მიმაჩნია, რომ კრებულის მთავარ თავისებურებასა და ღირებულებას ერთდროულად – ტექნიკურად, შინაარსობრივად, განწყობითა და ესთეტიკით ერთმანეთისგან ერთი შეხედვით განსხვავებული ლექსების ერთი მთლიანობა წარმოადგენს, ისინი თითქოს, ერთი გრძელი ამბის ფრაგმენტები არიან და მიუხედავად იმისა, რომ დამაკავშირებელი ჯაჭვი არც ისე ძლიერია, ამ დიდ ამბავს აქვს პროლოგიც, მოქმედების განვითარებაც, კულმინაციაც და ლოგიკური ფინალიც. ლექსების მთლიანობას კი განსაკუთრებით ამყარებს სტრიქონები, რომლებიც თითქოს, ერთი ლექსიდან მეორეში მოგზაურობენ, ან ერთმანეთს ასოციაციურად თუ ლოგიკურად ეხმიანებიან: მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა თუნდაც ამ შემთხვევის მოხმობა: კრებულში შესულ პირველივე ლექსში, რომელიც სულ რამდენიმე სტრიქონიანია, მოთხრობილია, როგორ იქცნენ პასუხგაუცემელი შეკითხვები ადამიანებად და მზად არიან შურისძიებისთვის, ლექსის ,,ღია ბარათი” ფინალურ სტრიქონში კი, თითქოს, ექოსავით ისმის წინა ლექსში დასმული შეკითხვების გამოძახილი, როცა ავტორი ამბობს: “ნუ გეშინია, მთავარია, აღარ ვსვამ კითხვებს”. ლექსში ,,კოცონი მდინარესთან,, განვითარებული აზრი კი, რომ მთავარია, მდინარის პირას დანთებული კოცონი არ ჩაქრეს, ლექსში ,,კოშკი მთაზე” ამ სახით გრზელდება: ,,როდემდეც გასტანს განცდა, რომ სადღაც მდინარესთან ჩაქრა კოცონი” – რაც, ალბათ, ერთი დიდი ამბის დასასრულს უნდა ნიშნავდეს. ასეთი ასოციაციები და გადაძახილები ლექსიდან ლექსში კრებულში კიდევ არაერთია და მათი დაძებნა გულმოდგინე მკითხველისთვის მიმინდია, მე კი თანამად ვიტყვი, რომ “კოცონი მდინარეზე” ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ქართულ პოეზიაში და ვისაც ჯერ არ გქონიათ მასთან შეხვედრის საშუალება, წინ დიდი სიამოვნება გელით.

1 2