დამსგავსებულნი. სქელსა და პირქუშ  მცენარეებს შუა, მდინარეში,  ნიჩბების წუთიერი დგაფუნი ხმამაღალ ექოსავით გაისმოდა. შეუღწეველ ტყეთა სურნელოვანი, მომწამვლელი, იდუმალი და უძლეველი წყვდიადი ხეებსშუა თანდათანობით უჩინარდებოდა, ტოვებდა მცოცავი მცენარეებით გადახლართულ ლაბირინთებს, უჩვეულო და შეურხევ ფოთლებს.

წყალმარჩხ ნაკადში მამაკაცები ნავს  ჭოკის კვრით მიაცურებდნენ. მდინარის ფართო შესართავი უძრავი ლაგუნის სივრცეში შეჭრილიყო. ჭაობიანი ნაპირიდან ტყეები თანდათან უჩინარდებოდნენ, ტოვებდნენ  ლურჯი ცის მიერ არეკლილ,  ჩარჩოში მოქცეულ ლერწმებიან მდელოსა და მის კაშკაშა მწვანე ზოლს. ზემოთ, მოწითალო ქულა ღრუბლები მდინარის დინებას მიჰყვებოდნენ და მოტივტივე ფოთლებისა და ვერცხლისფრად აყვავებული ლოტოსის ქვეშ ოდნავ შეფერილ კვალს ტოვებდნენ. მაღალ ხიმინჯებზე მოშავო პატარა სახლი იდგა. იქვე ახლოს – თითქოს უკან ტყეებიდან ამოსული  ორი მაღალი  პალმა, მოწყენილი სინაზის ელფერით, ოდნავ დაეხარათ დაკბილული, ფოთლოვანი და ჰაერში მოლივლივე თავები.

მესაჭემ ნიჩბებზე მიუთითა და თქვა: „არსატი აქ არის, ხიმინჯებს შუა მის კანოეს ვხედავ“ . მეჭოკეები ნავისაკენ ცერად გამოიცქირებოდნენ ერთდღიანი მგზავრობის ბოლოს.  ცხადია, ისინი სხვაგან ამჯობინებდნენ ღამის  გათევას და არა ამ ლაგუნაზე, რომლის სახელიც გაურკვეველ გარემოებებსა და აჩრდილებს უკავშირდებოდა. მეტიც, მათ არსატი არ მოსწონდათ, რადგან მათთვის უცხო იყო და თან დანგრეული სახლი  აღადგინა, შემდეგ დასახლდა და გამოაცხადა, სულაც არ მეშინია კაცობრიობისაგან მიტოვებულ ადგილებზე მობორიალე სულებს შორის ვიცხოვროო;  ასეთ კაცებს თავისუფლად  შეეძლოთ მზერით ან სიტყვიერად   ბედისწერის შებრუნება. მაშინ,  როდესაც უბრალო მოგზაური იოლად ვერ მოიპოვებს  აჩრდილთა კეთილგანწყობას. მაგრამ თეთრი კაცები  ამაზე სრულებითაც არა  ღელავდნენ, რადგან ურწმუნოები იყვნენ  და ბოროტების მამასთან გარიგებულნი, უვნებლად რომ გადაარჩენდათ ამა ქვეყნის სიავისაგან. მართალთა გაფრთხილებებს შეურაცხმყოფელ გამოწვევას უხვედრებენ ურწმუნოებისა. აბა აქ რა უნდა გააწყო?

ამას ფიქრობდნენ,  როცა თავიანთი ჭოკების ბოლოზე ეკიდებოდნენ. დიდი კანოე იალქნების ხმაურით, მსწრაფლ და სწორად  მოსრიალებდა   არსატისკენ, ნავზე კი გატყორცნილ ჭოკთა რაკუნი ისმოდა და ბუტბუტი: „დიდება ალაჰს!“  სახლის ქვემოთ, მრუდე ხიმინჯებზე წყნარი კაკუნი გაისმა. გახარებულმა მენავემ მოულოდნელად დაიყვირა : „არსატ! ო, არსატ !“ მაგრამ არავინ გამოჩენილა. თეთრმა კაცმა სახლის წინ, ბაქანზე ბამბუკის კიბე მიადგა, ნავის შკიპერმა გაბრაზებით ჩაიბუტბუტა: „ალბათ საჭმელს სამპანში მოვამზადებთ  და  წყალზე დავიძინებთ“.

„საბანი და კალათი მომაწოდე „მოკლედ მიმართა თეთრმა კაცმა და ბოხჩის ასაღებად ნავის კიჩოზე დაიჩოქა. შემდეგ ნავს ხელი ჰკრა და ფეხზე წამომდგარი  უეცრად არსატს შეეჯახა,  რომელიც ის-ის იყო  ქოხის დაბალი კარიდან გამოსულიყო. ეს იყო მელოტი, ღონიერი და ახალგაზრდა კაცი, განიერი გულმკერდიანი და დაკუნთულ მკლავებიანი. სარონგის* გარდა ტანთ არაფერი ემოსა.  მისი დიდი, ნაზი

  • სარონგი – ქსოვილის გრძელი, შემოსახვევი სამოსი, ძირითადად წელზე იმაგრებენ.
  • ტუან – პატივისცემით მიმართვა მალაიზიაში – ბატონი.

თვალები მოლოდინით აღსავსე მისჩერებოდნენ თეთრ კაცს, შემდეგ მიუსალმებლად, დინჯი ხმით იკითხა: „წამალი გაქვს ტუან?“

„არა „_ შეშფოთებით მიუგო სტუმარმა. „ არა, რატომ მეკითხები? სახლში ავადმყოფია?“

„ შემოდი და ნახე“ _უთხრა არსატმა. ისევ ისეთივე სიმშვიდით,  ოდნავ მოტრიალდა და ვიწრო შესასვლელში შევიდა. თეთრმა კაცმა ბოხჩა დააგდო და უკან მიჰყვა.

მკრთალ სინათლეში ბამბის ფართო, წითელ ზეწარში გახვეული ქალი უსიცოცხლოდ იწვა ბამბუკის დივანზე. იწვა მეტად მშფოთვარი და სრულიად უგონო,  ვიწრო ნივნივებისკენ აპყრობილი, ფართოდ გახელილი, დიდი, უმოძრაო თვალები ვარსკვლავივით უციმციმებდა წყვდიადში. ლოყები ოდნავ ჩაცვენოდა, პირი ღიად დარჩენოდა და ახალგაზრდა სახეზე ავბედითი, გარინდებული გამომეტყველება აღბეჭდვოდა, თითქოს აღსასრულს ელოდებაო. მამაკაცები ჩუმად დაჰყურებდნენ ქალს.

 

 

 

1 2 3 4