სწორედ ამიტომ „ჰორასი და პიტი“, ყოველგვარი სტუდიური ჩარევის გარეშე, საკუთარი ფინანსებით შექმნილი პროექტი, რომელზეც აუცილებელი იყო თავად ქონოდა სრული კონტროლი, საუკეთესოდ და ყველაზე ვრცლად აშუქებს მნიშვნელოვან თემებს მისი ხანგრძლივი სთენდ აფ მოაზროვნის კარიერის ფარგლებში. მომდევნო აბზაციდან შევეცდები უშუალოდ შოუში განხილული თემების, მეტატექსტების, სცენებისა და პერსონაჟების ანალიზი მოვახდინო, ამიტომ თუ ჯერ არ გინახავთ „ჰორასი და პიტი“, გამოყავით თქვენი ცხოვრების უახლოესი 7 საათი (დაახლოებით) მის საყურებლად და შემდეგ განაგრძეთ კითხვა.

რიტუალებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ისინი ისტორიას და ცოდნას ინახავენ. როგორც სოციოლოგი ირვინგ გოფმანი ამბობს, რიტუალები ისაა, რითაც ადამიანი თავს ასხვავებს ცხოველისგან. რიტუალი არის საგნების საკრალიზაცია, ანუ საგნების სახმარი ღირებულებიდან საკრალურ კატეგორიაში კონვერტირება. მაგალითად ზიარებისას მრევლი იღებს კვერს არა დასაპურებლად, არამედ რიტუალის აღსასრულებლად. ისტორიას კი ენის ფილოსოფიიდან რომ მივუდგეთ, ახსოვს ის ფაქტები, რომელიც ამ ენაზე მოსაუბრე ხალხს დიდი ხანია დავიწყებული აქვს. თუმცა არსებობს რიტუალები, რომლებიც აღარ გვჭირდება, რომელიც მავნებლურ გამოცდილებას ინახავს, საგნებს აცლის შინაარსს. უშინაარსო რიტუალების შენახვა მავნებლური ისტორიის დაყოვნებაა. ისტორიის შინაარსის დავიწყება კი მხოლოდ საჭიროებაზე გადასვლაა. ბარი „ჰორასი და პიტი“ ასწლიან ისტორიას ითვლის. როგორც ვიგებთ, პირვერლმა ჰორასმა და პიტმა ეს ადგილი ცოლებისგან თავდასაღწევად შექმნეს, ეს იყო ადგილი, სადაც ხორციელდებოდა ძალადობა ქალებზე, ბავშვებზე, უმცირესობათა ჯგუფებზე და ეს ტრადიციები გაადეცემოდათ თაობებს – ჰორასიდან ჰორასს, პიტიდან პიტს.

შოუს ნარატივში (ვუწოდოთ მას პირობითად „შოუ“) ბარის შესეხებ, რომელიც მხოლოდ ას წლიან არსებობას ითვლის, ისევე საუბრობენ, როგორც მრავალსაუკუნოვან ინსტიტუტზე. მას უკვე მერვე თაობის ჰორასი და პიტი მართვენ და მის კედლებში არ არსებობს ისტორია, რომელიც ბარის დაარსებამდე მომხდარა (გარდა ბიბლიური პასაჟებისა). ბარს ფინანსური მოგება არ მოაქვს და ეს არც უშლის ხელს ფუნქციონირებაში, იქ ისევ იმ სასმელებს ყიდიან, რომელიც დაარსების დღიდან იყიდება, არ იცვლება არაფერი, გარდა მმართველებისა და საზოგადოების, რომელიც მის კედლებში იყრის თავს. მენეჯმენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თუნდაც ისეთ პროგრესულ ნაბიჯს, როგორიც ახალი მარკის ლუდის დამატება ან კოქტეილების გაყიდვაა, რადგან ტრადიციის მიხედვით, აქ მხოლოდ „ბადვაიზერი“ იყიდება და კოქტეილების დამატება რიტუალების უარყოფა, მათი

უპატივცემულობა იქნება. ჰორასის და პიტის ისტორია ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს პროგრესს, მისი მიზანია ძველი ტრადიციების აღსრულება და მათი კურსით სვლა.

ერთი შეხედვით ამჟამინდელი ჰორასი და პიტი გაცილებით გონებაგახსნილი, ლიბერალური შეხედულებების მატარებლები არიან. წინაპრებისგან განსხვავებით ისინი არ ცემენ ცოლებს, ფიზიკურად არ ძალადობენ ბავშვებზე, კანის ფერის გამო არ შეურაცხყოფენ კლიენტებს და ა.შ. ჰორასსაც და პიტსაც თითქოს ემპათიის უნარი აქვთ, ისიც შეუძლიათ თქვან, რომ მაგალითად ფემინისტები არიან, მაგრამ ფაქტის წინაშე ორივე მათგანი მიუღებლობას გამოხატავს. ჰორასი ძალიან საინტერესო დისკუსიაში ტრანსგენდერი ადამიანების საზოგადოებრივ როლზე აცხადებს, რომ მას მეტი პრივილეგია აქვს ამ გენდერული იდენტობის მატარებლებთან და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მის (და ყველა სხვა ჰეტერონორმატიული კაცის) წინაშე, რომ აცნობონ თავიანთი „წუნის“ შესახებ. პიტი, რომელზეც ცოტა ქვევით ცალკე ვისაუბრებ, პირველივე სერიაში უფროს პიტს ეუბნება, რომ მისი და ჰორასის არასწორი აღზრდის ბრალია მათი დეგრადირება. „ასი წელი ბარმა იმიტომ გაძლო, რომ თქვენამდე ყველა კარგ მამობას უწევდა შვილებს. მართლია ცოლებს ცემდნენ, მაგრამ შვილებს სწორად ზრდიდნენ“ – პიტის ნათქვამში უკვე საფუძველი ეცლება მის საუბარს, რომ ქალის პატივისცემა ყველა მამაკაცის ბუნებრივი ინსტინქტი უნდა იყოს, როდესაც ამის შესახებ მეექვსე სერიაში მოუყვება პაემანზე მისულ გოგონას. შეუძლებელია სწორი აღზრდა მოხდეს იმ გარემოში, სადაც მამა შვილებს დედის ჩაგვრას აყურებინებს. მართალია ამჟამინდელი ჰორასი და პიტი შეგვიძლია მათი წინაპრების გაუმჯობესებულ ვერსიად მივიჩნიოთ, მაგრამ რეალურად იცვლება მხოლოდ ჩაგვრის ხასიათი და მისი ხილვადობა.

ერთადერთი პერსონაჟი, ვინც ბარის დახურვის ინიციატივით გამოდის, ტიტულოვანი პერსონაჟების და, სილვიაა. მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი არა პატრიარქალური ისტორიის ნგრევა, რომელიც თავადვე აღნიშნავს უბედურების ას წელს ითვლისო, არამედ მისგან თავის დაღწევაა. ის არის სახე ზედაპირული პროგრესის მომასწავებელი ქალის, შეიძლება ითქვას ლიბერალი ფემინისტის, რომელიც იბრძვის ჩაგვრის დასრულებისათვის არა ზოგად, არამედ კერძო ასპექტში. საგულისხმოა, რომ სწორედ ის გახლავთ ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობას იმ არგუმენტით, რომ „აქამდე 44 კაცი მართავდა ქვეყანას, დროა ქალმაც ცადოს ბედი. სულ ერთია რომელმა ქალმა“.

ძალიან საინტერესო სცენა თამაშდება მას შემდეგ, რაც სილვია ბარში თავის ადვოკატს, გეი მამაკაცს მიიყვანს, რომელმაც უნდა დაიცვას მისი ინტერესები. ტრადიციისამებრ ბარს არ გააჩნია იურიდიული მფლობელი, ის გადაეცემა შემდეგი თაობის ჰორასს და პიტს მამების გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის გარეშე. სილვიას ადგილი არც ბარის მმართველობის სადავეებთანაა და არც მისი მოსვლა ახარებს ვინმეს. ერთადერთი, რითაც შეუძლია მას ბარის მფლობელობაზე პრეტენზია განაცხადოს, როგორც უფროსი პიტი განუმარტავს, არის ის, რომ გაინაყოფიეროს თავი, გააჩინოს ბიჭები, დაარქვას ერთს ჰორასი, მეორეს კი პიტი. მან ან ხელი უნდა შეუწყოს ისტორიის ტრადიციებში გაგრძელებას ან გადგეს განზე. სილვიას გეი ადვოკატს, რომლის მიზანიცაა ცვლილებებზე დაიყოლიოს მოხუცი პიტი, მიანიჭოს კანონის ძალით ბარის თანამფლობელის სტატუსი სილვიას, მოახდინოს ტრადიციების გადაწერა და ისტორიის ხელახალი წარმოება, უფროსი პიტი ბართან მიიხმობს, ამერიკის დროშას ამოფარებულ ასწლოვან ვისკის დაალევინებს და მოაჯადოებს, გაასინჯებს მას ყველა იმ პრივილეგიას, რაც პატრიარქალურ კულტურაში კაცის როლს ახლავს, რის შემდეგაც ადვოკატი ბრძოლას წყვეტს.

ბარი, როგორც ძალაუფლებრივი ინსტიტუტი, ამერიკის (და არა მხოლოდ) იდეური მაკეტი, ისტორიის და ტრადიციების ასწლოვანი (საუკუნოვანი) მატერიალიზებული ვერსია გამუდმებით წარმოშობს ჰორასებს და პიტებს და აძლევს მათ თავშესაფარს, გვიყვება მოჩვენებით თანასწორობაზე („ზანგებს ჯერ კიდევ 1932 წელს ვუსხამდით ლუდს“), მაგრამ არ აძლევს ქალებს ემანსიპაციის საშუელაბას (მეშვიდე ჰორასი სახლიდან გასვლას უკრძალავს ცოლს). რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ უკეთესი ქვეყნის თუ სისტემის, საზოგადოების თუ მომავლის შენებაზე, სანამ არ მოვუწყობთ რეიდებს ისტორიას, არ განვთავისუფლდებით მავნებლური რიტუალებისგან, უარს არ ვიტყვით მანკიერ გამოცდილებებზე და სანამ არ გამოეცლება ამ ტრადიციების მატარებელ უკანასკნელ ადამიანს ნებისმიერი სახის ძალაუფლების ბერკეტი, იქამდე გაგრძელდება მხოლოდ კვლავწარმოება და ერთი ბოროტება ჩანაცვლდება მეორე, ნაკლებ ხილული ბოროტებით. ისტორია არ უნდა დარჩეს დაცულად და ხელშეუხებლად, როგორც სამუზეუმო ექსპონატი. წარსული მხოლოდ წარსულის ცოდნის გამო არ უნდა გავიცნოთ, როგორც ეს აკადემიურ სივრცეებში მოგვეწოდება, მისგან უნდა მივიღოთ ინსპირაცია, რათა შევიცვალოთ უკეთესობისკენ. საფუძველი გამოვაცალოთ დომიმანტურ იდეებს და ინსტიტუტებს. ვისწავლოთ წარსული შეცდომებისგან და არ დავუშვათ ტრაგედიების განმეორება.

 

 

1 2 3 4