12 სექტემბერს თანამედროვე კომედიური სცენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ლუი სი ქეი 53 წლის გახდა. მისი როლი 21-ე საუკუნის კომედიის ჟანრის გამდიდრებასა და განვითარებაში თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე გიგანტური და ფუნდამენტურია, როგორც იყო გასული საუკუნის დასაწყისში ჩაპლინის თუ კიტონის. თუმცა ლუი სი ქეის გლობალურად ჯერ-ჯერობით მასიური ცნობადობისთვის არ მიუღწევია, ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა მის ჯერ-ჯერობით უკანასკნელ, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე – რომელიც ნაკლებაა მასებისთვის ცნობილი, მაგრამ აუცილებელ სანახაობას წარმოადგენს – სახელწოდებით „ჰორასი და პიტი“.

„ჰორასი და პიტი“ ლირიკული სცენით იწყება, რომელშიც მელოდიური მუსიკის ფონზე ლუი სი ქეი (ჰორასი) და სტივ ბუსემი (პიტი) თავიანთი სახელობის ბარის დასუფთავებას იწყებენ ქორეოგრაფიისგან დაცლილი, ცეკვის მსგავსი მოძრაობით. აუღელვებლად, ჰარმონიული, მაგრამ ტლანქი მანევრებით ალაგებენ სკამებს მაგიდების ირგვლივ და გვიან იატაკს. მოგვიანებით ოთახში ალან ალდა შემოდის (უფროსი პიტი), მუსიკას შეწუხებული სახით თიშავს, ჰორასი და პიტი კი უხერხულად ჩერდებიან. მოქმედებას უმოქმედობა ცვლის, მოძრაობას სტატიკა. სიცოცხლე მოძრაობაშია, განვითარება მოქმედებაში, უფროსი პიტი მუსიკის გათიშვასთან ერთად ჟამთასვლას აჩერებს, რადგან მისი ფუნქციაც ამაშია, რაც შეიძლება დიდხანს დააყოვნოს წარსული და გადაავადოს პროგრესი.

„ჰორასი და პიტი“ კომიკოსის და სოციალური კომენტატორის ლუი სი ქეის პროექტია, რომელიც რთულია დაახარისხო კონკრეტულ კინემატოგრაფულ კატეგორიაში. სტრუქტურულად ის სატელევიზიო შოუს გავს, თუმცა არცერთ არხზე არ გასულა, ამიტომ ანტი სერიალი უფროა. გაცილებით ახლოს ის თეატრალურ წარმოდგენასთანაა, თუმცა უხვად აქვს მხატვრული კინოს ელემენტები. მომენტებში ძალიან სასაცილოა, მომენტებში კი ძალიან სევდიანი. ერთი მხრივ, ბარი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს, ძალიან კომფორტული ადგილია, თუმცა იქ მოსმენილი და მომხდარი ამბები საოცარ დისკომფორტს იწვევს. მარტივი აღწერით „ჰორასი და პიტი“ დისკუსიების

გრძელი ჩანახატია ყველაფერზე – პოლიტიკაზე, გენდერზე, სექსუალობაზე, მენტალურ დაავადებებზე, სოციალურ ინსტიტუტებსა და კონტრაქტებზე, ტრადიციებზე და ა.შ.

ლუი სი ქეის შემოქმედებითი ესენცია ყოველთვის იყო ისეთ თემებზე ხუმრობა, რაზეც ძირითადად საჯაროდ არ საუბრობენ. ის მუდამ ცდილობს პენეტრაცია მოახდინოს, გამოიკვლიოს და ახლებური რაკურსით წარმოაჩინოს ის ტერიტორიები, რომელზეც შებიჯება ხშირად ამორალურ საქციელთან თანაბრდება. თავის სთენდ აფებში ის ხუმრობს გაუპატიურებაზე, პედოფილებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, შშმ პირებზე, ზანგებზე, პედერასტებზე, სიღარიბეზე, იდეოლოგიებზე, რელიგიებზე მოკლედ, ყველაფერზე. მისი მიზანია ტაბუდადებული თემებისთვის აქტუალური  განხილვის და კრიტიკის სფეროში დაბრუნება, მათზე რეფლექსიის მოხდენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიღვიძოთ ჩვენი მყუდრო, სენტიმენტალური ილუზიებიდან.

დანიელი ფილოსოფოსი სორენ კირკიგორი თავის პირველ ნაშრომში „სიცოცხლის ფრაგმენტები“ წერს: როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, დამავიწყდა როგორ უნდა გამცინებოდა. როდესაც გავიზარდე, თვალი გავახილე და ნამდვილი სამყარო დავინახე, დავიწყე სიცილი და იქიდან მოყოლებული არ გავჩერებულვარ. დავინახე, რომ ცხოვრების მიზანი საარსებო წყაროს გამონახვაა, პრესტიჟული სამსახურის მოძებნაა, სიყვარული ლამაზი და კარგი ოჯახისშვილი გოგოს მონახვაა, სიბრძნე ისაა, რასაც უმრავლესობა ეთანხმება, ვნება საჯაროდ სიტყვის წარმოთქმაა, რისკი ათი დოლარის გამონახვაა, თავაზიანობა სადილის შემდეგ მადლობის თქმაა, ღმერთის შიში კი ეკლესიაში სიარულია. ეს დავინახე და ამაზე ვიცინიო. ლუი სი ქეიც, როგორც ჩვენი დროის პოპ კირკიგორი ხედავს სევდიან რეალობას, რომლის შემყურეც სიცილს ვერ იკავებს და ცდილობს ჩვენც დაგვანახოს ის სევდა, რომელიც ასეთი სასაცილოა.

ამერიკული საკულტო სკეჩ შოუს SNL-ს ერთ-ერთ ეპიზოდში ლუი თავის მონოლოგს პედოფილებზე საუბრით ამთავრებს. ყვება ისტორიას 80-ანების ბოსტონში მისი მეოზბელი ფრანგი პეტი ბურჟუა პედოფილის შესახებ, რომელიც ბავშვებს მაკდონალდსში პატიჟებდა. ამ მონოლოგში სი ქეი ცდილობს აღწეროს რამდენად საზარელია ამ სექსუალური პერვერსიით ცხოვრება, რამდენად შეუწყნარებელია საზოგადოება და ხდება საკითხის დაუყოვნებლივ სტიგმატიზაცია. სი ქეი ცდილობს დაგვანახოს, რომ მსგავსი დეპრივაციის მქონე ადამიანის შემთხვევაშიც აუცილებელია მათთვის დახმარების გაწევა, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ საკითხზე მსჯელობის დღის წესრიგში დაყენება. სი ქეი კომედიის დახმარებით აქტუალობას ძენს იმ მნიშვნელოვან სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებს, რომელთა შეცვლა, გაუმჯობესება და განსახილველ საგნად დაფუძნებაა საჭირო.

 

 

1 2 3 4