წამოვედი-მეთქი ჩემი უნიტაზიანი ბარიდან და გამოვუყევი ქუჩას. გვიანი ღამეა. მივდივარ იქით, სადაც სოფა დავტოვე და ვფიქრობ, ნეტა თუ ჩააღწია იქა. თუ ჩააღწია და ის ადგილი ჩემს უნიტაზიან ბარზე მაგარი ადგილი გამოდგა, გამოდის, რო ორი მაგარი ადგილი გვიპოვნია და ტყუილად არ წამოვყევით მეტროს ამ უცხო მხარეში. სადღაც, ხიდის ქვეშ რო შევედი, მერე მივხვდი რო გზა დამებნა და სოფას დავურეკე. არ აიღო. – ზარს ხო არ გამაშვებინებ? – მესმის ამ დროს. დავიხედე და ვერაფერი გავარჩიე. მერე მობილურის ფანარი დავანათე და ვხედავ, ვიღაც ბომჟი წევს ყუთებში, დახეული პლედები აქვს შემოხვეული და ბოთლი უჭირავს ხელში. – როგორ არა, აჰა, გაუშვი, – ვეუბნები და მობილს ვაწვდი. პირდაპირ რო მოსულიყო, ათიდან ცხრა შემთხვევაში გამომართმევდა და აითესებოდა, ასე ხდება ხოლმე, გატესტილი მაქვს, მაგრამ ეს სად უნდა გაქცეულიყო აბა. ჰოდა, ვენდე და მობი გავუწოდე. გამომართვა და სანამ ეს ზარს გაუშვებდა, ხიდის ქვეშიდან გამოვედი და გზას გავხედე. ზემოთ იყო მეტროს სადგური, სადაც მე და სოფა ჩამოვედით. იქვე სადღაც კი ის ქელეხის დარბაზი, იმ ტიპის წიგნის საღამო რო ტარდებოდა. ცოტა დაბლა – შენობა, რომელიც სოფას მოეწონა, იმიტომ რო მეტალის ხმები გამოდიოდა. მოკლედ, აღვიდგინე ორიენტაცია და ისევ ხიდისქვეშ შევბრუნდი: – ჰა, გაუშვი ზარი? – ბომჟს ვეკითხები. – რა ზარი? – მპასუხობს. – ზარი ხო უნდა გაგეშვა კაცო, მობი რო მთხოვე, – ვუხსნი. – რა მობი გთხოვე ძმაო, შარზე ხარ? – ამბობს და სვამს რაღაცას ბოთლიდან. ბოთლი ხელიდან გამოვტაცე და დავსუნე. კაი მძიმე სპირტს უბერავდა. ნახევარი ბოთლი ზედ მოვასხი, მერე ზიპო ამოვიღე, გადავხსენი, ავანთე და ვეუბნები: – მობი დააბრუნე ნაბიჭვარო, თორემ მოგიწყე ჭიაკოკონა! – კაი ჰო, კაი ჰო, ხუმრობა არ იცი ძმაო? – ბომჟმა სადღაც შეჩურთული მობი გამოიღო და მაწვდის, – მოიტა ეხლა აქა ბოთლი! მობი გამოვართვი, და უცებ ანთებული ზიპო დამივარდა, ზედ დაეცა. ისე წამში აალდა, ეგ სპირტი იქნებოდა ოთხმოცპროცენტიანი, უეჭველი. – ვააახ ჩემიი! ვაახ ჩემიი! – დაიწყო ღრიალი და წამოხტა წამში. გული გამისკდა შიშით. – ვაახ ბოზიშვილივიყო! – ავღრიალდი მეც, – არ მინდოდა ძმაო, მოიცა, გიშველი ეხლავე! არადა როგორ ვუშველო, აზრზე არ ვარ. ვდგავარ ასე და სპირტის ბოთლი მაქვს ჩახუტებული გულში. კიდევ კარგი, თავად არ მოეკიდა მგონი. რო გამოძვრა, ცეცხლი ადგილზე დარჩა და თვითონ სადღაც გაიქცა აკვამლებული, იქვე ახლოში ტყაპანი გაადინა რაღაცაში და უკანვე მობრუნდა, სულ სველი. – გიჟი ხარ ძმაო, გიჟი ხარ ძმაო, მობილის გულისთვის კაცს კლავდი? – მეკითხება ტირილნარევი ხმით. მერე ჩახუტებული ბოთლი შემამჩნია, გამომტაცა და სწრაფად გადაკრა. ვიდექით ეგრე და ცეცხლმოკიდებულ ყუთებს და პლედებს შევყურებდით. მე შიშით ჯერ ისევ დაშტერებული ვიყავი და ეს საქმიანად ეფიცხებოდა ალს, შრებოდა. – მალე ჩაქრება, – თქვა და გადმომხედა: – მობილის გულისთვის მწვავდი, კაცო? გიჟი ხარ შენ! ხმა არ ამომიღია, ისე წამოვედი. იმ საღამოზე დალეული ღვინოც გამომინელდა. მოვდივარ და ვხედავ, სოფა მოდის. მოვიდა ახლოს და ჩამეხუტა: – სად დაიკარგე შეჩემა? გავსკდი რეკვით. – ჰოო? არ შემოსულა ზარი. მეც რო ვურეკე აღარ მითქვამს. – რა ქენი, ჩახვედი იქა? – კი, – ამბობს სოფა. –  იმდენი ვურტყი კარებს, გამიღეს ბოლოს. სარეპეტიციო ყოფილა. სამი როჟა უკრავს და ბიოს ეწევიან. დარჩიო და წამოვედი. მისმინე, იქ რა ცეცხლებია? – მე რავი, აბა. – წამო მივიდეთ, ვნახოთ, – მთავაზობს სოფა და მიმათრევს. ისევ იქ მისვლა და ბომჟის ნახვა მაინცდამაინც არ მინდა და ვაჯახე: – გოგო, ბარი ვიპოვე. – ხოო? – ხო. – მერე, ვარგა? – შუაში უნიტაზი უდგათ თავისი ბაკით და ვინც შიგ მოჯვავს, უფასოდ ასმევენ, – ვუხსნი. სოფა მიყურებს და სიცილი უტყდება: – ღადაობ, შეჩემა? – არა, ნაღდად, – ვარწმუნებ. – მანახე, – ამბობს სოფა და გზას მივუყვებით. – ეგრე მინდა ახალი მოთხრობის დაწყება, – ვუთხარი სოფას. – როგორ? – ჩამეკითხა. – თუ მოჯვავ, დასალევი უფასოა – აი, ეგრე. – აჰაჰააა! – ეცინება. – ღადაობ? – არ ვღადაობ. ხო კაი დასაწყისია? სიცილი შეწყვიტა და დაფიქრდა: – რავი. გააჩნია რაზე დაწერ. – აი, ამაზე, – გარშემო ვიხედები და ხელებს ვშლი, – ყველაფერზე. – ჩემზეც? – მიღიმის. – აბა, რა! – მეც ვუღიმი და უცებ გავუმხილე: – წეღან ტიპს სპირტი გადავასხი და ცეცხლი მოვუკიდე. – აჰაჰაა! – სიცილით იჭაჭება სოფა, – რა საყვარელი ხარ, შეჩემა, ფანტაზია გაქვს მედუზის! მეწყინა: – მართლა მოვუკიდე, გოგო. – კაი, ხო, მოუკიდე, – მეუბნება სოფა და თმას მიჩეჩავს. – წამო ახლა და ის ბარი მანახე, თუ მაგასაც არ იტყუები. – ოკ, – ჩავკიდე ხელი და გავუყევით ღამის ქუჩას. – ასე მიყვარს, – თქვა სოფამ და მომეხუტა. – როგორ ასე? – აი, ჩვენ რო ვართ და სხვა რო არავინ არაა ქუჩებში. – ხო, მეც მიყვარს. – პატრულს დღეს რო არ გავუჩერებივართ, თუ ამჩნევ?  – ნუ ახსენებ, თორემ გაგვაჩერებს! – ვაფრთხილებ, – აგერ აქ იყო სადღაც. – ვინა? – ის ბარი. სოფამ მიიხედ-მოიხედა: – სადა აბა? ბარისა არაფერი ეტყობა აქაურობას. – აქ არის ნაღდად. ოღონდ არც ნიშანი აქვს, არც არაფერი წარწერა. სადღაც ჩავედი და ბარი ყოფილა. სოფა გაჩუმდა და ჩუმად მომყვება. ვიცი, რო არ ჯერა ჩემი და ვბრაზდები. არც ბარის ჯერა, არც იმის, ბომჟი რო გადავბუგე წეღან. შევედით ჩიხში, მივადექით იმ კარს, ხელი ვკარი და დაკეტილია, მე ამის. – ეგ არი რო? – მეკითხება სოფა, – ხომ არ შეგეშალა. – კი, ეგარი, – ვამბობ ეჭვით. შეიძლება მართლა შემეშალა, ამის დედაც. მაგრამ შანსი არაა, სოფას ის ბარი რო არ ვანახო. კარზე ვაბრახუნებ და ვყვირი: – გააღეთ რა, ძმურად. მე ვარ, წეღან რო ვიყავი! სოფა გვერდით მიდგას და ეცინება: – წამო ახლა, დაიკიდე ეგ ბარი. ტაქსის გამოვუძახოთ, შემცივდა ცოტა. – ჩავალთ ბარში და გავთბებით, – ვამშვიდებ და ვაგრძელებ ყვირილს და ბრახუნს. უცებ ზედ ცხვირწინ ინთება ლურჯ-წითელი შუქები და სირენა ჩამკივის ყურში. – გითხარი, პატრულს ნუ ახსენებ-მეთქი, – ვუსისინებ სოფას. – თარსი ხარ! – საიდან წამოგვეპარა ეს ჩემისა, – უკვირს სოფას. – გამოიძახებდა ვინმე, – ვამბობ და ფანრის შუქზე თვალს ვჭუტავ: – ნუ მანათებ რა, ძმურად! – გამარჯობა მოქალაქე, – ზრდილობიანად მესალმება პატრული, ფანრის შუქს სახიდან მაშორებს და სამხრე კამერაზე მანიშნებს, – შემდგომი გამოძიების მიზნით მიმდინარეობს თქვენი ვიდეოგადაღება! – აქეთ რა ზრდილობიანები ყოფილან, – თქვა სოფამ. – აჰა, გოგოც, ყოფილა, – თავისთავს ეუბნება პატრული. მანქანიდან ისმის ვიღაცის ხმა: – მოვედით გამოძახებაზე, ორნი არიან, დამხმარე ეკიპაჟი საჭირო არაა, გოგოა და ბიჭი. მერე მანქანიდან თავი გადმოყო და ყვირის: – მთვრალები ხართ თუ კაიფში? – ეს მთვრალია, მე კაიფში, – ალალად მოახსენა სოფამ და იღიმება, – ხოდა კიდევ, ჩვენ ორივე ვართ მწერლები! – წამოხვალთ ახლა განყოფილებაში და იქ გავარკვევთ ვინცა ხართ! – მანქანაში როა, მკაცრი ჩანს. ესა, კამერიანი კი გვეკითხება: – მართლა მწერლები ხართ? – დაგუგლე მიდი და ნახე, თუ არ გჯერა, – ეუბნება სოფა. პატრულმა გააძრო მობილი და მართლა გუგლავს: – რა ჩავწერო, აბა? სოფამ თავისი ვინაობა უთხრა. პატრული გაჩუმდა და ცოტა ხანში უნდობლად გამოხედა: – ეს ქალბატონი ვიდეოზე, თქვენ ხართ? ალბათ ის ვიდეო ამოაგდო, სოფა რომელიღაც ლიტერატურულ პრემიას რო იღებს, მარგარეტ ტეთჩერის ზმანზე. – კი, მე ვარ! ახლა ეს დაგუგლე, ეს ჩემზე ცნობილია! რა ცნობილი, ჩემიკაი. ერთი ლიტ-ფორუმის ბაბლი თუ მიცნობს ალბათ. ისიც ნიკნეიმით. – მჯერა, მჯერა,  – კამერიანი კამერას თიშავს და მორცხვად ამბობს: – იცით, მეც ვწერ! – ხოო? – ჩაეკითხა სოფა, – აბა, რამე წაგვიკითხე. პატრული შეყოყმანდა. მაგრამ მერე მობილურში ამოჩხრიკა რაღაც ტექსტი, ჩაახველა და გამოთქმით დაიწყო ლექსის კითხვა. და ღმერთებო-მეთქი, ვფიქრობ, ისე როგორ უნდა დავწერო რამე ამა ყოველზე, ისე როგორ შევიყვანო ახალი მოთხრობა, რომელიც დაიწყება სწორედ რომ დიდებულად, თუ არ დავწერე ამ პატრულის თანამშრომელზეც, ლურჯ-წითელი ათინათები რო გადასდის სახეზე და ორ პოტენციურ დამნაშავე ინტერნეტ-მწერალს, ერთს რო სამი კვირის სამყოფი მარიხუანა უდევს ჩანთაში და მეორემ ნახევარი საათის წინ კინაღამ მკვლელობა ჩაიდინა, უდგას წინ და უკითხავს ლექსს. არც მისმენია შინაარსისთვის. იმ მომენტით ვტკბებოდი წინასწარ, წერას რო შევუდგებოდი და პატრულთან შეხვედრის მონაკვეთს მივადგებოდი, და ნეტა საკაიფოდ დავწერო-მეთქი, ვნატრობდი, ან კიდევ რამე მოხდეს ახლა. იქნებ, საერთოდ, მოთხრობაში საპატრულო მანქანის კაპოტზე ავიყვანო და ისე წავაკითხო ლექსი? ის-ის იყო უნდა მეთხოვა, ძმურად, კაპოტზე ადი და ისე წაიკითხე-მეთქი, რო უცებ რუპორში გაისმა მეორე პატრულის ბღავილი: – თქვენ სულ ხომ არ გამოყლევდით, ბიჭო! – მოიცა ბიჭო ერთწამს, ლექსს ვკითხულობ! – დაუყვირა პოეტმა პატრულმა. – რაის ლექსს კითხულობ, შეჩემა, სულ გაუბერე? – ისევ რუპორში დაიღრიალა მეორე პატრულმა და მანქანიდანაც გადმოხტა: – ჩაიყარეთ ახლავე მანქანაში, ვის ვეუბნები-მეთქი! და ამ დროს იქვე გაისმა მშვიდი ხმა: – ჩემთან არიან, დიმა, რა გაყვირებს, ახლობლები არიან, ჩვენები! და ჩრდილიდან სიგარეტის ბჟუტვით გამოაჭრა მასტმა. ეგრევე ვიცანი – ჩემი ბარმენი იყო, ჩემი მუზა. – აგერ სოფა, ესაა, რო არ გჯეროდა! – ვინაა? – მეკითხება სოფა და ბარმენს ათვალიერებს. – იმ ბარის ბარმენია, უნიტაზი რო უდგათ! – შემოსასვლელი შეგეშალა, ძმაო, – მიღიმის ბარმენი, – ჩვენ აქეთ ვართ, მაქეთ სამრეცხაოა. ამასობაში მეორე, აგრესიული პატრული ბარმენს მიუახლოვდა და ჩუმად ეკითხება: – დედა მარტო როგორ დატოვე, ბიჭო? დღეს ხო ალი დგას ხოლმე ბარში. რა ვქნა ახლა მე, სმენა მივატოვო და სახლში გავიქცე? – ალის კორონა აეკიდა, – მშვიდად პასუხობს ბარმენი. – მერე, ვერ გამაფრთხილე? – ნერვიულობს პატრული, – რამეს ვიზამდი. მარტოა ახლა დედა და რო მოუვიდეს რამე, წამალი რო დაჭირდეს, ხო გაგატყავე ცოცხლად, შე ახვარო! – ბარმენმა სიგარეტი მოქაჩა, გააბოლა და ეგრევე მძიმე მოსაწევის სუნი მეცა. – დედა ისედაც მკვდარია, – ამბობს. – რა თქვი? რას ამბობ, ბიჭო! – დედა მოკვდა, – უხსნის ბარმენი და მარიხუანის კვამლს აბოლებს არხეინად, ვით სოკოზე წამოწოლილი მუხლუხო ალისას მხარეში. პატრული გაშტერებული უყურებს. შემდეგ ჩაიკუზა, სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო. შემეცოდა. მივედი და მხარზე ხელი მოვუთათუნე: – ვწუხვარ ძმაო. გისამძიმრებ. – ვიზიარებ, ძმაო, – ეუბნება პოეტი პატრულიც. – რა ჭირდა, კიმარა? – კითხულობს სოფა. – კიბო ჭირდა. ბოლო სტადიაში იყო. – ამბობს ბარმენი. ჩაკუზული პატრული წამოდგა, ცრემლი მოიწმინდა, ბარმენს მიუახლოვდა და უცებ მუშტი წყვიტა სახეში: – ყველაფერი ფეხებზე როგორ გკიდია, ბიჭო, შენი პლანაქეში დედა რო მოვტყან! დღეიდან ჩათვალე, ძმა აღარა გყავს! მერე მანქანისკენ წავიდა და ჩაჯდა. პოეტმა პატრულმა გახედა და დაიჩურჩულა: – ჩემი ლექსი თუ მოგეწონათ ჰა. ივარგებს რამედ? – მაგრად წერ, ბრო, – ვეუბნები მე. – არც მეგონა შენი თუ იყო, ისე მაგრად წერ. ტერენტის მეგონა თავიდან. სოფამ ჩაიფხუკუნა. პოეტმა პატრულმა ეჭვით გახედა, შემდეგ ესეც მანქანაში ჩაჯდა და მოხიეს. დაგვტოვეს. – ორ-ორი შოტი ტეკილა ჩემზეა, გპატიჟებთ, – თქვა ბარმენმა და გახეთქილი წარბიდან სისხლი მოიწმინდა, – პირსინგი მომაძრო ამ ჩემისამ. – ძმა იყო? – ეკითხება სოფა. – ბარმენმა თავი დაუქნია. – დედა მართლა მოგიკვდა? – ისევ შეეკითხა სოფა.  – აჰა, – ბარმენმა ისევ თავი დაუქნია  და ბარში ჩავედით.

 

 

 

1 2 3 4