პოსტმოდერნიზმი ( მოდერნიზმის მსგავსად) კომპლექსური ცნებაა, რომელიც  მოიცავს არა მხოლოდ ლიტერატურაში არსებულ ცვლილებებს, არამედ  ისტორიული, კულტუროლოგიური და პოლიტიკური დისკურსების თუ სააზროვნო მოდელების  რადიკალური   ტრანსფორმაციის პროცესსაც.

  თავად  ტერმინის ზუსტი, ფიქსირებული  დეფინიცია დღემდე საკამათოა იმდენად, რამდენადაც იგი  მრავალგვარი კრიტერიუმების და  მიმართებების შედეგად გადაიაზრება.

 ბელა წიფურია ნაშრომში ,,ქართული ტექსტი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა, პოსტმოდერნულ კონტექსტში’’ წერს: ,,პოსტმოდერნიზმი ამჯერად არაფრის გადაფასებას აღარ ახდენს, რადგან, ფაქტობრივად, უარს ამბობს რაიმეს ძიებაზე. უწინარეს ყოვლისა, ის უარს ამბობს აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებაზე. ამდენად, მას აღარ ჭირდება მისი გამოსახვის ფორმების ძიება. ამიტომაც, პოსტმოდერნისტული ხელოვნება ყველა ფორმასა და ყველა იდეას იღებს, მაგრამ ისე, რომ არაფრის აღარ სჯერა’’.

  პრაქტიკულად, პოსტმოდერნისტულ კულტურაში დიალოგი წარმოიქმნება  არა ავტორსა და მკითხველს შორის, არამედ ტექსტებს შორის ანუ ურთიერთობას აქვს ინტერტექსტუალური ხასიათი. ერთი ტექსტი ყოველთვის  გულისხმობს სხვა ტექსტებსაც.

  სტილურ-ჟანრობრივი პლურალიზმი სწორედ ის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია, რითაც პოსტმოდერნიზმი მოდერნისტული ესთეტიკისგან განსხვავდება.  აქვე, ერთ  ფაქტსაც უნდა გავუსვათ ხაზი: თუ , ვთქვათ, მოდერნიზმი იყო ერთგვარი  ლოგიკური რეაქცია ვიქტორიანული  მსოფლმხდეველობის და მორალის წინააღმდეგ, რისი გადაფასებაც სწორედ სოციალურ-პოლიტიკურმა კონტექსტმა განაპირობა, პოსტმოდერნიზმი არ გულისხმობს კონკრეტულად  მოდერნიზმთან პაექრობას. აქ უფრო საქმე გვაქვს კულტურული კოდების    პაროდირებასთან.

  პოსტმოდერნისტული ტექსტის ფარგლებში თავმოყრილია სხვადასხვა კულტურული თუ ლიტერატურული გამოცდილებები, ჟანრები, სტილისტიკი თუ მსოფლმხედველობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ღიაობისა და მიმღებლობის ანუ მრავალჯერადი ინტერპრეტაციის ვარიაციებს.

პოსტმოდერნისტული  ნაწარმოები ანტიდიდაქტიკურია. თუ მოდერნისტულ რომანში ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული ტიპის ქცევის მოდელი და ავტორი სწორედ ამ მოდელის აღწერის და ანალიზის ფონზე ლოგიკურად გვთავაზობს   შესაბამის  ცხოვრებისეულ  სიტუაციებს, პოსტმოდერნიზმის შემთხვევაში  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ავტორის  ავთენტურობის საკითხიც კი.  თხრობა ხდება მულტიპერსპექტიულია ანუ მრავალგვაროვანი.

   მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე, სტრუქტურალიზმის თეორეტიკოსი როლან ბარტი   თავის საეტაპო მნიშვნელობის სტატიაში ,,ავტორის სიკვდილი’’  აღნიშნავს: ,,რაც შეეხება თანამედროვე სკრიპტორს, იგი ტექსტთან ერთად იბადება, არ გააჩნია არანაირი ყოფიერება წერის დაწყებამდე და წერის გარეშე, იგი სულაც არაა ის სუბიექტი, რომელთან მიმართებაშიც მისი წიგნი პრედიკატი იქნებოდა; მხოლოდ ერთი დრო რჩება – სამეტყველო აქტის დრო და ყოველი ტექსტი მუდამ აქ და ახლა იწერება.’’

   ეს კი იმას ნიშნავს,რომ ტექსტის და თხრობის ველიდან  ავტორის  დიქტატურა  ქრება და ადგილი ეთმობა თავად წერის ანუ ქმნადობის  პროცესს.

  თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთი თვითმყოფადი და პროდუქტიული ავტორი ჯულიან ბარნსი იმ კატეგორიის მწერლის რიგს განეკუთვნება, რომელიც ყოველი ახალი  წიგნის წერისას ცდილობს  წარმოაჩინოს და ასახოს  არსებული რეალობა  არაერთგვაროვნად, განსხვავებულად, რაც ბუნებრივია მიიღწევა არამარტო  შესაბამისი სტილისტური არსენალის, არამედ   ჟანრობრივი პლურალიზმისა და   ცვალებადი ნარატივის დინამიზმის  პირობებში.

   ქართულად ბარნსის  6  რომანია თარგმნილი:

  1. ,, ფლობერის თუთიყუში
  2. ,,დროის ხმაური’’
  3. ,, დასასრულის განცდა’’
  4. ,,ერთადერთი ამბავი’’
  5. ,,მსოფლიო ისტორია 10 1/2 კარად ‘’
  6. ,, ინგლისი,ინგლისი’’

  პრაქტიკულად, ექვსივე რომანი  სტრუქტურული, ჟანრობრივი, შინაარსობრივი და სტილისტური თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებულ ტექსტებს წარმოადგენს.   ,,ფლობერის თუთიყუში’’   (1984)  ცნობილი ფრანგი  მწერლის გუსტავ ფლობერის მკვლევარის  ჯეფრი  ბრაითუეიტის ისტორიაა და ამავდროულად სატირა კრიტიკოსების წინააღმდეგ.   ,,დასასრულის განცდა’’,რომელმაც 2011 წელს  ბუკერი აიღო,  ხანდაზმული ტონი უებსტერის პირით  მოთხრობილი  ისტორიაა  და წარმოადგენს  ერთგვარ  ტრაგიკულ აღსარებას, რეფლექსიას საკუთარი თავის, საკუთარი მეგობრების და დროისა.     ,,დროის ხმაური’’   ბიოგრაფიული რომანის ჟანრს განეკუთვნება და მასში  ცნობილი რუსი კომპოზიტორის დიმიტრი შოსტაკოვიჩის სტალინური პერიოდის ამბებია  მოთხრობილი. ,,ერთადერთი ამბავი’’ ბარნსის ჯერჯერობით უკანასკნელი რომანია  და  პირველ პირში პოლ რობერტსის  ამბავზე, მის სასიყვარულო  ისტორიაზეა აგებული,ხოლო   ,,ინგლისი, ინგლისი’’ (1998)  პოლიტიკური სატირაა და  ეროვნულ იდენტობას ისტორიციზმისა და სიმულაციურის კონფლიქტის ფონზე იკვლევს.

   რაც შეეხება,  1989 წელს დაბეჭდილ წიგნს ,,მსოფლიო ისტორია 10 1/2 კარად’’ იგი  ბარნსის სხვა ტექსტებისგან გამოირჩევა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის, ჟანრობრივი ეკლექტიზმისა და რაც ყველაზე მთავარია, მითის, მითოსის  პაროდირების თავისებურებით.

 თავიდანვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნული წიგნი  მოთხრობათა კრებულია, თუმცა მასში შემავალი  ათივე მოთხრობა ( ერთი დამატებითი ჩანართით) შინაგანი  ლოგიკური ბმის მეშვეობით ერთ მთლიან პანორამულ  სურათს ქმნის და  საერთო კონტექსტუალური თვისების გამო შეგვიძლია რომანადაც ჩავთვალოთ.

 

1 2 3 4