და აჰა იგი. უნიტაზი. ჩემი მუზა. სამეფო ტახტივით, ამაღლებულზე რო წამოყუდებულა შუა ბარში. სოფა მივიდა, გარშემო შემოუარა და ზედ დაჯდა. – ხო გეუბნებოდი, – ვუთხარი, – შენ კიდევ არ გჯეროდა. ჰეი, ბარმენ, ახლა რო მოჯვას, დასალევს უფასოდ გვასმევ, ხო? – ახლა ისედაც უფასოდ დაგალევინებთ, – ამბობს ბარმენი. – ეგ ტუალეტი მუშაობს მარტო უიქენდებზე, როცა ხალხია და ივენთი. ახლა არავინ არაა და არ აქვს მუღამი. ამ დროს მესმის ბაკის ჩხრიალი. მოვიხედე და სოფა კაბას იწევს. – კაი ხანია მოფსმა მინდოდა, -თქვა და ბართან მოვიდა. – მოფსმაზეც უფასოა დასალევი? – ვეკითხები ბარმენს. – მოფსმაზე არა. მოფსმას რა უნდა, – ბარმენმა ტეკილიან ჭიქებს ლიმნის ნაჭრები შემოადო. – ლიმონი არ მინდა, მარტო მარილით მიყვარს, – უთხრა სოფამ. – ოკ, – თქვა ბარმენმა, სოფას ჭიქიდან ლიმონი აიღო და გაღეჭა. მერე ჩემი ჭიქიდანაც აიღო ლიმონი და ისიც გაღეჭა, თან მეკითხება: – არც შენ გიყვარს ხო ლიმონი? – მე მიყვარს, – ტეკილა მოვსვი და ბარმენს ვამცნე: – წეღან ტიპს ცეცხლი მოვუკიდე. – საღოლ, – იოლად დამიჯერა ბარმენმა. – მობილურს მპარავდა, – ავუხსენი. – მობილურს თუ გპარავდა, კაი ქენი, რო დაწვი. მოკლედ, ბარმენი ისეთ ღრმა კაიფშია, რეაქცია არ ექნება ბირთვულ ომზე. – იტყუება ეგა, იგონებს, – სოფა ეუბნება. გავხედე. უნიტაზის გარშემო ცეკვავს, ტრიალებს. მობილური ამოვიღე: – ჩაეხუტე აბა უნიტაზს, მაგარი ფოტო გამოვა. სოფა ჩაიკუზა, უნიტაზს მეგობარივით გადახვია ხელი და გაიღიმა. მერე ბარმენს ეკითხება: – რა ქვია ამ ბარს? უნდა დავჩეკინდე. – რავი, – ამბობს ბარმენი, – ბარია, რა. რასაც დაუძახებ, ეგ ქვია. სოფა გაკვირვებული მიაშტერდა: – მომწონს ეს მასტი. – მეც მომწონს, ჯიგარია. ეს რო არა, ასი წელი ვერ დავიწყებდი ახალ მოთხრობას. – მწერალი ხარ? – მეკითხება ბარმენი. – ინტერნეტ-მწერალი, – ვაზუსტებ. – ეგ რაღაა? – მარტო ნეტში ვაქვეყნებ, სხვაგან არსად. – მარტო ინტერნეტში იკითხება ჩვენი ნაწერი, – უხსნის სოფა, – წიგნი რო გამოვცეთ და გადაშალო, ვერ გაიგებ ვერაფერს. – ვერც ახლა გავიგე, – კეფას იფხანს ბარმენი. დიდება ალაჰს. ძლივს რაღაცით დაინტერესდა ეს ჩემის ბარმენი, ან, ცოტა გამოვიდა კაიფიდან. – მიდი, ანახე, – მითხრა სოფამ. მობილური ამოვიღე, შევედი ფორუმზე, უცებ ავკრიფე: – „დღეს ტიპს მოვუკიდე ცეცხლი“, – და მობილი ბარმენს მივაწოდე: – წაიკითხე. – წავიკითხე, – თქვა ბარმენმა. – ახლა ეს ნახე, – სოფას ჩანთიდან ქაღალდის ხელსაწმენდი ამოვიღე: – პასტა ხომ გაქვს? ბარმენმა საიდანღაც პასტა გაჩითა. გამოვართვი, ხელსაწმენდზე ისევ ის დავწერე: „დღეს ტიპს მოვუკიდე ცეცხლი“, და ბარმენს ვანახე: – დახედე, აბა. ბარმენი ხელსახოცს დააკვირდა: – რა ემართება, ე. ჯერ ეწერა და კითხვა რო დავიწყე, გაქრა უცებ. ფოკუსია რამე? მელანი ქრება, თუ რა პონტია? სოფას გაეცინა. – ხოდა მაგას გეუბნები, ბრო. მაგას ნიშნავს ინტერნეტ-მწერალი, – ვუღიმი და ტეკილას ვსვამ. ბარმენმა უნდობლად შემათვალიერა. შემდეგ ხელსახოცზე პასტით თავადაც დაწერა რაღაც: – არ ქრება, ამის დედაც. ჩემი ნაწერი არ ქრება… – შენ არ ხარ ინტერნეტ-მწერალი და იმიტომ, – ვეუბნები. სოფამ ამოიღო ჩანთიდან თავისი წიგნი, ადრე გამოცემული ლექსების კრებულის ერთადერთი ეგზემპლარი, და ბარმენს მიაწოდა. ბარმენმა ყდას დახედა: – შენი სახელი და გვარია? სოფამ თავი დაუქნია, – გადაშალე, მიდი. ბარმენმა გადაშალა: – რა არის ეს? ცარიელია? – ცარიელი არაა, უბრალოდ არ ჩანს, იმიტომ რო წიგნია. იგივე ლექსები დევს ინტერნეტში, ფორუმზე, და იქ თავისუფლად იკითხება. მიხვდი ახლა? – მოთმინებით ავუხსენი ბარმენს და იმ სტამბის მუშაკების სახეები წარმოვიდგინე, სოფას წიგნი რო აკინძეს და ხელში ცარიელი ფურცლები შერჩათ. მაშინ ხომ სოფამ ჯერ კიდევ არ იცოდა, ინტერნეტ-მწერალი რო იყო. მთელი ტირაჟი გადაყარეს, სოფას მიყენებული ზიანისთვის ბოდიშიც მოუხადეს და ვერაფერი რო ვერ გაიგეს, ამბავი მიაფუჩეჩეს. – ფურცელზე თუ გაძლებს, გაძლებს მარტო ამოპრინტული, და ისიც ერთი კვირა, – უთხრა სოფამ. ბარმენი მოგვაშტერდა. მერე გაგვიღიმა: – გაიზ, მგონი მაგარი დრაგი შემხვდა. ან კიდევ მეკაიფებით ახლა. – მაგარ დრაგს რა სჯობს, – მეც გავუღიმე, – ხო, გეკაიფებით. არ გეწყინა იმედია. თუ ამით გაგახარებ, გეტყვი, რო ჩემი ახალი მოთხრობის პერსონაჟი იქნები. – ჩემზე დაწერ? – მეკითხება ბარმენი. – დავწერ. – მერე, რას ვაკეთებ იმ შენ მოთხრობაში? – ბევრ დრაგს ეწევი, ყლეზე გკიდია ყველაფერი, დედა მოგიკვდება და ბოლოს საკუთარი პატრული ძმა გაგიგდებს ჩემს მოთხრობაში. – ვაა, მაგარია, – დაფიქრდა ბარმენი, – მაგ მოთხრობაში მე ხო არ მოვკვდები? – მე რავი, – ვპასუხობ, – ახლა რო მოკვდე, მოთხრობაშიც მოკვდები. – ოკ, მგონი გავიგე, – თქვა ბარმენმა, – დასალევს აიღებთ კიდევ? – ნწ. ტაქსის ფული დაგვრჩა მარტო. – მაშინ კიდევ ორ-ორი შოტი ჩემზეა და საერთოდ, მოდი ჩავხუროთ ბოთლი. გპატიჟებთ! – დიდი მადლობა! – უღიმის სოფა, – სამაგიეროდ, თუ გინდა, სტრიპტიზს გიცეკვებ! მუსიკას აუწიე ცოტა. შემდეგ უნიტაზის გარშემო დაიწყო ცეკვა, თან ნელნელა იხდის. ბოლოს ტანგის ამარა დარჩა და ტუალეტის ბაკს მოეფერა. – ჰა, როგორია? – გამოსძახა ბარმენს. – რავი, – თქვა ბარმენმა. – რა რავი, ბიჭო! – ეწყინა სოფას, – ცუდი გოგო ვარ? – შენ კაი გოგო ხარ, მაგრამ მე ვარ გეი, – უთხრა ბარმენმა და მე მომიბრუნდა: – შენს მოთხრობაში არ დაწერო რა, ჩემმა ძმამ არ იცის და რო წაიკითხოს, მომკლავს. – არ გამოვა ეგრე, ბრო, – ვეუბნები, – რახან გეი ხარ, უნდა დავწერო კიდეც, რო გეი ხარ. – სხვა შანსი არაა? – შანსი არაა! – დავუმოწმე და ტეკილა ვხიე. – კაი აზრი მომივიდა, – ამბობს ბარმენი. – აბა? – ჩავეკითხე. – ახლა რო დაგბრიდო, ხო საერთოდ ვერაფერს დაწერ? – ჰა? – ტეკილა ამომიბრუნდა ყელთან. – ახლა რო დაგბრიდო-მეთქი, ხო ვერ გაიგებს ჩემი ძმა, გეი რო ვარ, – თქვა ბარმენმა, დახლის ქვემოდან რემინგტონი გააძრო და ძლივძლივობით გადატენა. – შიგ ხომ არა გაქ, ბიჭო! – აკივლდა სოფა და უნიტაზის უკან ჩაიკუზა. ბარმენმა ესროლა. მთელი უნიტაზი თავისი ბაკიანად ნამსხვრევებად იქცა. სანამ ისევ გადატენიდა, კიბისკენ გავიქეცი, თან აქეთ-იქით ვხტუნაობ, რო, თუ მესროლა, ვერ გამარტყას. – სოფაა! – ვღრიალებ გზადაგზა, – ცოცხალი ხარ? სოფაა! – გიჟი ყოფილა ეს დედამოტყნული! – კივის სოფა საიდანღაც. ამასობაში ბარმენმა კიდევ  გაისროლა და ჩემს გვერდით დალეწა რაღაცა. – გამოიქეცი გოგო, დროზე! – დავიბღავლე და კიბეზე ავვარდი ბრაგაბრუგით, გარეთ გავვარდი. დაბლა ბარმენმა ისევ გაისროლა და სოფას კივილმა ამოაღწია ზემოთაც. უკან შევბრუნდი და კიბეზე ტანგისამარა, ტიტლიკანა სოფას შევეჩეხე. – დამტოვე ხო, შე ახვარო! – დამიყვირა სოფამ. – შე მშიშარა ახვარო, შენა! – მშიშარა მეორედ აღარ დამიძახო! – დავუღრიალე მეც, – ახალ მოთხრობას რო ვწერ, დაგავიწყდა შეჩემა? წაიკითხავენ და მართლა მშიშარა ვეგონები ხალხს! თან მკლავში ხელი წავავლე და ზემოთ ამოვათრიე. გარეთ გამოვედით და შუა ქუჩაში გავიქეცით. დროდადრო უკან ვიყურებით, მაგრამ ბარმენი აღარ მოჩანს. ალბათ ისევ გააბოლა და ფეხებზე დაიკიდა ყოველი, ან გადაავიწყდა. ძუნძულით მივრბივართ მაინც. უცებ სოფას მკლავი ნელნელა დამიმძიმდა ხელში და სოფა დაეცა. – მგონი, გამარტყა იმ ყლემ! – ამოიკვნესა და ფეხზე დაიხედა. ლამპიონის ქვეშ გავათრიე და ფეხი დავუთვალიერე. სისხლიანი ჰქონდა მთელი ფეხი მუხლსქვემოთ. – ოდნავ გაგკრა, ნუ გეშინია, – ვამშვიდებ, – ეგ რო მოგხვედროდა, ახლა ფეხი აღარ გექნებოდა საერთოდ. მოიცა, სასწრაფოში დავრეკავ. – სადმე შევიდეთ, შუა ქუჩაში ხო არ ვიწვები ეგრე, სისხლიანი და ტიტველი, – თქვა სოფამ. – კაციშვილი არ არის სოფ. გათენდება საცაა. ხალხს ძინავს, – ვეუბნები. – გავიყინე და მტკივა! – ატირდა სოფა. ავნერვიულდი. ამ დროს კაი რამ გამახსენდა, სოფა ხელში ავიტაცე და ქუჩას ავუყევი.

ხიდის ქვეშ ისევ კოცონი ენთო და მაგრად გამისწორდა. სოფა ცეცხლთან მივიყვანე და დავსვი. – კარგად დაგიგუზგუზებია, ბრო, – ვუთხარი იქვე მიმჯდარ ბომჟს. კიდევ დააყარა ალბათ საწვავი. მართლა საკაიფოდ გუზგუზებდა. ბომჟს არაფერი უთქვამს, თვალებგადმოყრილი ათვალიერებდა ტიტველ სოფას, მერე კი ამბობს: – მაგ გოგოს სისხლები რატო აქ ფეხზე? – ესროლეს, – ავუხსენი და ვთხოვე: – ცოტა დასალევი მომე, რა. ფეხზე დავასხამ. – სადღა მაქ დასალევი ძმაო, ზედ გადამასხი და ცეცხლი მომიკიდე წეღან, დაგავიწყდა? – სულ ხო არ გადამისხია, ხო დარჩა, მომე რა, ძმურად! – შევეხვეწე. – დანარჩენი დავლიე უკვე, – ბომჟმა თვალი ამარიდა. – მოიცა, მართლა დაწვი? – მეკითხება სოფა. – დამასხა პოლიტრა სპირტი და ცეცხლი მომიკიდა, გიჟია ესა, – შესჩივლა ბომჟმა. სოფას სიცილი აუტყდა: – მეგონა, იგონებდი. ბომჟი სოფას უყურებდა. ბოლოს ამოღერღა: – მგონი კიდევ მაქვს დასალევი. – ვაა! –  გამიხარდა, – მიდი, გააძრე! ბომჟმა ზურგჩანთიდან ბოთლი ამოაძვრინა, გახსნა, ლამის ნახევარი ჩაცალა და მომაწოდა. სოფასთან ჩავიკუზე, სისხლიანი ფეხი ცეცხლისპირას გავუშალე და ვუთხარი: – ახლა ცოტა აგეწვება. მერე ნაკადი ოდნავ დავასხი ფეხზე. – უუუ! – დაიღმუვლა სოფამ და დაიჭღანა. – თავიდან აგწვა, ახლა აღარ გეტკინება ისე, – დავამშვიდე და სპირტი უფრო ბლომად მოვასხი. სითხემ ფეხი მოუსუფთავა და წვივის კუნთთან გამოჩნდა სულ პატარა ჭრილობა, ვიწრო ზოლად. შვებით ამოვისუნთქე. – ხო გითხარი, ოდნავ გაგკრა. ბომჟი ჩვენს გვერდით ჩაცუცქდა და ფეხზე დახედა: – ეგ არაფერია. შრამიც არ დაგრჩება, – ეუბნება. – ხოო? – ეკითხება სოფა. – ასიანს გეუბნები! – დაარწმუნა ბომჟმა, – ახლა ეგ შეიხვიე და მორჩა, ხვალ აღარც გემახსოვრება. ჯიბიდან ბენდენა ამოვიღე, სპირტში დავასველე და ფეხი მაგრად შევუკარი: – ეგაა. სასწრაფოც არ დაგჭირდება მგონი. – ვიცი, – თქვა სოფამ, – კარგად ვარ უკვე. – გამოვუძახო ტაქსს თუ ვიყოთ ჯერ? – ვეკითხები. სოფამ ჯერ მე შემხედა, მერე ბომჟს და კოცონს, და თქვა: – ვიყოთ…

 

 

 

1 2 3 4