ლორენს ფერლინგეტი: კარგი კვება, ხშირი სიცილი, ბევრი სიყვარული და არანაირი ნარკოტიკი

 

ცნობილი ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი, მხატვარი, მთარგმნელი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, აქტივისტი  ლორენს ფერლინგეტი 2018 წლის 24 მარტს 99 წლის გახდა. 1 მარტს მას  ჟურნალის  San Francisco Chronicle რედაქტორი, ჯონ მაკ-მურტრი ესაუბრა.

ლორენს ფერლინგეტიმ წიგნის მაღაზია დიდი ქალაქის ჩირაღდნები 65 წლის წინ, 1953 წელს მეგობართან ერთად დააფუძნა.

– გულით სულ იქ ვარ. – ამბობს ის ყველასათვის საყვარელ, მსოფლიოში ცნობილი წიგნის მაღაზიის შესახებ, რომელიც მეცხრე ავენიუზე, ნორს-ბიჩში მდებარეობს.

– და რეალურად ხშირად დადიხართ მაღაზიაში?

– როგორც პოეტს, – სიცილით ამბობს, – რა საქმე მაქვს რეალობასთან?

მართალია, ლორენს ფერლინგეტი, დიდი ქალაქის ჩირაღდნების ცხოვრებაში დიდად აღარ ერევა, მაგრამ სახელგანთქმული წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის სახელგანთქმული დამაარსებელი და სან-ფრანცისკოს ყოფილი პოეტი-ლაურეატი დღემდე აქტიურ ცხოვრებას ეწევა და ისეთი ნათელი გონება აქვს, რომ ბევრ მასზე გაცილებით ახალგაზრდასაც კი შეშურდება.

ათწლეულების განმავლობაში, ფერლინგეტი, პერიოდულად, ბიგ სურიში, პატარა ქოხში, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა, თუმცა ბოლო ორი წელია,  იქ აღარ ყოფილა.

„მე ტყის კაცი ვიყავი“, – ამბობს უინკერსში დაბადებული ლორენს ფერლინგეტი, რომელიც სან-ფრანცისკოში 1950-იანების დასაწყისში, თავის აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, კირბისთან ერთად დასახლდა.

დღეს ის ბევრს დადის ფეხით, ასევე სისტემატურად ვარჯიშობს  წიგნებითა და ფურცლებით გამოვსებულ ოთახში,  რომელსაც სამუშაო სივრცედ იყენებს.

იატაკზე დგას ყუთი, რომელშიც მისი კრებული, ფერლინგეტის საუკეთესო ლექსები დევს. მშვენიერი, კომპაქტური კრებული შარშან გამომცემლობა New Directions-მა გამოსცა. ეს ის გამომცემლობაა, რომელმაც ასევე გამოსცა მისი ყველაზე პოპულარული წიგნი A Coney Island of the Mind. აღსანიშნავია, რომ  ამ კრებულის მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული.

A Coney Island of the Mind ეიზენჰაუერის დროს გამოვიდა და მასში შედის გულახდილი, პოლიტიკურად დატვირთული, იუმორითა და გაწონასწორებული იდეებით სავსე ლექსები, რომლებიც არაერთი  თაობისთვის საინტერესო საკითხავი აღმოჩნდა და პოეტის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილიც დაიკავა. პოეტი სასიამოვნო ბარიტონით ციტირებს ლექსებს ამ წიგნიდან, ხან დრამატული სიმშვიდით და ხანაც რიხიანად. ბოლოდროინდელ ლექსებს, რომლებიც ზეპირად არ ახსოვს, ელექტრონული გამადიდებლის საშუალებით ეკრანიდან გვიკითხავს. მხედველობისა და ოდნავ სმენის პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, ლორენს ფერლინგეტის არაჩვეულებრივი ჯანმრთელობა აქვს. ამასთან, არაჩვეულებრივადაც გამოიყურება – ფართო უჯრულა პერანგი და მუქი ლურჯი პულოვერი  აცვია და მრგვალი, კუს ჯავშნის  სათვალე უკეთია. მარჯვენა ყურზე პატარა, ბოლტის ფორმის საყურე მისი თვალების ცისფერს ეხამება, თეთრი წვერი კი მას ლაღი მეთევზის იერს აძლევს, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ადამიანი, რომელიც, მეორე მსოფლიო ომამდე, მანამდე, ვიდრე საზღვაო ფლოტში იმსახურებდა, კიბორჩხალებს იჭერდა.

ლორენს ფერლინგეტი ფართო საზოგადოებამ პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც ის და დიდი ქალაქის ჩირაღდნის კლერკი შ. მურაო 1957 წელს ალან გინსბერგის ლექსების კრებულის ყმუილი გამოქვეყნებისთვის გაასამართლეს. ამას მოჰყვა მოსამართლე ქლეიტონ ჰორნის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებდა, რომ ბიტთაობის პოეტის ლექსები არაკანონიერს არაფერს  შეიცავდა.

მას შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტის, ლორენს ფერლინგეტის ხმა ოდნავადაც არ შესუსტებულა. როდესაც სიტყვა პრეზიდენტ ტრამპზე ჩამოვარდა, შეუვალი გახდა: „ტრამპი ცუდი კაცია, და ამასთანავე, საშიშიც – სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ჩემი აზრით, ტრამპი დემოკრატიას ბოლოს მოუღებს.“

იტალიელი ემოგრანტების შვილი, ლორენს ფერლინგეტი, როგორც ყოველთვის, მხნედაა და მის ყველა სტუმარს იტალიურ ანდაზას აცნობს, რომელსაც ყველა თაობის სიბრძნეს უწოდებს. ის შემდეგნაირად ჟღერს: Mangia bene, ridi spesso, ama molto. – „კარგი კვება, ხშირი სიცილი და ბევრი სიყვარული.“ ამბობს ფერლინგეტი და ამატებს: „და არანაირი ნარკოტიკი“.

 

რამ გიბიძგათ პოეზიისკენ ასე ახალგაზრდა ასაკში?

 – ერთმა ქალმა (იცინის)

მისი სახელი გახსოვთ?

 – არა, არა. (იცინის)

როდის იყო ეს ამბავი?

 პოეზიის კითხვა სერიოზულად მაშინ დავიწყე, როდესაც სორბონაში სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობდი. მე საზღვაო ფლოტში ოთხი წელი ვმსახურობდი, ომის დროს ნორმანდიის ბრძოლის პირველივე დღეს გემზე ვიყავი,  კითხვის დრო ნამდვილად არ მქონდა.

 

1 2 3 4