ბედნიერი დასასრული

 

ჯონიმ და მერიმ ერთმანეთი გაიცნეს.
რა მოხდა მერე?
თუ ბედნიერი დასასრულის ხილვა გსურთ, წაიკითხეთ პარაგრაფი A.

A.

ჯონის და მერის ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ორივეს საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, რაც სიცოცხლის ხალისს მატებთ. ჯონი და მერი მშვენიერ სახლს ყიდულობენ. უძრავ ქონებას ფასი ედება. როცა ფეხზე უკვე მყარად დგანან, ორ შვილს აჩენენ, რომლებსაც თავს ევლებიან. საღი ბავშვები ეზრდებათ. ჯონის და მერის ენერგიული სექსი აქვთ და შემოსავლიანი მეგობრები ჰყავთ. ისინი შვებულებებს მხიარულად ატარებენ. ჯონი და მერი პენსიაზე გადიან. ჰობი ისეთი აქვთ, ისე არიან გატაცებულები, სიცოცხლე ახლა უხარიათ. ბოლოს კვდებიან. ესაა  ამ ამბის დასასრული.

B.

მერის ჯონი შეუყვარდა, მაგრამ ჯონის არ უყვარს მერი. უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის და ეგოს დასაკმაყოფილებლად მის სხეულს იყენებს. ამ მიზეზით ჯონი კვირაში ორჯერ მერის სახლს სტუმრობს. მერი საჭმელს უმზადებს. აქ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ჯონის თავში არასდროს მოსდის, მერი სადმე სადილად დაპატიჟოს. სადილის შემდეგ ის ქალს ჟიმავს და იძინებს. ამ დროს ქალი ჭურჭელს რეცხავს, სექსის მერე კაცმა არ იფიქროს, ბინძურიაო, და ტუჩზე პომადის მეორე ფენას ისვამს, რომ დილით როცა გაიღვიძებს, კარგად გამოვიყურებოდე იქნებაო. თუმცა, როცა მერი დილით იღვიძებს, ჯონი მას ზედაც არ უყურებს, წინდებს, ტრუსს, შარვალს, პერანგს, ჰალსტუხს და ფეხსაცმელს იცვამს, ანუ საწინააღმდეგო თანმიმდევრობით, ვიდრე გახდისას. თავად არასდროს ხდის ტანსაცმელს მერის, მერი ყოველთვის თვითონ იხდის, და ყოველ ჯერზე ისე იქცევა, თითქოს ჯონი სიგიჟემდე მოენატრა, არა იმიტომ, რომ სექსი უყვარს, არამედ იმიტომ, რომ უნდა, ჯონიმ ასე იფიქროს, რადგან თუ სექსი ხშირად ექნებათ, მაშინ კაცი აუცილებლად შეეჩვევა, სულ მალე მასზე დამოკიდებული გახდება და ცოლად მოიყვანს. მაგრამ ჯონი სახლიდან უსიტყვოდ გადის, სამ დღის მერე, საღამოს ექვს საათზე ბრუნდება და ორივენი თავიდან ბოლომდე იგივეს იმეორებენ.

მერე მერის ძალა ეცლება. გასაგებია, რომ ღამით ლოგინში ტირილი სახის კანისთვის მავნებელია, მაგრამ მერი თავს მაინც ვერ იკავებს. სამსახურში თანამშრომლები რაღაცას ამჩნევენ. მეგობრები ეუბნებიან, რომ ჯონი ვირთხა, ღორი და მამაძაღლია, რომ მისი ღირსი არაა, მაგრამ მერის ეგ არ სჯერა. მეგის ის სჯერა, რომ ჯონიში სხვა, ჯონიზე გაცილებით უკეთესი ჯონი ცხოვრობს, რომელიც ერთ დღეს ამ ჯონიდან მოულოდნელად ამოყოფს თავს, ზუსტად ისე, როგორც ჭუპრიდან პეპელა, ყუთიდან ჯეკი, ან ქლიავიდან კურკა. ოღონდ ამ ჯონის, როგორც საჭიროა, ხელი ისე უნდა ჩაკიდო და მოუჭირო.

ერთ საღამოს ჯონის სადილი არ მოსწონს. ადრე მას საჭმელზე არასოდეს დაუჩივლია. მერის გული სტკივა. მეგობრები ეუბნებიან, რომ ჯონი ვიღაც ქალთან ერთად რესტორანში ნახეს. ქალს მეგი ჰქვია. მერის მეგი იმდენად არ აგიჟებს, რამდენადაც რესტორანი. ჯონის მერი რესტორანში არასოდეს წაუყვანია. მერი საძილე აბებსა და ასპირინს მუჭში იგროვებს და ნახევარ ბოთლ ჩერისთან ერთად სვამს. ხომ ხედავთ, როგორი ქალია, ვისკი მაინც დაეყოლებინა!

1 2 3 4