სან-ფრანცისკო რატომ აირჩიეთ?

  პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ადგილი სამყაროს კიდეს ჰგავდა. ახლა რა თქმა უნდა, ასე აღარ არის. მაშინ იმდენი რამ აკლდა აქაურობას, რომ ნამდვილი ქალაქი გამხდარიყო, იმდენი რამ იყო ასაშენებელი და დასაარსებელი. მაგალითად ავიღოთ, წიგნების მაღაზია. იმ დროს 5 საათზე ყველა წიგნის მაღაზია იკეტებოდა, შაბათ-კვირას დასვენების დღე ჰქონდათ და არც სკამები იდგა, რომ ხალხი ჩამომსხდარიყო. როდესაც შეხვიდოდი, თავზე კლერკი დაგადგებოდა და შეგეკითხებოდა, რას ეძებო.

პირველი რამ, რასაც მივხვდი, ის იყო, რომ სან-ფრანცისკოში არ არსებობდა  ისეთი ადგილი, რომელიც ლიტერატურული საზოგადოების კერა გახდებოდა.  თავშეყრის ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა ლიტერატურული საზოგადოების ჩამოყალიბება გაქვს გადაწყვეტილი. ჰაერიდან არაფერი მოდის. ასე, რომ, სულ თავიდან, როდესაც 1953 წლის ივნისში დიდი ქალაქის ჩირაღდნები დავაარსეთ, ძირითადი იდეა ასეთი კერის შექმნა გახლდათ იმ ლიტერატურული საზოგადოებისთვის, რომელიც  ე.წ.  ბერკლის რენესანსიდან წარმოიშვა.  ხალხი მოაწყდა ჩვენს მაღაზიას, რადგან რადგან ის ამ ტიპის პირველი ცენტრი იყო.

რომ დავუბრუნდეთ სან-ფრანცისკოს და მის გარდაქმნას. რა არის თქვენი გადმოსახედიდან ყველაზე დიდი ცვლილება, რაც აქ მთელი ამ წლების განმავლობაში მოხდა?

 ამის შესახებ წიგნები დაიწერება. 1951 წელს სან-ფრანცისკო იყო ერთი პატარა პროვინციული დედაქალაქი. მაგალითად, ისეთ ადგილსაც ვერსად ნახავდი, სადაც კრუასანს ყიდდნენ, გარდა ერთისა, პარიზის დეპარტამენტის სარდაფისა, სადაც კაფე იყო განთავსებული. ასე, რომ ეს იყო ჩვენი პროვინციალიზმის გამოცდა. (იცინის)

რა ცვლილებაა კიდევ საჭირო აქ, სან-ფრანცისკოში, რომ ხელოვანი ადამიანები მოიზიდოს?

– დღეს სან-ფრანცისკო ძალიან პოპულარული ქალაქია მთელს ამერიკაში, მე ვიტყოდი,დღეს ამერიკაში სან-ფრანცისკოს ბუმია, უფრო დიდი ბუმი, ვიდრე ოქროს ციებ-ცხელების დროს 1850-1860 წლებში. ეს ფაქტორი ისე ცვლის აქაურობას, რომ 15 წლის შემდეგ, ვეღარაფერს იცნობთ. მართალია,  პროცესი ჯერ-ჯერობით ჩრდილოეთ სანაპირომდე არ მოსულა, მაგრამ ქალაქის დანარჩენ ნაწილში საშინელი საცობებია. ავტომობილები ყველა ქალაქს  ანადგურებენ, არა მხოლოდ სან-ფრანცისკოს.  ამას ავტოგედონს ვეძახი. ავტოგედონი ქალაქებს სპობს.

თქვენი ლექსები იუმორისა და პათოსის ნარევს წარმოადგენს. ფრანსის ფორდ კოპოლას ასეთი რამ აქვს ნათქვამი: „ლორენსი ჯერ გაცინებს, მერე სიმართლეს მოგახლის.“ ახლა უფრო რთული გახდა თქვენთვის ადამიანებში სიცილის გამოწვევა?

  არა, რატომ? თუმცა, ფრანსისი აბსოლუტურად მართალია. ძალიან ბევრი მაქვს ასეთი ლექსი.

მაინტერესებს, რადგან, როდესაც თქვენი წიგნი „ფერლინგეტის საუკეთესო ლექსები“ ვნახე, შევამჩნიე, რომ ადრე შედარებით უფრო მსუბუქი ენით წერდით, დროსთან ერთად, პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად  კი, ლექსებშიც თითქოს მუქმა ფერებმა იმატა.  თუ მეჩვენება? 

– არა, არ გეჩვენებათ, ლირიულობა ახალგაზრდობას ახასიათებს, ადრე უფრო ლირიული ვიყავი. მერე და მერე  უფრო ტრაგიკული ხდები.

1 2 3 4