აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზედაპირული დაკვირვებით თითქოს   რთულია რაიმე სახის  ლოგიკური  მიმართებების და კავშირების პოვნა კრებულში შემავალ  10 ტექსტს შორის, თუმცა  თუ კარგად დავაკვირდებით, ათივე მოთხრობას  საერთო ნიშნით- დეკონსტრუქციითა და პაროდიით, როგორც ავტორის  მეთოდოლოგიური  ინსტრუმენტით, მისი პოეტიკის განუყოფელი ასპექტით,  გავაერთიანებთ. ისინი სწორედ ერთ  მთლიან, ურღვევ ციკლს ქმნიან, რაც მსოფლიო ისტორიის ბარნსისეული მოზაიკური   მოდელის  ერთგვარი კონსტრუქციაა. გარდა აღნიშნული მიმართებებისა, რამდენიმე მოთხრობაში  ნოეს სახის, კიდობნის,  წარღვნის, კატასტროფის და   გადარჩენის მოტივიც არაერთხელ  გაჟღერდება,  რითაც რომანი ,,მულტი-მედიური კოლაჟის’’ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს თავად ბარნსის  რეპლიკაა, რომელიც  კატეგორიულად ემიჯნება იმ  მოსაზრებას,რომ   ,,მსოფლიო ისტორია ათ ნახევარ’’ კარად   მოთხრობების კრებულია.

  ავტორი წარმოდგენით, ათივე ტექსტი საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა და ის ერთ  უნივერსალურ  მთლიანობას, ერთ დიდ ტექსტს, ერთ ნარატიულ ნაკადს ქმნის.  ამ გზით მან თემების და იდეების ტოტალიზაცია  შეძლო.

   ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც ბარნსი  უტრიალებს ისტორიის, ისტორიციზმის ცნებაა.  რა არის ისტორია?   რა შეიძლება ჩაითვალოს    რეალურ ფაქტად?  არის თუ არა ისტორიაში ფიქციის  ელემენტები? ვინ ქმნის წარსულს?  ეს ის კითხვებია, რაც   პერმანენტულად  ათივე ტექსტში  ჟღერდება.

  ეს საკითხი თავისი სიმწვავით  რომანის ერთ თავშია განხილული, რომელსაც ,, ჩანართი ჰქვია’’.   იგი  მერვე და მეცხრე  თავებს შორისაა განთავსებული და ხასიათდება როგორც სტრუქტურულ-ნარატოლოგიური, ასევე სტილისტური თავისებურებით.

   პირველ რიგში,  უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტექსტი ესეისტურია და  პირადად ჯულიან ბარნსის   დამოკიდებულებას ასახავს სიყვარულთან,  ხელოვნებასთან და ისტორიციზმთან დაკავშირებით.  ნარატორი თავად  ბარნსია, ყოველგვარი  ავტორისეული ნიღბის გარეშე.

   პრაქტიკულად, ეს ის თავია, რომელშიც ავტორი მთელი თავისი რომანის კონცეფციაც, იმ ლაიტმოტივს  ხსნის, რაც  ციკლურად  ათივე მოთხრობაში დატრიალებული, თანაც პაროდიულად.

   დავიწყოთ იმით, რომ ჯულიან ბარნსის  აღქმა ისტორიისა არის ციკლური.   უშუალოდ ციკლის პროცესი კი რამდენიმე ცენტრალური  სიმბოლოთი, გნებავთ, არქეტიპული  მოდელებით  ხდება ქმედითი. ესენია: ნოეს კიდობანი, რომელიც თანდათან სულ სხვადასხვა  დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი  ხდება.  მთა არარატი და ზოგადად, მთის, მწვერვალის კონცეპტი, რაც ასევე  რამდენიმე რაკურსითაა პროეცირებული. ჭია, როგორც მარგინალიზებული ჯგუფის  წარმომადგენელი თითქმის უკლებლივ ყველა მოთხრობაში  ფიგურირებს და ა.შ.

   თავად ბარნსის აზრით,  ,,ისტორია  ხომ მართლა ის არაა, რაც მოხდა- ეს ისაა, რასაც მომხდარის თაობაზე  თავად ისტორიკოსები  გვიყვებიან’’.

  სკეპსისი  ინტელექტუალურადაა  მოტივირებული იმდენად, რამდენადაც მთელი  მეოცე საუკუნე  პრაქტიკულად ისტორიული დისკურსის პროფანაციას წარმოადგენს, რაც შეგვიძლია აღვიქვათ,როგორც აზროვნების Reduction  ad absurdum   (აბსურდამდე დაყვანა).

  ბარნსი სწორედ ამ პროფანული, ყალბი, დეფორმირებული ხედვებით პაროდირებს ვინაიდან, მისთვის, ისევე როგორც ბევრი ფილოსოფოსისათვისა და მწერლისთვის არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, არ არსებობს  დროში გაქვავებული ფაქტი, არამედ არსებობენ ინტერპრეტაციები, რაც სწორედ  დროის მდინარებას  ხდის ქმედითს.

   რომანში ისტორია წარმოადგენილია როგორც    უწყვეტი, მრავალგანზომილებიანი, მრავალპლასტიანი და რაც ყველაზე მთავარია,  მრავალხმიანი ციკლური პროცესი. ისტორიის დემოკრატიზაცია  ბარნსისთვის   არა ერთი  ხმის ტოტალიზაციას, არამედ ხმების, მით უფრო,  მარგინალიზებული და განდევნილი ხმების   ქოროდ აღიქმება. ის წერს   დამარცხებულებზე იმდენად, რამდენადაც ავტორისთვის სწორედ დამარცხებულის, მივიწყებულის, დაჩაგრულის, ტრავმირებულის პერსპექტივაა უფრო ადეკვატური, უფრო რეალური, უფრო ავთენტური.  დანარჩენი უკვე მკითხველის ინტერპრეტაციის საქმეა.  მათზეა დამოკიდებული ვინ რომელ  ხმას გაჰყვება.   აქვე, ისიც უნდა  ითქვას,რომ ბარნსისთვის ისტორია  განსხვავებულ პოზიციათა  სინთეზია, რაც ცხადია, არანაირად არ გამორიცხავს ფიქციის ელემენტებსაც. ჩვენ თავად ვქმნით სარწმუნო ამბებს და მერე თავადვე ვიჯერებთ მათ რეალურობას.

 ბარნსისეული  მსოფლიოს ისტორიის დამასრულებელი, ფინალური  თავი ( გნებავთ, კარი) ,,სიზმარია’’.  ამ ტექსტის პირველი და ბოლო წინადადება იდენტურია, რაც  ერთი მხრივ, ჯულიან ბარნსის კონცეფციის ვიზუალიზაციაა, მეორე მხრივ კი-  ქმნის   უსასრულობის განცდას.

   პრაქტიკულად, ესაა რომანი ფინალის გარეშე. მისი ყოველი ახალი წაკითხვა გულისხმობს ფინალის ახალ ვერსიას.  ამ ყოველივეს კი მივყავართ პოსტმოდერნიზმისთვის  ნიშანდობლივ კიდევ ერთ  კომპონენტთან, რასაც ,, სიმულაკრი’’ ჰქვია:

,,მესიზმრა, რომ უკვე  გამღვიძებოდა-ეს კი, როგორც ვიცი, უძველესია სიზმრებს  შორის’’ .

   მართალია,  მეათე მოთხრობის  ნარატორის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც  თავად  ტექსტის  ქრონოტოპია   ჩვენთვის საგულისხმოდ  მნიშვნელოვანი.  პრაქტიკულად, მთავარი პერსონაჟი ისეთ  ტერიტორიაზე იმყოფება,  სადაც დრო-სივრცითი კატეგორიები არ მოქმედებს, გაუქმებულია.

  ,,სიზმარში’’ სამოთხე როგორც გადარჩენის, ხსნის, კონცეფტია დეკონტრუირებული.

 აქ  ყველა სურვილი ,,ხდება’’.  მთავარი პერსონაჟი   ელექტრომობილის მეშვეობით დადის  საშოპინგოთ. აქვს რეგულარული სექსი,  იკვებება    იმდენჯერ, რამდენჯერაც თავად სურს. დეტალურად აღწერს  დაბრაწული პურების,  ჩაის სმის ცერემონიის,  გრილზე შემწვარი პამიდორების და ხრტილებდაძრობილი ბეკონის დაგემოვნების პროცესს.

შეხვდა მაო ძედუნს,  ჰიტლერს, ჯონ ლენონს, დედოფალ ვიქტორიას,  უინსტონ ჩერჩილს, შექსპირს, მილტონს კარლ მარქსს, მერლინ მონროს და ა.შ.

 

1 2 3 4