ამის ხაზგასასმელად ლუი სი ქეიმ საჯარო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპისა და ჰიტლერის შედარებითი ანალიზის მცდელობა ქონდა. ის თუ რამდენად გავს მათი ძალუფლებისაკენ სწრაფვის მოდელი ერთმანეთს – მათი იდეები, პერსონა და ა.შ. ლუი სი ქეის ასე პირდაპირ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში თუ უსაუბრია მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ კლიმატზე. შოუში მისი პერსონაჟები ხშირად აკრიტიკებენ როგორც ტრამპს, ისე კლინტონს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ახსენებენ დემოკრატთა შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატ სანდერსს, როგორც ადამიანს, რომელიც „იარაღს დაადებს კორპორაციებს და წაართმევს მათ ფულს“. ძნელი მისახვედრი არ არის ვის მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სი ქეი, ვის არ უნდა მისცეს ხმა ამერიკელმა მოსახლეობამ, ამის შესახებ მან უკვე არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ვის ისურვებდა თავად ქვეყნის მმართველად, ამის შესახებ დუმს. მეცხრე სერიას კი კომიკოს გერი შენდლინგის ფრაზით ამთავრებს „…პასუხი სიჩუმეშია. ბერები პროტესტის ჟამს თავებს იწვავენ, რომ ამის შესახებ მიგვახვედრონ. დაფიქრდით ამაზე“.

შოუს პირველ ეპიზოდში ბარში მოხუცი კაცი შემოდის, რომელიც გაკვირვებით კითხულობს, ნუთუ ეს ბარი კიდევ არსებობსო, შემდეგ კი ნოსტალგიური ისტორიის მოყოლას იწყებს თუ როგორ აგზავნიდა დედა მამისთვის ლუდის საყიდლად აქ, რომ სწორედ აქ გასინჯა მან პირველად ლუდი, რომ სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელთანაც ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ არ გაიგო, რომ მეგობართან ღალატობდა და სწორედ აქ მოკლა ორივე – ცოლიც და მეგობარიც. ციხიდან გამოსული კი პირველად ისევ ჰორასი და პიტისკენ გაეშურა, სადაც კვლავ შესთავაზეს კათხა ლუდი. მოხუცი ტირილს იწყებს საკუთარი ისტორიის თხრობის დასასრულს, მაგრამ ეს ცრემლები ჩადენილი საქციელის სინანულს არ გამოხატავს, ის კვლავ მოკლავდა მოღალატე ცოლს და მეგობარს, მისი ცრემლები იმ წლებს უკავშირდება, რომელიც ბარს მიღმა გაატარა. შოუში სცენები, სადაც ემოციების გამომჟღავნება ხდება, ცრემლები მომხდარს არასოდეს უკავშირდება, ის სულ სხვა მოვლენების გააზრების შედეგად მოდის. ასე მაგალითად, მოხუცი პიტის დაკრძლვის შემდეგ სილვიას შვილი არა გარდაცვლილი ბიძის, არამედ იმის გამო ტირის, რომ დედა ცუდად მოექცევა. მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ სილვია გამოჯანმრთელდა, ჰორასის ცრემლები არა ამ ფაქტის სიხარულს, არამედ იმის გააზრებას უკავშირდება, რომ ვალდებულებებისგან თავისუფლდება. სხვაგავარად რომ იყოს, მისი პირველადი რეაქცია იმის გაგების შემდეგ, რომ დას სიმსივნე აქვს, არ იქნებოდა ეგოისტური პასუხი იმის შესახებ, რომ თავს გამოყენებულად გრძნობს. მეცხრე სერიაში, როდესაც ჰორასი პიტის საძინებელში შედის და პირველად თავის გააზრებლ ცხოვრებაში გამოხატავს რეალურ ემოციას მის მიმართ, ლუი სი ქეი მის (საკუთარ) სახეს არ გვიჩვენებს და ზურგიდან იღებს პერსონაჟს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რას გამოხატავს ჰორასის სახე, მან დააგვიანა, პიტის შეშლილობა მთელი ოჯახის მხრიდან ძალადობის და უმოქმედობის პროდუქტია.

წარსულის საოცრად ტრაგიკულ ფლეშბექში ვიგებთ, რომ სწორედ პიტია ერთადერთი მზრუნველი ადამიანი ბარში. ის ზრუნავს ჰორასზე, ცდილობს განმუხტოს დაძაბული სიტუაცია მშობლებს შორის, უნდა რომ მისით იამაყაონ, როდესაც ბეისბოლის მატჩს მოიგებს, მაგრამ პასუხად ან ძალადობა ან უმოქმედობა ხვდება, რაც თვის მხრივ არანაკლები ძალადობის ფორმაა. მოზრდილობაშიც, პიტისადმი

დამოკიდებულება არ იცვლება. როდესაც გაირკვევა, რომ პიტი ჰორასის და სილვიას ბიოლოგიური ძმა კი არა, მხოლოდ ბიძაშვილია, მისდამი დამოკიდებულება ისე იცვლება, თითქოს ოჯახის წევრობა მხოლოდ ფორმალობა იყოს. 50 წლის მანძილზე იმის ცოდნით ცხოვრება, რომ პიტი მათი ძმაა, არანაირ ემოციურ სარჩულს არ ატარებს, ამიტომ პიტი ირიცხება ბარის გაყიდვის შემთხვევაში მეწილეთა რიცხვიდან და ყოველ შემდგომ დიალოგში მას უკვე ბიძაშვილად მოიხსენიებენ. ღირებულებები, რომლებიც ძლიერ შინაარსს უნდა ატარებდნენ, იცვლებიან ახალი ნორმების მიღებისთანავე.

ადამიანური ურთიერთობების შესახებ მსჯელობას ყველაზე დიდი ადგილი უკავია ”ჰორასი და პიტის” კედლებში. ყველა იქ მყოფი პირი ძალიან ბევრს საუბრობს ემოციების შესახებ, განიხილავენ იმას თუ რამდენად ძნელია ემოციის გამოვლენა მაშინ, როდესაც ამის სურვილი გაქვს და მაგალითდ ჰოლოკოსტის და „ბემბის“ შედარებითი მაგალითი მოყავთ, ძალიან სასაცილო და ძალიან ტრაგიკული. ამ ბინარობაში წყდება ძირითადად ის ამბები, რომელსაც სი ქეი გვიყვება მომენტებში დიდი პოეტურობით, მომენტებში ლამის პაგანური იუმორით. თუმცა რამდენად სიმპათიის გამომწვევიც არ უნდა იყოს ირგვლივ მიმოფანტული პერსონაჟების სევდა თუ მხიარულება, მათდამი ემპათიის გაჩენა რთულია, რადგან ყოველი მათგანი თვითიდენტიფიკაციას ბართან ახდენს, ეს არის მათი დაცემის ადგილი, საიდანაც თავის დაღწევა არ სურთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ საწვავ ენერგიას, რომლის შედეგადაც აგრძელებს ბარი თავისი მჩაგვრელი დისკურსის წარმოებას.

გამონაკლისი მხოლოდ პიტია. პიტი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე სუფთა ადამიანი იყო და სხვების დახმარებას საკუთარი ინტერესების მიღმა ახერხებდა. პიტი ”პრობიტოლამდე”, სანამ მასზე კონტროლი მედიკამენტის საშუალებით დამყარდებოდა. პიტი ”პრობიტოლით”, წამლით, რომელიც მისი სიგიჟის სიმპტომებს თრგუნავს და ”პრობიტოლის” გარეშე რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. საზოგადოებისთვის ის მიუღებელია მაშინ, როდესაც აბებს არ სვამს, მას არიდებენ სოციუმს და კეტავენ საგიჟეთში. ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო თავის მონუმენტურ ნაშრომში „შეშლილობა და ცივილიზაცია“ საუბრობს გონებრივი დაავადების მქონე ადამიანებისადმი მოპყრობაზე. ის ამბობს, რომ დღეს მათ გაცილებით ცუდად ვეპყრობით, რადგან ვაწვენთ სამკურნალოდ, ვაიძულებთ პრეპარატების მიღებას და ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ვამყოფებთ, მაშინ, როდესაც მაგალითად რენესანსის ხანაში გიჟებს გაცილებით უკეთ ეპყრობოდნენ. მათ არ უდგებოდნენ როგორც შეშლილებს, ითვლებოდა, რომ ისინი სიბრძნეს ფლობდნენ, რადგან გონების საზღვრების დემონსტრირებას ახდენდნენო. დღეისათვის კი მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მხოლოდ განკურნების საკითხი განიხილება იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა გამოვიჩინოთ მათდამი.

პიტი სიგიჟის შემოტევების დროს ხედავს, რომ ბარის იატაკს კბილები აქვს და მას შეჭმას უპირებს. ის ერთადერთი აღიქვამს რეალურად იმ სივრცის ბუნებას, რომელშიც ცხოვრობს. პიტი თანაგრძნობის უნარს ავლენს თავის ბავშვობის მეგობართან, რომელიც უკვე ნიუ იორკის მერის დაცვაში მყოფი პოლიციელის რანგში გადაუხდის ამისთვის მადლობას, რასაც ”პრობიტოლისგან” ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფი პიტი გაიკვირვებს. ტურეტის სინდრომით დაავადებული ტრიშა არაერთგზის აღნიშნავს თუ რამხელა თანადგომა გამოავლინა პიტმა მის მიმართ და რომ საავადმყოფოში გატარებული თვეები სწორედ მან გადაატანინა. ეს ყველაფერი კი პიტმა გააკეთა „სიგიჟის კონდიციაში“, როდესაც საზოგადოებისთვის საშიშად ითვლებოდა. კურტის დასმულ კითხვაზე თუ რატომ არ უნდა მოიკლას ყველა იმ ადამიანმა თავი, რომელსაც ცუდი ცხოვრება აქვს, პიტი პასუხობს,

რომ შეიძლება რაღაც გამოსწორდეს. ის ერთადერთია, ვისაც ცვლილებების იმედი აქვს, ამიტომ დასასრულს, როდესაც სილვიას მიერ ბარის (ისტორიის) მოდერნიზაციის, ხალხის მოზიდვის მიზნით ახალი კოქტეილებისათვის ლაიმის საჭრელი დანით ჰორასს მოკლავს, ეს არ არის გიჟის მიერ არეულ გონებაზე ჩადენილი მკვლელობა, ეს არის იმ ასწლიანი ჩაგვრის, ტანჯვის და ტრაგედიის დასრულების მცდელობა, რომელსაც ჰორასი და პიტი კვებავს.

 

 

 

1 2 3 4