საინტერესოა ისიც, რომ თითოეული მათგანი განსხვავებული   სტილის და ჟანრის  პაროდიას წარმოადგენს და შეიძლება ითქვას,  ვეებერთელა დრო-სივრცული პარადიგმის- დაწყებული ნოეს კიდობნიდან და დამთავრებული თერმობირთვული კატასტროფის ჩათვლით-  პაროდიზირებას და სრულ დეკონსტრუქციას  ისახავს მიზნად. პაროდია  ბარნსთან უნდა გავიაზროთ,როგორც მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც ის  ყველასათვის ცნობილ კულტურულ კოდებს აყირავებს და ყველასათვის ცნობილ ამბავს  ძალიან უჩვეულო რაკურსით გვიყვება.  მაგ.  პირველ  მოთხრობაში საუბარია  წარღვნის არექტიპულ ამბავზე, რაც არამარტო ბიბლიაში არამედ  ისეთ უძველეს შუამდინარულ ეპოსშიც კი ფიქსირდება, როგორიც ,,გილგამეშიანია’’, თუმცა ვიდრე კონკრეტული ამბების  ჰერმენევტიკულ ანალიზზე გადავიდოდე,  პირველ რიგში,  წიგნში შემავალი მოთხრობების პოეტიკაზე შევჩერდები:

  1. ,, უბილეთოდ დამგზავრებული’’
  2. ,,მომხდურები’’
  3. რწმენის საკითხი’’
  4. გადარჩენილი
  5. ხომალდის დაღუპვა
  6. მთა
  7. სამი უმარტივესი ამბავი
  8. ჯუნგლები, კინო, მდინარე

ჩანართი

  1. პროექტი ,,არარატი’’
  2. სიზმარი

  მკითხველის წინაზეა  მსოფლიოს ალტერნატიული ისტორია, ერთგვარი მიკრო მოდელი, რომელიც იკვლევს კატასტროფის და ამ კატასტროფაში მოხვედრილი ადამიანის, პიროვნების დამოკიდებულებას სამყაროს, საკუთარი თავის და სოციუმის მიმართ.

  მართალია, კრებულში შესულ მოთხრობებს  არა აქვთ საერთო სიუჟეტური ხაზი და რთულიც კია მათივე სტილისტური  თავისებურებების გამო ერთ მთლიანობად აღვიქვათ, მაგრამ ვფიქრობ, ორმაგი კოდირება და  ცნობილი არქეტიპული  სიუჟეტების დეკონსტრუქციაა ის  მეთოდოლოგიური საფუძველი, ის მიგნება,  ის  სააზროვნო ველი, რაც კრებულში შემავალ მოთხრობებს აერთიანებს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბეჭდვის დღიდან  წიგნმა ლიტერატურათმცოდნეთა და კრიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის  ბარნსის რომანთა ერთგული მკითხველებიც კი ორ ბანაკად დაჰყო: ნაწილი თვლის,რომ სტრუქტურული თვალსაზრისით,   ,,მსოფლიო ისტორია ათ ნახევარ კარად’’  რომანია, თავისი  პანორამულობის გამო, ნაწილი კი მოთხრობების კრებულად აღიქვამს.

  ერთი შეხედვით ასეცაა,  რადგან წიგნს არ ჰყავს ცენტრალური პერსონაჟი, არც პროტაგონისტი და არც  ანტაგონისტი. მასში ვერ შეხვდებით  უწყვეტ დრო-სივრცულ მარკერებს  და დრამატურგიულ  ხაზს, მაგრამ   ეს თვისებები სწორედ პოსტმოდერნისტული  რომანებისთვისაა დამახასიათებელი.  რაც შეეხება, ორმაგი კოდირების და მითის პაროდიის ტექნიკას, ეს, პრინციპში, არა მხოლოდ ჯულიან ბარნსის, არამედ მთლიანად პოსტმოდერნისტული კულტურის ერთ-ერთი სტილისტიკური მახასიათებელია, რისი მეშვეობითაც ტექსტის ღიაობის ალბათობა საგრძნობლად იზრდება.   თავად ტერმინის ავტორი  ავტორი  ცნობილი ბრიტანელი  არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე  ჩარლზ ჯენკსი გახლდათ. სწორედ  ის  საუბრობდა  პოსტმოდერნისტული არქიტექტურის თავისებურებაზე,რაც გულისხმობს ნოვატორული, ახალი,  ექსპერიმენტული ფორმისა და  ტრადიციული  სტილის სინთეზს.

  ორმაგი კოდირება ლიტერატურაში მოიაზრება,როგორც ორი ან შესაძლებელია, უფრო მეტი და რაც მთავარია ერთმანეთისგან  აბსოლუტურად განსხვავებული  სტილისტიკის, დისკურსის თუ ჟანრების სინთეზი, რაც მოითხოვს კიდეც  პაროდიის  მეთოდოლოგიურ საჭიროებას.

  ზურაბ ქარუმიძე თავის სტატიაში ,, პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი’’  ერთ საგულისხმო ასპექტს უსვამს ხაზს: ,, პოსტმოდერნისტული ხელოვნების უმთავრესი პრინციპი-პაროდირება- დეკონსტრუქციის სახესხვაობაა: კლასიკური ტრადიციის, ტექსტების, სტერეოტიპების, მითოლოგიური სახეების ხელახალი წაკითხვა, ინტერპრეტაცია მათთან პაროდიული თამაშის, დაშლის, მორღვევის მეშვეობით’’ .

  მოგეხსენებათ, პოსტმოდერნისტულ ტექსტში   ავტორის დიქტატურის  მოშლასთან ერთად წინა პლანზე იწევს რეალურისა და ილუზორულის, ყოფითისა და სიმულაციურის დიქოტომიური დაპირისპირება, ოღონდ კითხვის პროცესში  შეუძლებელიც კია  დადგინდეს ის ერთგვარი დემარკაციული ხაზი, რაც რეალურს  ანუ ფაქტად არსებულს გამოარჩევს წარმოსახულისგან, სიმულაციურისგან, მოგონილისგან, სიყალბისგან.  სწორედ ეს უცნაური სინთეზი, აღსანიშნისა და აღმნიშვნელის  კარდინალური  მორღვევა, მისი ტექსტიდან გაწოვა და  პაროდიის, როგორც მეთოდოლოგიური ხერხით, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტით ოპერირება ქმნის  პოსტმოდერნისტული ტექსტის ხიბლს.

  ბარნსის  რომანის პირველივე მოთხრობაში ნარატორს  სწორედ ძველი აღთქმის მიხედვით  ავთენტურ  ამბად ქცეული მოვლენის  სიმართლეში შეაქვს ეჭვი და  მითოსის დეკონსტრუქციის მეშვეობით,   უმცირესი დეტალის ( ჭიის  პერსონაჟად ქცევას ვგულისხმობ) ტოტალიზაციით  სამყაროს გადარჩენის და შესაბამისად, მსოფლიო ისტორიის ალტერნატიულ  ვერსიას გვთავაზობს.

    დავაკვირდეთ კიდევ ერთ ეპიზოდს, სადაც სწორედ  რეალურისა და  სიმულაციურის  კონფლიქტია  წარმოჩენილი.   თავისი მონოლოგის მიწურულს  ჭია   ( ავტორი) მკითხველს   ასე მიმართავს:

 ,,  თქვენ მუდამ სხვას გინდათ ყველაფერი გადააბრალოთ, ხოლო თუ ვერც ვერავის აბრალებთ-მაშინ უკვე იმის მტკიცებას იწყებთ, ეგ პრობლემა არც არასოდეს არსებულა, სულ თითიდან გამოწოვილი ამბავიაო.  თამაშის წესებსაც ხომ მუდამ თქვენს ჭკუაზე ცვლით და ისეთ რამეებსაც იგონებთ, დაბნეულობისგან პასუხსაც ვერავინ გაგცემთ’’.

  ბარნსი ეჭვქვეშ აყენებს  დაკანონებულ, კოლექტიურად შეთანხმებულ ან  კოლექტიურ ცნობიერებაში დალექილ  სიუჟეტურ სქემებს. მისთვის სწორედ არსებული სქემებია სტერეოტიპული და ქმნის სრულიად განსხვავებულ მიმართებას   არქეტიპულ სიუჟეტსა და მკითხველს შორის,  სიმულაციასა და  ყოფით, არსებულ, ავთენტურ ამბებს შორის და ა.შ.

   ,,ისტორია  კოშმარია, საიდანაც გამოფხიზლებას ვცდილობ’’- ამბობს ჯეიმზ ჯოისის   ავტობიოგრაფიული რომანის  პერსონაჟი სტივენ დედალოსი. ანალოგიურად ფიქრობს ჯულიან ბარნსი და   ჯოისის ამ მოსაზრების ერთგვარ ვარიაციებს, ოღონდ ბარნსისეულად სარკასტულსა და სკეპტიკურს, ძირითადად მის პოსტმოდერნისტულ ტექსტებში შეხვდებით.

 

1 2 3 4