დღისით უსაქმოდ ვიდექი ბილიკთან და, როცა მზე ტყეს ჩაეფარა, ჟასმინისაგან გარშემოხვეული  ეზოსაკენ გავცოცდი. წარმოუდგენელია, ერთმანეთს ფოთლებისა და ყვავილების სურნელში ვესაუბრებოდით,  გრძელი ბალახის წვეროები კი   ჩვენს ტუჩებს ეხებოდა. ასეთი დიდებული იყო ჩვენი გრძნობა, ასეთი მტკივნეული – ჩვენი დიდი სურვილის დუდუნი. დრომ სწრაფად გაირბინა, ქალებს შორის ჭორი დაირხა და მტრებიც გვითვალთავლებდნენ.  ჩემი ძმა პირქუშად გამოიყურებოდა, მე კი მკვლელობასა და მამაცურ სიკვდილზე დავიწყე ფიქრი.  ჩვენ ის ადამიანები ვართ, რასაც კი  მოისურვებენ, ყველაფერს რომ იღებენ, შენსავით, თეთრკანიანო. დგება დრო, როცა კაცმა თავისი ერთგულება და პატივისცემა უნდა დაივიწყოს. სიძლიერე და ავტორიტეტი მმართველებს ხვდათ წილად, მაგრამ სიყვარული, ძლიერება და სიმტკიცე – ყველა მამაკაცს.  „მათ ხელთაგან უნდა იხსნა. ჩვენ ორნი  ერთმანეთს ვგავართ“-  მითხრა ჩემმა ძმამ.  „ ოღონდ მალე მოხდეს, თორემ სხივი, მის თავს ზემოთ თუ არ ანათებს,  ვეღარ მათბობს.“

როცა მმართველი და ყველა წარჩინებული ჩირაღდნების შუქზე მდინარის შუაგულში სათევზაოდ შევიდნენ, ჩვენი დროც დადგა. იქ ასობით ნავი ტივტივებდა.  წყალსა და ტყეებს შუა, თეთრ ქვიშაზე, რაჯას ოჯახისათვის ფოთლებით საცხოვრებელი აეშენებინათ. საკვების მომზადებისას თეთრი კვამლი  საღამოს ლურჯ  ნისლს დამსგავსებოდა  და მასში უამრავი მხიარული ხმა ირეოდა.  ვიდრე ისინი თევზების დასაჭერად გემებს ამზადებდნენ , ჩემი ძმა მოვიდა და მითხრა : „ამაღამ!“  მე იარაღს დავხედე და, როცა დრო დადგა, ჩვენმა კანოემ  ჩირაღდნით განათებული ნავების წრეში თავისი ადგილი დაიკავა, წყალში შუქმა გაიელვა , მაგრამ გემებს მიღმა სიბნელე სუფევდა. როდესაც ყვირილი გაისმა და აღელვებამ ისინი გიჟებს დაამსგავსა, ჩვენ მოვცილდით, ჩირაღდანი წყალში ჩავაქრეთ და ბნელ ნაპირზე გამოვედით, სადაც აქა-იქ ანათებდა ღადარი. ორღობეში მონაქალების საუბარი გვესმოდა, შემდეგ მიტოვებული და მშვიდი ადგილი ვიპოვნეთ. იქ დაველოდეთ, იგი მოვიდა. გამალებით  მორბოდა ნაპირისაკენ, თანაც ისე, რომ კვალსაც არა ტოვებდა იმ ფოთოლივით, ზღვაში ქარი რომ ატივტივებს. „წადი და წამოიყვანე ჩვენთან ნავში,“ პირქუშად მითხრა ძმამ. მე იგი ხელში ავიყვანე .  ქოშინებდა, გული ჩემს გულმკერდზე უცემდა. „ ამ ხალხს მოგაშორებ“, ვუთხარი მე. „შენ ჩემი გულის ძახილს გამოეპასუხე და ჩემი ხელები ნავში ჩაგსვამენ ძლიერთა ნების მიუხედავად.“  „მართალია“- თქვა ჩემმა ძმამ. „ჩვენ ის ხალხი ვართ, იმას რომ იღებენ, რაც  სურთ, და დაიცავენ მრავალთაგან. დღის სინათლეზე უნდა წაგვეყვანა“. „მოდი წავიდეთ“ – ვთქვი და  მმართველსა და მის კაცებზე დავიწყე ფიქრი, „ჰო, მოდი წავიდეთ“ – თქვა ჩემმა ძმამ. „ჩვენ ახლა გარიყულნი ვართ და ეს ნავი ახლა ჩვენი სამყაროა, ზღვა კი – თავშესაფარი“. იგი ოდნავ შეყოვნდა სანაპიროზე, მაგრამ  მე  ავაჩქარე, მახსოვს მისი გული როგორ  ეხებოდა  ჩემს გულმკერდს და თან ვფიქრობდი, ორი კაცი ასს როგორ გაუმკლავდება-მეთქი.

ნიჩბები მოვუსვით, დინებას დავუყევით ნაპირთან ახლოს; და როცა იმ ყურეს ჩავუარეთ, სადაც ისინი  თევზაობდნენ, ძალიან აღარ გაჰყვიროდნენ, მაგრამ ხმები ისე მაღლა მოისმოდა, როგორც მწერთა ბზუილი შუადღისას. ერთად შეჯგუფული ნავები ტივტივებდნენ ჩირაღდნების წითელ შუქზე, კვამლის შავ საფარქვეშ; და კაცები თავის მოხერხებულობაზე საუბრობდნენ. კაცები ტრაბახობდნენ და თავს იქებდნენ და იცინოდნენ – ეს კაცები ჩვენი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ იმ დილით, მაგრამ ღამემ მტრებად გვაქცია. სწრაფად მოვუსვით ნიჩბები. მეგობრები აღარ გვყავდა ჩვენს სამშობლო მხარეში. იგი კანოეს შუაგულში იჯდა სახედაფარული;  მდუმარმა, როგორც ახლა; ვერას ხედავდა, როგორც ახლა – და მე არ ვწუხდი იმის გამო, რასაც ვტოვებდი, რადგან მესმოდა მისი სუნთქვა ჩემს ახლოს, როგორც ახლა მესმის“.

იგი შეყოვნდა, ყური მიუგდო ღია კარიდან მომავალ ხმას, მერე თავი გადააქნია და განაგრძო.

”ჩემს ძმას სურდა გამოწვევა მიეძახებინა – მხოლოდ ერთხელ – რათა ხალხს გაეგო, რომ თავისუფლად შობილი ყაჩაღები ვიყავით, ჩვენი მკლავებისა და დიადი ზღვის ამარა. და მე კვლავ ვთხოვე ჩვენი სიყვარულის სახელით, ჩუმად ყოფილიყო. განა არ მესმოდა მისი სუნთქვა ჩემს ახლოს? ვიცოდი, მალე დაგვედევნებოდნენ. ჩემს ძმას ვუყვარდი. მან აუჩქეფებლად მოუსვა ნიჩაბი. მხოლოდ მითხრა, ”შენ ახლა ნახევარკაცი ხარ – მეორე ნახევარი იმ ქალშია. დაგიცდი, ვიდრე კვლავ მთელი კაცი გახდები. ჩემთან ერთად დაბრუნდები და გამოწვევას მიაძახებ. ერთი დედის შვილები ვართ”. არ ვუპასუხე. მთელი ჩემი ძალა და ნება იმ ხელებში მოქცეულიყო, რომელთაც ნიჩაბი ეჭირათ – რადგან მსურდა მასთან ერთად გამეღწია უსაფრთხო ადგილას, გავცლოდი კაცთა ბრაზსა და ქალთა ანჩხლობას. ჩემი სიყვარული ისეთი დიდი იყო, მეგონა მიმიყვანდა ისეთ მხარეში, სადაც სიკვდილი უცნობი იყო, თუკი შევძლებდი გავქცეოდი ინჩი მიდაჰის გაანჩხლებასა და მმართველის ხმალს. გაცხარებით ვუსვამდით ნიჩბებს, სუნთქვას კბილებს შორის ვუშვებდით. ნიჩბები ღრმად ეფლობოდნენ უძრავ წყალში. მდინარეს გავცდით; წყალმარჩხებს შორის გაჭრილ არხში შევედით. შემოვუარეთ შავ სანაპიროს; შემოვუარეთ ქვიშიან ნაპირებს, სადაც ზღვა ეჩურჩულება ხმელეთს; და თეთრი ქვიშის შუქი ამაოდ მოსდევდა ჩვენს ნავს, ისე სწრაფად მისრიალებდა წყალზე. ხმას არ ვიღებდით. მხოლოდ ერთხელ ვთქვი, ”იძინე დაიამლინ, რადგან მალე მთელი ძალა დაგჭირდება.” მისი ტკბილი ხმა მომესმა, მაგრამ თავი არ მიმიბრუნებია. მზე ამოვიდა და ჩვენ კვლავ მივცურავდით. სახეზე წყალი ისე მდიოდა როგორც ღრუბელს. სინათლესა და ხვატში მივსრიალებდით. უკან არ მიმიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი ძმის თვალები წინ იმზირებოდნენ მტკიცედ, რადგან ნავი ისეთი სისწორით მიჰქროდა, როგორც სამპიტანის*  ბოლოდან გამოფრენილი ბუშმენის ისარი. არ მოიძებნებოდა უკეთესი ნიჩბოსანი, უკეთესი მესაჭე, ვიდრე ჩემი ძმა. ბევრჯერ გაგვიმარჯვია  შეჯიბრში ამ კანოეთი. მაგრამ იმდენი ძალ-ღონე არასოდეს დაგვიხარჯავს, როგორც მაშინ, როცა უკანასკნელად ვუსვამდით ნიჩბებს! არ ყოფილა უფრო მამაცი და ძლიერი კაცი ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ჩემი ძმა. თავისათვის ძალა არ დამიტანებია, რომ მიმებრუნებინა, მაგრამ გამუდმებით მესმოდა მისი ხმამაღალი სუნთქვა ზურგსუკან. ხმას მაინც არ იღებდა. მზე შუბის ტარზე დადგა. სიცხე

  • სამპიტანი – გრძელი ოსრების სასროლი მილი

ცეცხლის ალივით მაჭერდა ზურგზე, ჰაერს ვეღარ ვუშვებდი მკერდში. ნეკნები მემტვრეოდა და ვიგრძენი, ბოლო სუნთქვას ამოვქშენდი, „შევისვენოთ!” „კეთილი!” მომიგო მან; ხმა ჰქონდა მტკიცე. ძლიერი იყო. გულადი. არ იცოდა შიში და დაღლა… ჩემმა ძმამ!“

ძლიერი და ნაზი დუდუნი, დუდუნი შორი და მკრთალი; მოშრიალე ფოთოლთა, დარხეული ტოტების დუდუნი გადაირბენდა ტყის ჩახლართულ სიღრმეებში, გადაირბენდა ვარსკვლავებიან სიგლუვეს ლაგუნისა და წყალი უეცრივ გაიტყლაშუნებდა ერთმანეთზე მიხროვილ სლიპინა ხის მასალასთან. თბილი ნიავის სუნთქვა ელამუნებოდა ორი კაცის სახეს და ჩაიქროლებდა მგლოვიარე ხმით – სუნთქვა ხმამაღალი და ხანმოკლე, დედამიწის ძილის შებორკილ ოხვრასავით.

არსატმა განაგრძო თანაბარი, დაბალი ხმით.

„ჩვენი კანოე თეთრ ნაპირზე გავიტანეთ მცირე ყურეში, მიწის გრძელი ენის ახლოს, რომელსაც შეეძლო ჩვენს გზას ჩამოჰფარებოდა; გრძელი ტყით დაფარული კონცხი ღრმად იჭრებოდა ზღვაში. ჩემი ძმა იცნობდა ამ ადგილს. კონცხის მიღმა მდინარის შესართავი იყო. ამ მიწაზე ვიწრო გასასვლელია ჯუნგლში. ცეცხლი დავანთეთ და ბრინჯი მოვხარშეთ. მერე დავიძინეთ რბილ ქვიშაზე, ჩვენი კანოეს ჩრდილში; ქალი გვდარაჯობდა. თვალი წესიერად არც კი მომეტყუებინა, განგაშის ხმა გავიგონე. წამოვხტით. მზე უკვე გადაწვერილიყო და ყურის ღია ნაწილში დავინახეთ ფროა,* მენიჩბეებით სავსე. მაშინვე ვიცანით; რაჯას ერთ-ერთი

  • ფროა – დიდი აფრიანი კანოე.

ფროა იყო. ნაპირს ზვერავდნენ და დაგვინახეს. გონგს შემოჰკრეს და პირი ყურისაკენ იბრუნეს. ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული მკერდში. დაიამლინი ქვიშაში ჩაჯდა სახეზე ხელები აიფარა. ზღვით ვერ გავიქცეოდით. ჩემმა ძმამ გაიცინა. მას თოფი ჰქონდა, შენ რომ მიეცი, ტუან, ვიდრე წახვიდოდი, მაგრამ მხოლოდ ერთი მუჭა თოფისწამალი ებადა. აჩქარებით მითხრა, „გაიქეცი, მასთან ერთად ბილიკს გაჰყევი. მათ მე შევაკავებ, ცეცხლმსროლელი არ გააჩნიათ და თოფიანი კაცის პირისპირ შეხლა უეჭველი სიკვდილია მათთვის. გაიქეცი მასთან ერთად. ტყის მეორე მხარეს მეთევზის ქოხია და კანოე. როცა ყველა ტყვიას გავისვრი, გამოგყვებით. კარგი მორბენალი ვარ და, ვიდრე დაგვეწევიან, გავასწრებთ. რაც შეიძლება დიდხანს შევაკავებ, რადგან ეგ ქალია, არც სირბილი შეუძლია, არც ბრძოლა, მაგრამ შენი გული უჭირავს სუსტ ხელებში.” კანოეს უკან ჩასაფრდა. ფროა ახლოვდებოდა. მე და დაიამლინი გავიქეცით და, როცა ბილიკზე შევცვივდით, სროლა გავიგონე. ჩემმა ძმამ ისროლა, ერთხელ, მეორედ და გონგის გუგუნი შეწყდა.

ჩვენს უკან სიჩუმე ჩამოწვა. მიწის ის ყელი ვიწროა. ვიდრე ჩემი ძმის მესამე გასროლას გავიგონებდი, დავინახე დამრეცი სანაპირო და კვლავ ვიხილე წყალი: ფართო მდინარის შესართავი. ბალახით დაფარული მდელო გადავჭერით. წყალთან ჩავირბინეთ. დავინახე დაბალი ქოხი შავ ტალახში და ნაპირზე ამოთრეული პატარა კანოე. კიდევ ერთი გასროლა მომესმა და გავიფიქრე, ”ეს  ბოლო ნასროლია.” კანოესაკენ გავიქეცით; კაცი გამოვარდა ქოხიდან, მაგრამ დავეძგერე და ტალახში გავგორდით.  მერე ავდექი და ის კი ჩემს ფეხებთან იწვა. არ ვიცი, მოვკალი თუ არა. მე და დაიამლინმა წყლისაკენ გავათრიეთ კანოე. უკნიდან ყვირილი გავიგონე და დავინახე, ჩემი ძმა მდელოზე მორბოდა. უკან ბევრი კაცი მოსდევდა. ქალი ხელში ავიყვანე, ნავში ჩავსვი და თვითონაც ჩავხტი. უკან მივიხედე და დავინახე, ჩემი ძმა რომ დაეცა. ადგა და ისევ დაეცა, კაცები გარს ეხვეოდნენ. იგი ყვიროდა, ”მოვდივარ”! კაცები ახლოს იყვნენ, ბევრნი. მერე ქალს შევხედე. ტუან, მე გავაცურე კანოე, ღრმა წყალში შევაცურე. ქალი დაჩოქილი მომჩერებოდა და მე ვთქვი: ”აიღე ნიჩაბი,” და ჩემი ნიჩაბი მოვუსვი. ტუან, მესმოდა ჩემი ძმის ძახილი. მესმოდა, ორჯერ დაიძახა ჩემი სახელი და გავიგონე ხმები: ”დაჰკარ! მოკალი!” უკან არ მივბრუნებულვარ. მესმოდა თუ როგორ გულისგამგმირავად იძახდა ჩემს სახელს, ისე იძახდა, სიცოცხლეს აყოლებდა და მე თავიც არ მომიბრუნებია. ჩემი სახელი! ჩემი ძმა! სამჯერ დაიძახა, მაგრამ მე არ მეშინოდა სიცოცხლისა. განა ქალი კანოეში არ იჯდა და განა არ უნდა მეპოვნა ქვეყანა, სადაც სიკვდილს დავივიწყებდით – სადაც სიკვდილზე არა იცოდნენ რა?“

 

 

 

1 2 3 4