დასასრულს, როდესაც სილვია ბარს ტოვებს, ეს არ არის მისი მხრიდან იმ ისტორიის ეპილოგი, რომლის თანამონაწილეც იყო, ეს უბრალოდ გაქცევაა, თვალის მორიდებაა, როგორც წლების წინ დედამისმა მოარიდა თვალი პიტზე ძალადობას და მხოლოდ თავის ღვიძლი შვილები მოაშორა ბარს. ამიტომ, როდესაც მასთან მეცხრე ჰორასი მიდის და ეკითხება როგორი იყო მამაჩემიო, სილვია იმის გამო არ ტირის, რომ თავის ძმაზე არაფერი კარგი არ აქვს სათქმელი, ის იმ ფაქტის გააზრებისას ტირის, რომ ისტორია მეორდება, ჰორასს ახალი ჰორასი ცვლის. ხვალ აქ კვლავ შემოვა ლეონი და გარდაცვლილის საპატივცემულოდ შავ ხელსახოცს დაიფენს ჭიქის დასადებად, ბარი კი განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი ისტორიით, ტრადიციებით და რიტუალებით. მოხდება მისი რებრენდინგი, მაგრამ დარჩება ფუძე, რომელზეც ისაა ნაშენები.

გარდა იმისა, რომ „ჰორასი და პიტი“ მეტაფორებითა და ალუზიებით ყველაზე მეტად დახუნძლული პროექტია სი ქეის შემოქმედებაში, ის ნარატივის ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გვიმხელს, როდესაც საკუთარი ილუზიების, წარმოდგენების, ფანტაზიების ნაკადს ურევს მთლიან სურათში: ჰორასის ეროტიკული წარმოსახვა ჯესიკა ლენგთან ძალიან არასექსუალური დიალოგით და პიტის ფანტაზია იმის შესახებ თუ როგორ დაიხსნის თავს უფროსი პიტის დომინაციისგან, ნაჩვენებია როგორც თხრობის ხაზის ჩვეულებრივი თანმდევი, მათ არ გამოყოფს არანაირი ტექნიკური დეტალი მთლიანი სურათიდან, მაყურებელმა თავად უნდა გაარჩიოს როდის წყდება ილუზორული ზმანება და გრძელდება რეალური ისტორიის თხრობა.

დასასრულს მომხდარი მკვლელობის ტრაგიკულობის შეგრძნებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ჰორასი რეალური ცვლილების სურვილის გაჩენის შემდეგ, ცხოვრებაში ახალი საზრისის გამოჩენისას კვდება. ბარმენის პოზიციაზე გასაუბრებისთვის მისული საოცრად ლაღი, სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალი ჰორასს მეორე სუნთქვას გაუხსნის და წასვლისას საიმონის და გარფანკელის სიმღერას „ამერიკა“ ჩაურთავს, სადაც პოლ საიმონი ფიცჯერალდის და კერუაკის ნაწარმოებების მსგავსად იმ შეპირებული მიწის საძებნელად მიეშურება, რომელსაც თავისუფლების ქვეყანა ქვია. თავის შეყვარებულისთვის, რომელიც მანქანაში გვერდით უზის, ის ვერ ახერხებს ეგზისტენციალური ტკივილის გამხელას, რადგან რეალური ემოციების გაზიარების ეშინია. გზაზე მიმავალი უამრავი მანქანის დანახვისას, საიმონი იაზრებს, რომ მარტო არ არის ცხოვრების საზრისის ძიებაში. სიმღერის დასაწყისში მისი მიზანი ამერიკის აღმოჩენაა, თუმცა ბოლოს ხვდება, რომ ის მარტო არ არის ცხოვრების ამ აზრობრივ არქეოლოგიაში. აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ საბოლოოდ დაგვიანებული აღმოჩნდა ჰორასის გამოფხიზლებაც და პიტის ქმედებაც. დაგვიანებულ ნაბიჯებს, როგორც გაუმჟღავნებელ ცრემლებს ეფექტი აღარ აქვს. ასწლიანი ტრაგედია კვლავ გრძელდება.

ლუი სი ქეი ის იშვიათი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არტისტია, რომელიც თავის შემოქმედებით გვეხმარება ნებისმიერი სოციალური კონცეპტის ირგვლივ გავმართოთ მსჯელობა და გადავაბიჯოთ ტაბუს, ანალიტიკური განხილვა ვაწარმოოთ იმ იდეების, რომელთანაც შესაძლოა წინასწარგანსაზღვრული მიუღებლობა გაგვაჩნდა. მისთვის პიროვნული გამოღვიძება განსხვავებული აზრობრივი პოლუსების შეტაკებას მოითხოვს. წარსულის შეცდომები, ავტორიტეტები, თეორიები, ინსტიტუტები, ყველაფერი გააზრების/გადააზრების და ანალიტიკურ ჭრილში გატარების აუცილებლობას მოითხოვს. ლუი სი ქეისთვის ცნობილია, რომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა ისაა, რომ თუ ამის შესახებ ცოდნა გვექნება, არსებულ პრობლემებს აღარ შევხედავთ როგორც დევიანტურს ან მყარი, უცვლელი ფუნდამენტის მქონეს. ლუი სი ქეის შემოქმედება გვიხატავს დეტალურ სურათს ჩვენ საკუთარ თავზე, ცხოვრებაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რითაც პოზიტიური გარდაქმნისათვის უფრო ადვილად დაქვემდებარებადს ხდის მას.

 

 

 

 

1 2 3 4