მერი ჯონის ბარათს უტოვებს. იმედოვნებს, რომ ჯონი მას მოაკითხავს და როდესაც უგონო მდგომარეობაში ნახავს, საავადმყოფოში წაიყვანს, გადაარჩენს, ყველაფერს მოინანიებს და ცოლობასაც სთხოვს. მაგრამ ჯონი არ მოდის და მერი კვდება.
ჯონი და მეგი ქორწინდებიან და ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც A პარაგრაფშია.

C.

ჯონი, არც ისე ახალგაზრდა კაცი, მერიზეა შეყვარებული. ჯონი წუხს, რომ თმა სცვივა. ხოლო მერი კი, რომელიც მხოლოდ ოცდაორი წლისაა, უთანაგრძნობს და წევს მასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს. მერიმ ჯონი სამსხურში გაიცნო. მერის ერთი ოცდაორი წლის კაცი უყვარს, სახელად ჯეიმსი, რომელიც ჯერ არ დაღვინებულა.

ჯონი კი, პირიქით, დიდი ხნის წინ დაღვინდა და სწორედ ეს აწუხებს. ჯონის სტაბილური, პრესტიჟული სამსახური და წარმატებული კარიერა აქვს. თუმცა მერი მისით დიდად მოხიბლული არ არის, მას ხიბლავს ჯეიმსი, რომელიც მოტოციკლეტით დაქრის და მუსიკალური ჩანაწერების უზარმაზარი კოლექცია აქვს. ჯეიმსი თავისუფალია და თავისი მოტოციკლეტით სულ სადღაც დაგრიალებს. გოგოებს თავისუფლება სხვაგვარად ესმით და ამიტომ მერი ყოველ ხუთშაბათ საღამოს ჯონისთან ერთად ატარებს. ხუთშაბათი ერთადერთი დღეა, როდესაც ჯონი სამსახურს თავს აღწევს.

ჯონის ჰყავს ცოლი მაგდა და ორი შვილი, აქვს მშვენიერი სახლი, რომელიც მანამდე იყიდეს, ვიდრე ფასები ავარდებოდა. ჯონის და მეგის აქვთ ჰობი, რომელიც სიცოცხლის ხალისს მატებთ. ჯონი უხსნის მერის, რომ მერი ძალიან მნიშვნელოვანია ჯონისთვის, მაგრამ ცოლს ვერ მიატოვებს, რადგან ვალდებულება ვალდებულებაა. ამ თემაზე იმდენს ლაპარაკობს, რომ ბოლოს მერის ბეზრდება, მაგრამ რადგან ამ არც ისე ახალგაზრდა კაცს შეუძლია, დიდხანს არ გაჩერდეს, მთლიანობაში, მერი თვლის, რომ საკმაოდ კარგად ერთობა.

ერთ დღეს ჯეიმსი მერისთან თავისი ბოლო მოდელის კალიფორნიული ჰიბრიდული მოტოციკლით მიქრის. ორივენი იმაზე მეტად ბოლდებიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ლოგინში ძვრებიან. თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ, მაგრამ ამ დროს ოთახში ჯონი შემოდის, რომელსაც, მოგეხსენებათ, მერის ბინის გასაღები აქვს. ჯონი დაბოლილ და ერთმანეთში გადახლართულ ჯეიმსსა და მერის თავზე ადგება, თუმცა ვერც კი ეჭვიანობს, რადგან მაგდა ახსენდება და ემოციებს გულში იკლავს. ბოლოსდაბოლოს, ის ახალგაზრდა აღარაა და იმის წარმოდგენაც კი აგიჟებს, რომ სულ ორ წელიწადში კვერცხივით გამელოტდება. ჯონი იარაღს ყიდულობს, ამბობს, რომ მიზანში სროლის სწავლა უნდა, – ეს ამ ამბის ყველაზე სუსტი ადგილია, მაგრამ მოგვიანებით გადახედვა შეიძლება, – ორივეს კლავს და თავსაც იკლავს.
მეგი, გლოვისთვის გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ, ერთ გულისხმიერ კაცს, სახელად ფრედს, ცოლად მიჰყვება და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც A პარაგრაფში წერია, თუმცა ამჯერად სახელებია შეცვლილი.

D.

ფრედი და მეგი უზრუნველად ცხოვრობენ. ისე არიან შეხმატკბილებულები, ყველა უმნიშვნელო გაუგებრობას, რომელიც იშვიათად თუ სადმე წამოყოფს ხოლმე თავს, მყისიერად აგვარებენ. ზღვისპირას, პატარა მყუდრო სახლში ცხოვრობენ. ერთ დღეს მათ სანაპიროს უზარმაზარი ტალღა მოადგება. უძრავი ქონების ფასი ეცემა. ამბის მეორე ნაწილი აღწერს ზარალს, რომელიც ტალღამ იქაურობას მიაყენა და იმას, თუ როგორ დააღწიეს მათ სტიქიას თავი. ათასობით ადამიანი დაიხრჩო, ფრედს და მეგის კი იღბალი სწყალობთ – უვნებლად გადარჩნენ, რის გამოც გული მადლიერებით ევსებათ და ამბავი გრძელდება ისე, როგორც A პარაგრაფშია.

1 2 3 4