„ხანდახან პოეტი ემსგავსება მოსწავლეს, რომელიც უსასრულოდ გადაიკითხავს ხოლმე მოცემული დავალების პირობებს და ვერაფრით იგებს მას; და ეს პირობები რამდენჯერაც არ უნდა გადაიკითხოს, ისინი მისი მზერით არ შეიცვლებიან. იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ამოცანის ამოხსნას თვით ამ პირობით შეძლებს” – წერს მარსელ პრუსტი წერილში “მხატვრული განჭვრეტა“. აღნიშნული ციტატა ზვიად რატიანის ბოლო პოეტური კრებულის, “კოცონი მდინარესთან” წაკითხვისთანავე ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ არა თავად პოეტთან, არამედ, მის მკითხველთან მიმართებით და მართლაც: როცა კარგი მკითხველი ხარ, ზოგჯერ გიწევს, ლექსებს რამდენჯერმე მიუბრუნდე, მისი “პირობა” მოსწავლის მსგავსად შენც რამდენჯერმე გადაიკითხო და მხოლოდ მერე დაგეუფლოს განცდა, რომ ეს ლექსები წაიკითხე. თუმცა ცხადია, ვერც ეს იქნება იმის გარანტი, რომ ამოცანის ამოხსნის შემდეგ სწორ პასუხს მიიღებ… თუმცა ამის გამო ვერავინ განგიკითხავს, რადგან პოეტურ კრებულებს ბოლოში მხოლოდ ლექსების სარჩევი ერთვის და არა სწორი პასუხების ნუსხა, სადაც დაფიქსირებული მოცემულობა, შენ მიერ მიღებულს თუ არ დაემთხვა, მთელი შრომა წყალში ჩაიყრება და თუკი ძალა და მოთმინება არ გიღალატებს, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს . . .
ლექსთან ურთიერთობის თავიდან დაწყება ასეთი ტრაგიკული სულაც არ არის, პირიქით, სასიამოვნო და აუცილებელიც კია და ასეთ დროს, ბუნებრივია, მთავარი მიზანი სიღმეში უფრო ღრმად ჩაღწევაა და არა სწორი პასუხების მიღების სურვილი. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ლექსები, რომლებიც ბევრჯერ წაკითხვას ვერ უძლებენ – მეორე მცდელობისთანავე მოირყევიან, მესამე-მეოთხეჯერ თვალის გადავლების შემდეგ კი სარკეებივით ჩამოიმსხვრევიან და ასე მიმოფანტულების ისევ ერთად თავმოყრა, ერთ სისტემაში მოქცევა, არც ისე მარტივი და სასიამოვნო საქმეა. აი, ზვიად რატიანის ლექსებს კი სწორედ რომ მეათედ, ზოგჯერ მეასედ სჭირდება მიბრუნება – ეს უნდა მოხდეს სხვადასხვა დროს, ამინდში, განსხვავებულ სივრცესა და მოცემულობაში, რომ უფრო ცხადად, ხელშესახებად შეიგრძნო რას ნიშნავს, როცა წელიწადის ოთივე დრო ერთდროულად დგება, მომავალი კი აწმყოში იწყებს გადმობარგებას.
ზოგჯერ ჩვენს ამოცანას, შესაძლოა, ისეთი პასუხიც ჰქონდეს, რომელიც მარტო ჩვენ მივიღეთ, პასუხი, რომელიც, იქნებ, სულაც არ არის სწორი, მაგრამ ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ლექსების კრებულს არ მოჰყვება სწორი პასუხების ნუსხა და თან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გვახსოვს, რომ პოეზია ზუსტი მეცნიერება არ არის, გამოდის, რომ ჩვენს პასუხებსაც არსებობის ისეთივე ლეგიტიმური უფლება აქვთ, როგორც უნიჭო პოეტების მორყეულ ლექსებს კარგი პოეტების კარგი ლექსების გვერდით.
თუკი ალენს დავესესხებით და პოეტს წარმოვიდგენთ, როგორც “შემოქმედს, რომელიც იდეას ლექსის ჭედვის დროს პოულობს” – არც მკითხველს უნდა ჩამოვართვათ იმის უფლება, ლექსიდან თუ მთელი კრებულიდან კითხვის პროცესში ის გამოადნოს, რაც თავად შეიგრძნო და დაინახა და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ მისეული აღქმა ლექსთან ყოველი შეხებისას ერთმანეთისგან განსხვავებულ მოცემულობათა ჯამი იქნება.
“კრიტიკოსებს სურთ, მკითხველს შთააგონონ, რომ ნაწარმოების ესა თუ ის ნაწილი მნიშვნელოვანი სულაც არ არის” – წერს ალენი წერილში “ნიშნები” და მართლაც: კითხვის პროცესში მკითხველიც და ლიტერატურის კრიტიკოსიც სიტყვების ერთგვარ სელექცია-გადაჯგუფებას ცდილობს, ტექსტიდან სათქმელსაც იმის მიხედვით გამოიდნობა, თუ რაზე ხდება პედალირება, თუმცა ამგვარი მახვილების დასმა ზოგჯერ ლექსთან ურთიერთობის პროცესს ძალიან ერთფეროვანსა და სწორხაზოვანს ხდის, პოეზია ემსგავსება ზუსტ მეცნიერებას, ერთსახოვანი და ერთხმიანი ხდება. . .
ვისთვის ლექსის ვერსიფიკაციული მხარეა წარმმართველი, ვისთვის – ნარატივი, ვისთვის – გულწრელობა, ან ტროპული მეტყველების ორიგინალური ხერხები. . . თუმცა ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ის პირველადი ემოციაა, რომელიც ლექსთან ურთიერთობის დროს გეუფლება – მეორე ჯერზე ეს ემოცია, შესაძლოა, წინასგან სრულიად განსხვავებული იყოს და სწორედ ამ უცნაურ პროცესზე დაკვირვებაა საინტერესო.
“მე პატივს ვცემ რიტმსაც და რითმასაც, მხოლოდ და მხოლოდ ისინი აქცევენ პოეზიას პოეზიად, მაგრამ თავისი ბუნებით ღრმა და ქმედითი საწყისი, ჭეშმარიტების შემქმნელი და წინ წამყვანი არის ის, რაც რჩება პოეზიისგან, როცა იგი პროზაზე გადაჰყავთ” – წერს გოეთე თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში “პოეზია და სიმართლე”. ჩემი აზრით, მოსაზრება, რომ “მხოლოდ რიტმი და რითმა აქცევს პოეზიას პოეზიად” თანამედროვე მკითხველისთვის ამ საკითხის სწორხაზოვანი და სტერეოტიპული გააზრებაა და მისი განეიტრალება თანამედროვე პოეზიიდან არაერთი მაგალითის მოხმობითაა შესაძლებელი, გეოთესეული ტექსტის მეორე ნაწილს კი, პირადად მე ვეთანხმები, რადგან მიმაჩნია, რომ მრავალ ლექს და ტექსტგამოვლილი მკითხველის მეხიერების სკივრიც კი თავის წიაღში პირველ რიგში ნარატიულ ასპექტს იკრავს და აარქივებს და მხოლოდ ამის შემდგომ ამახსოვრდება ხოლმე ტროპული მეტყველების ხატობანი სახეები, ოროგინალური მიგნებები, საინტერესოდ შედგენილი რითმები თუ ლექსის სხვა ვერსიფიკაციული თავისებურებანი.
აღსანიშნავია, რომ მკითხველს ლექსებში ამბების დაძებნა განსაკუთრებით მაშინ უყვარს, როცა ავტორი ცოცხალია და მის ბიოგრაფიას რაღაც ისეთი უკავშირდება, რაც თავისი მასშტაბურობიდან თუ სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველასთვის ცნობილი გახდა… მას შემდეგ, რაც კრებული „კოცონი მდონარესთან“ გამოვიდა, არაერთმა ქართველმა პოეტმა დააფიქრისრა მოსაზრება მასში შესულ ლექსებზე. (როგორც ვიცი, რამდენიმე კრიტიკული წერილიც დაიწერა, რომლებიც, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს), განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი პოეტის ფეისბუქსტატუსი, სადაც ის წერდა: კრებულში კარგად ჩანს, როგორი გაბრაზებულია ზვიად რატიანიო; ალბათ, მას ეს აზრი მაშინ დაეუფლა, როცა ამ სტრიქონებს კითხულობდა: „ძილი და მადა ძლივს დამიბრუნდა ამ ცხოვრებაში – განსხვავებით წინასგან, სადაც ვერ ვიქართველე, ვერ ვიკაცე, ვერ ვიპოეტე და ვერც სიკვდილი მოვასწარი“. . .
როცა კრებული პირველად წავიკითხე, რატომღაც, მისგან სწორედ გამბრაზებული კაცის განწყობის ამოკითხვას ველოდი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა; მიმაჩნია, რომ ზვიად რატიანი, როგორც შემოქმედი, ბევრად ამაღლდა იმ დიდ ტკივილსა და უსამართლობაზე, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. და პოეტს „სამარცხვინოდ გაძევებულს სამშობლოდან, სიყვარულიდან, რაღაც გაგებით ცხოვრებიდანაც“ იმაზე ცალსახად წერა, რაც უკვე მოხდა, აღარ სურს, რადგან მიაჩნია: „რასაც ვითომ ცხადზე წერდი, ვერაფერზე დაიფიცებ, რომ მართლა მოხდა“, მის თითოეულ სტრიქონში კი გაბრაზება კი არა, სამშობლოსა და ახლობლების მონატრება, ერთგვარი სინანული და ტკივილი უფრო იკითხება, რაც განსაკუთრებით საგრძნობია, როცა ამ ტაეპებს ვკითხულობთ: ,,ეშინია უკან მოხედვის, რადგან ჯერ კიდევ ენატრება ის ჯოჯოხეთიც, სადაც შიშხინებს მისი სული, ხოლო სხეული ყოველ ცისმარე დაძუნძულოებს დათოვლილ ბაღში.”
უკვე მომხდარს რომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, კარგად ჩანს ლექსში: “ისტორიის ბოლო გაკვეთილი”. “გიამბობდი, როგორ მოხდა ყველაფერი, მაგრამ აღარ ვარ და შენც აღარ ხარ, მომისმინო” – წერს ავტორი და მართლაც: მას შემდეგ, რაც ადამიანის თავს რაღაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული ხდება, რის შემდეგაც ხერხდება მისგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლება – ინდივიდი მთლიანად იცვლება. . . და ამბავიც, რომელმაც შეგვცვალა, სემანტიკას მთლიანად იცვლის – ბევრად მრავალპოლარული და მრავალშრიანი ხდება. ამგვარი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როცა ის, რაც უკვე მოხდა, პოეზიის ენაზე ითარგმნება. მოცემულ შემთხვევაში ზვიად რატიანის სიტყვები: „დასანანია, რომ აღარ ვართ, გიამბობდი, წარმოიდგენდი, როგორ იცვლება სიცარიელე ყველაფრისგან, თავის თავისგან და სრულყოფილ არაფერში აღარ ხდება არაფერი. მხოლოდ ისტორია – სიმართლისგან, ტყულისგან, სისხლისგან დაცილი – მეორდება, მეორდება, მეორედება. . . მეორდება“ – აღიქმება, როგორც მონუმენტური აპიკალიფსური სურათის ერთი რელიეფური ფრაგმენტი, საყრდენგამოცლილ მთელ სამყაროს რომ განასახიერებს- სამყაროს, რომელიც მემილიონედ მიდის წრეზე და არა ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც ოდესღაც პოეტის ცხოვრებაში მოხდა და რომელზე საუბარიც დღეს აღარაა საჭირო.
სამყაროს ავტორისეული აპოკალიფსური აღქმის ერთგვარი გაგრძელებაა ლექსი „უკეთესი მომავალი“, სადაც მომავალი დანახულია, როგორც საგარატნიო ფურცელი, რომელშიც ყველაფერი, თითქოს, ისეა, როგორც ხელისუფლების მესვეურები გვპირდებოდნენ, მითითებულ სვეტში ავტორის მიერ გაკეთებული ხელმოწერა „მაპატიეთ“ კი მინიშნებაა იმაზე, რომ სინამდველეში ყოველგვარი „უკეთესი მომავალი“ ზოგადადაა სრული ილუზია და არა კონკრეტული ხელისუფლების ხელში. პოეტს კი, რომელსაც წინასწარგანჭვრეტის ერთგვარი ნიჭი აქვს, ეჩვენება, რომ აუცილებლად მოხდება კატასტროფა, რომელიც უკვე დიდი ხანია მოხდა.
სიტყვები „მე აღარ ვარ“ – თითქოს, ერთგვარ რეფრენად გასდევს მთელ კრებულს და სხვადასხვა ლექსში აღნიშული აზრის რამდენიმე სახეცვლილი ვარიაცია გვხვდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა „ჩემი სარკეები“- პირადად ჩემთვის ვერსიფიკაციული და ნარატიული ასპექტის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ლექსი ამ კრებულში. არ შემიძლია არ აღვნიშნო: განსაკუთრებით მომხიბლა პოეტის მიერ ოსტატურად გამოყენებულმა ჯვარედინმა რითმებმა, ასევე, საერთო ტემპო-რიტმიდან ამოვარდნილმა მეორე სტრიქონმა, რომელიც კონვენციურ ლექსს, თითქოს, ვერლიბრის ჟღერადობას სძენს, მაგრამ ლექსის დანარჩენ სტრიქონებში მარცვალთა თანაბარი რაოდენობა და სტრიქონების ბოლოს ზუსტი რითმები ახერხებენ გაჯიუტებული სტროფის მოთვინიერებას და ჟღერადობის საერთო კალაპოტში მოქცევას.
ლექსის ერთ-ერთი ლირიკული პერსონაჟი, პოეტის „თანდაყოლილი სარკე“ – შეიძლება გავიაზროთ, როგორც ავტორის ალტერ ეგო, ან იქნებ სულაც სული – (წარ)სული – რომელიც ლექსის პირველივე სტრიქონში იმსხვრევა და ამით ტრაგიკულობის, მოულოდნელობისა და მოუთმენლობის განცდას განსაკუთრებით აძლიერებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლექსში სიუჟეტოვანი ჩანასახი დრამატურგიულად ძალიან საინტერესოდ ვითარდება: ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – თანდაყოლილი სარკე – პირველივე სტრიქონში იმსხვრევა და თავის გარშემო ხატოვან მეტაფორას – ნამსხვრევებისგან შემდგარ შუშის გუბეს ქმნის, საიდანაც საკუთარი თავის ამოკრეფას და გამთლიანებას პოეტი ვერაფრით ახერხებს, ნამსხვევები კი იქცევიან წვრილ და ბასრ ნაწიბურებად, რომლებიც აიძულებენ მას, ფანჯრის მინებს – შეძენილ ახალ სარკეს – შეასკდეს. როგორც ვხედავთ, ლექსში გამოხატულია იდეა, რომელიც სულისა და კანის გამოცვლას გულისხმობს, ამიტომ ბუნებრივია, მისი ლირიკული გმირი ის აღარ არის, ვინც ადრე იყო, პოეტი აღარ არის საკუთარი თავი, მისი ნიღაბი – სარკე დაიმსხვრა და მინად იქცა – ერთი სახე მეორედ გარდაისახა. აღნიშნული აზრის ერთგვარი გაგრძელებაა ლექსი „გადაიკითხე საკუთარი თავი“, სადაც ავტორი წერს: „ადამიანი მაშინ თუა თავის თავი, როცა იცვლება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვამჩნევთ, როდის ვიცვლებით“. მისივე თქმით: „პოეზია ირჩევს მხოლოდ მათ, ვინც მუდამ იცვლება“ – სხვაგვარად პოეზიის შექმნა წარმოუდგენელია. ლექსში “ძველი სიმღერა მთვარეზე” კი აზრის ამგვარი ვარიაცია გვხვდება: „უკვე სხვა მე ვარ, სულ სხვა – უშენო“.

 

1 2