ესაა სივრცე, რომელიც ჯოჯოხეთის ფუნქციასაც ითავსებს ანუ  გაყალბებული სამოთხე. სამოთხე, სადაც  ყველა სურვილის განხორციელებაა შესაძლებელი და სწორედ ეს არის სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა.  ქმედებათა უსასრულო პროცესი, რომელიც არ სრულდება იმდენად, რამდენადაც აქ ტანჯვა მარადიულია. აქ  სტალინი, ჰიტლერი და მერლინ მონრო ერთ სივრცეში არიან განთავსებულები. ესაა  სამოთხის პაროდირებული ვერსია, სიმულაკრი ანუ  აღსანიშნი აღმნიშვნელის გარეშე, ასლი დედნის გარეშე.

  რომანის კონცეფციის გასაგებად კი ამ  ფრაგმენტის  გააზრებაა საჭირო.

მას შემდეგ, რაც  მთავარმა პერსონაჟმა  მოიწყინა, ის თავის მოსამსახურეს, სახელად ბრიგიტს, ეკითხება:

,,- ეს ნამდვილად სამოთხეა?

-ეგრეა.

-და მეორედ მოსვლის საქმე როგორღა იქნება?

-ვერ გავიგე?

იმის თქმა მინდოდა, ღმერთი სადაა-მეთქი?

-თქვენ რა, ღმერთი გჭირდებათ?

– და მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მე მჭირდება თუ არა?

-რას ბრძანებთ ეგაა სწორედ მთავარი.

(…)

-უნდა გითხრათ, რომ სამოთხე ჩვენს დროში ერთგვარად დემოკრატიული ინსტიტუტია.

-ამით რისი თქმა გინდათ?

-კაციშვილს არ ვახვევთ თავს, როგორ სამოთხეში სურთ ყოფნა-თავად აირჩიონ ან თავადვე ინატრონ, რაც უნდათ. ანუ იღებენ იმას, რასაც ითხოვენ.’’

   ბარნსის მიერ  დეკონსტრუირებული  სამოთხე, რომელიც თითქოს თავის თავში უნდა ატარებდეს   ხსნის, მარადიული სასუფევლის იდეას ( თუ იდეალს) ტრანსფორმიდა ჯოჯოხეთად. მთავარ პერსონაჟს  ყველა სურვილის რეალიზების უნარი აქვს, გარდა ერთისა. მას არ შეუძლია გაექცეს  უსასრულობისგან გამოწვეულ მოწყენილობას, რუტინას.    სასჯელის მთავარ ინსტრუმენტად კი  შემდეგი  ქმედითი ფორმულა იქცა:  ,,ყოველთვის იღებდე იმას, რასაც კი მოისურვებ და ვერასოდეს მიიღო ის, რაც გსურს’’ ანუ სიკვდილი.

თუ ჩვენს საუბარს დასკვნით სახეს მივცემთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმ მთავარი კომპონენტების თავმოყრა, რაც ბარნსის რომანის მაკონსტრუირებელ  ნაწილს წარმოადგენს.

  პრაქტიკულად, ჯულიან ბარნსი  ათი სხვადასხვა  თემატური კარის მეშვეობით ათ სხვადასხვა  რეგისტრში და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაში ქმნის  მსოფლიო ისტორიის მიკრო მოდელს.

 ის, რაც განასხვავებს ისტორიის ბარნსისეულ აღქმას   ჩვეულებრივი, საყოველთაოდ მიღებული ან   სტერეოტიპული აღქმისგან არის  ისტორიის დემოკრატიული განცდა. გააზრება იმისა,რომ ისტორიას არა მხოლოდ  გამარჯვებულები, არამედ დამარცხებულებიც  ჰყვებიან.  სწორედ მათი ხმა უნდა გახდეს დომინანტური,  მისაღები, შესამჩნევი.

 მსოფლიო ისტორიის  მიკრო მოდელს ჯულიამ ბარნსი პოსტმოდერნიზმში აპრობირებული  ტექნიკის ,,დეკონსტრუქციისა’’ და პაროდირების მეშვეობით აღწევს, რაც უფრო მეტად ხელშესახებს, უფრო მეტად მძაფრს და ქმედითს ხდის იმ კონცეფციას, რაზეც  აგებს თავის რომანს ავტორი.

როგორც ჯოის ქეროლ ოუტსი  თავის რეცენზიაში: ,, ნოე არ ყოფილა სასიამოვნო  კაცი’’ამბობს:  ჯულიან ბარნსი  ,,პრე-პოსტ მოდერნისტული სახეობის  ჰუმანიზმის  კვინტესენციაა.’’

1 2 3 4