იყო და არა იყო რა

 

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი და ლამაზი ღარიბი გოგონა. გოგონა ტყეში პატარა სახლში, ბოროტ დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.“
„ტყეში? ტყე ძველმოდურად ჟღერს. განმარტოებით დასახლება დღევანდელი საზოგადოებისთვის მიუღებელი ქმედებაა. მოდით, ტყე რომელიმე ურბანული ტერმინით შევცვალოთ.“
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი და ლამაზი ღარიბი გოგონა. გოგონა ქალაქის გარეუბანში, პატარა სახლში ბოროტ დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.“
„ასე უკეთესია, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, „ღარიბის“ გამოყენება აქ უადგილოა.“
„ღარიბი იყო!“
„სიღარიბე ფარდობითი მცნებაა. სახლში ცხოვრობდა, არა?“
„კი.“
„სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ის ღარიბად არ ითვლება.“
„კი, მაგრამ, ფული საერთოდ არ ჰქონდა! ამბის თხრობისას ხაზგასასმელი ფაქტია ისიც, რომ მას ძველმანები აცვია და ბუხრის წინ სძინავს.“
„აჰა! ბუხარიც ჰქონიათ! უნდა გითხრა, რომ ღარიბებს ბუხარი არ აქვთ. როგორც კი დაღამდება, წაგიყვან, პარკებსა და მეტროებში უსახლკაროებს გაჩვენებ. ნახე, როგორ სძინავთ მუყაოს ყუთებში და მიხვდები, რას ნიშნავს სიღარიბე!“
„კარგი, იყო ერთი საშუალო კლასის გოგონა, ლამაზი და კეთილი.“
„მოიცა. „ლამაზი“ ალბათ შეგვიძლია გამოვტოვოთ, არა? დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფიზიკურად სრულყოფილ იდეალებს გვახვევენ თავს. ქალებს ეს აშფოთებთ… რეკლამებში გადაღებული თოჯინებივით მოდელები გაიხსენეთ. არ შეიძლება, ლამაზი კი არა, რამე სხვა… რა ვიცი… უფრო… ჩვეულებრივი გამოვიყენოთ?“
„იყო ერთი ოდნავ ჭარბწონიანი გოგონა, რომელსაც წინა კბილები უსწორმასწოროდ უჩანდა. მას…“
„არა მგონია, ფიზიკური ნაკლის გამო ადამიანების დაცინვა მოსაწონი საქციელი იყოს. ამას გარდა, ანორექსიის პროპაგანდას ეწევით.“
„არავის დავცინი! უბრალოდ, გოგონა აღვწერე…“
„არ გვინდა გარეგნობის აღწერა. გარეგნობის აღწერა ადამიანის შევიწროვებამდე მიგვიყვანს. თუმცა, შეგიძლიათ თქვათ, რა ფერისაა გოგონა.“
„რა ფერზე მელაპარაკებით?“
„ვერ ხვდებით? შავი, თეთრი, წითელი, ყავისფერი, ყვითელი, დიდი არჩევანია. ახლავე გაფრთხილებთ – ყელში ამომივიდა თეთრი. დომინანტური კულტურა ესა, დომინანტური კულტურა ისა.“
„ფერის აზრზე არ ვარ.“
„ალბათ თქვენი ფერისა, არა?“
„რატო ჩემი ფერისა? მე რა შუაში ვარ? ამბავი გოგონაზეა.“
„თქვენ ყველაფერის შუაში ხართ“.
„როგორც ვხედავ, ამბის მოსმენა არ გინდათ.“
„კარგი, კარგი, გისმენთ. შეგიძლიათ ეთნიკურობა მიუთითოთ, უკეთესი გამოვა.“
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი, საშუალო შეძლების, ჩვეულებრივი გარეგნობის კეთილი გოგონა, რომელიც თავის ბოროტ…“
„ჰო, ესეც. კეთილი და ბოროტი. არ გეჩვენებათ, რომ ადამიანების პურიტანულ-მორალისტური ეპითეტებით განსჯას თავი უნდა დავანებოთ? იმის თქმა მინდა, რომ… ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული, არა?“
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის, გარემოს კარგად მორგებული გოგონა, რომელიც არც ისე გახსნილი და საყვარელი იყო, რადგან ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგონა თავის დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.“
„გაცლებით უკეთესია. მაგრამ დავიღალე უარყოფითი ქალი-პერსონაჟებით და დედინაცვლების კრიტიკით! ჯობია მამინაცვლით შეცვალოთ. არ მეთანხმებით? უფრო ნათლად გამოჩნდება ის მიუღებელი სცენები, რომელთა აღწერასაც აპირებთ. მათრახები და ჯაჭვებიც დაუმატეთ. ყველამ კარგად ვიცით, როგორებიც არიან ეს გზაარეული, ცხოვრებისაგან დაჩაგრული შუახნის ვაჟბატონები.“
„ერთი წუთით! მე ვარ მაგ ასაკის.“
„მორჩით ახლა, მისტერ ნოუზი პარკერ! არავის უთხოვია თქვენთვის ჩარევა, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით. ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება. განაგრძეთ.“
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა – “
„რამდენი წლის იყო?“
„მე რა ვიცი. ახალგაზრდა.“
„და ყველაფერი ქორწინებით მთავრდება, არა?“
„ჰო, ბოლოში ასეა, კი.“
„მაშინ, ენის მოჩლექით ლაპარაკს თავი უნდა დაანებოთ. ის ქალია, მეგობარო, ქალი.
„იყო ერთი …“
„იყო რატომ? გვეყო მკვდარი წარსული. ახლანდელი ამბავი მიამბეთ.“
„ერთ ქვეყანაში …“
„ერთ?“
„რა ერთ?“
„რატომ სადღაც ერთ ქვეყანაში და არა აქ, ჩვენთან?“

 

ინგლისურიდან თარგმნა   დალილა გოგიამ

1 2 3 4