E.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ფრედს გული აწუხებს. ამბის დანარჩენი ნაწილი აღწერს ფრედის ავადმყოფობას, თუ როგორი სიკეთითა და მზრუნველობით ეპყრობა უკანასკნელ დღემდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს. ამის შემდეგ, A პარაგრაფის ბოლომდე, მეგი ქველმოქმედებას უძღვნის თავს. ამბავს კი, თუ გნებავთ, დაარქვით „მეგი“, „კიბო“, „დამნაშავე და დაბნეული“ ან „ფრინველებზე დაკვირვება“.

F.

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ამბავი მეტისმეტად ბურჟუაზიულია, შეგიძლიათ ჯონისგან რევოლუციონერი გამოიყვანოთ, ხოლო მერი კი კონტრდაზვერვის აგენტად აქციოთ და ნახოთ, სადამდე მიხვალთ. გახსოვდეთ, ეს კანადაა და ამბის ბოლო მაინც A პარაგრაფია, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დასაწყისიდან ფინალამდე, ალაგ-ალაგ, ბობოქარ ან ვნებიან, ჩვენი დროის ქრონიკების მსგავს ავხორც საგასაც კი დაემგვანოს.

აღიარეთ, რომ ამ ამბავს, რაც გინდა, ჭრა და კერო, ბოლო მაინც ერთი აქვს. ეცადეთ, სხვა დასასრულმა არ გაცდუნოთ. გახსოვდეთ, ყველა სხვა დასასრული ყალბია, ან განგებ გაყალბებული, რომ დაუნდობლად მოგატყუონ, თუმცა, შეიძლება ეს ტყუილი გადაჭარბებული ოპტიმიზმით ან გულწრფელი გრძნობებითაც კი იყოს ნაკარნახევი.

აი, ერთადერთი ჭეშმარიტი დასასრული:
ჯონი და მერი მოკვდნენ. ჯონი და მერი მოკვდნენ. ჯონი და მერი მოკვდნენ.

სულ ესაა. როგორც წესი, დასაწყისი უფრო მხიარულია ხოლმე. როგორც ცნობილია, ნამდვილ პროფესიონალებს უყვართ დასაწყისსა და დასასრულს შორის გადაჭიმული მონაკვეთი, რადგან ყველაზე რთულია, მას რამე მოუხერხო.
უკვე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც შინაარსს შეეფერებოდა. შინაარსი ერთი მეორეს მიყოლებული ამბავია, რა და რა და რა.

ახლა შეეცადეთ დაწეროთ, როგორ და რატომ.

 

1 2 3 4