თქვენ შარშან თქვენი საზღვაო ფლოტში გატარებული დროის შესახებ  ჟურნალში დაწერეთ. კარგად მახსოვს, იქ თქვით, რომ რეალურად, იმ დროსაც გქონდათ დრო წიგნებისთვის.

 მართალია, წყალქვეშა ნავებზე მონადირე გემზე ვიყავი, და სხვათა შორის, კარგი წიგნები გვქონდა და ცოტა დროც.

წიგნების სახელი ხომ არ გახსოვთ?

– მახსოვს, რომ ჯეიმს ჯოისსა და ტომას სპენსერ ელიოტს ვკითხულობდით. ასევე,  ეზრა პაუნდსაც.

საინტერესოა, ახლაც თუ მოიძებნება ეზრა პაუნდის წიგნები ამერიკის საზღვაო ძალების გემებზე.

 ეჭვი მეპარება.

მანამდე, თქვენ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ჟურნალისტის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვეთ, ხომ არ ვცდები?

 დიახ, ჩაპელ ჰილში. ჩაპელ ჰილში თომას ვულფის გამო წავედი. მან დაწერა წიგნი სახლს მოხედე, ანგელოზო  და უნივერსიტეტში  თავისი ჟურნალიც გამოუშვა.

ბევრი დიდი მწერლის მსგავსად, წერა თქვენც სპორტით დაიწყეთ. ის სპორტული ამბები თუ გახსოვთ, რაზეც მაშინ წერდით?

 არა, არც ისეთი დასამახსოვრებელი მოვლენები იყო.

იმ დროს წერის გაგრძელებას აპირებდით?

– რა თქმა უნდა. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ერთადერთი ნიჭი მქონდა – წერის, და მეგონა, მეც თომას ვულფივით სწორედ იმ კოლეჯში წავიდოდი და მას დავემსგავსებოდი. იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი თაობისთვის, მისი წიგნი, სახლს მოხედე, ანგელოზო  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო. ის ისეთი წიგნია, რომელიც 18 წლის ასაკში უნდა წაიკითხო. თუ მას 40 ან 50 წლის ასაკში წაიკითხავ, მეტისმეტად რომანტიულად  მოგეჩვენება.

ომის შემდეგ პარიზში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

– პატარა რომ ვიყავი, დაახლოებით ორი წელი  ჩემს ფრანგ დეიდასთან გავატარე. მაშინ დედა ავად იყო და ამიტომ.  დეიდამ საფრანგეთში წამიყვანა,  სტრასბურგთან ახლოს  ვცხოვრობდით.  ფრანგული კარგად მაშინ ვისწავლე და დღემდე მახსოვს. ომის შემდეგ, 26-27 წლის ვიყავი, როდესაც დავბრუნდი, და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ  ჩემს მეორე სახლში მივდიოდი.

და საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდიც გქონდათ. როგორც აღნიშნეთ, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდით.

 მართალია, მაგრამ  ჩემი თემის თეზისი სენ-ჟერმანის ბულვარზე კაფეში დავწერე. ზუსტად მახსოვს, კაფეს მაბილონი ერქვა.

ის კაფე ისევ არსებობს?

– დიახ, ის დღეს ტურისტების საყვარელი ადგილია. ასევე ხშირად დავდიოდი ჯორჯ უიტმენის წიგნის მაღაზიაში, მაშინ მას სახელად მისტრალი  ერქვა, შემდეგ სადღაც, 1961 წელს, შექსპირი და კომპანია  დაერქვა. ჯორჯი ჩემი ძველთაძველი მეგობარი იყო. უამრავჯერ ვარ მასთან მაღაზიაში ნამყოფი და ღამეც უამრავჯერ დავრჩენილვარ.

ალბათ მეორე სართულზე?

– დიახ.

დაახლოებით, რომელი წელი იქნებოდა?

–  იქ პირველად 1947 წელს ვიყავი,  პარიზი კი 1950 წელს დავტოვე, 1 იანვარს, აქ მეორე დღეს ჩამოვედი.

 

1 2 3 4