– თუ მოჯვავ, დასალევი უფასოა, – მეუბნება ბარმენი.

აი, როგორ უნდა იწყებოდეს მოთხრობა. ვუყურებ შუა ბარში დაყუდებულ უნიტაზს, თავიდან დეკორაცია რო მეგონა და ვფიქრობ, რა მაგრად მიშველა ახლა ამ ბარმენმა. ერთი თვეა ვფიქრობ, როგორ დავიწყო ახალი მოთხრობა, ისე რო არ გამოვიდეს, თითქოს სწორედ ამაზე ვფიქრობდი ერთი თვე. ვუყურებ უნიტაზს და მახსენდება ისე დაწყებული წიგნები, რომლებსაც არაფერი ეტყობათ ერთთვიანი ფიქრისა: – ტომ – პასუხი არ არის, და ეგეთები. თუ მოჯვავ, დასალევი უფასოა! რა დიდებული დასაწყისია, ღმერთებო. ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა დავიწყო ახალი მოთხრობა.

– ძაან ჯიგარი ხარ, ბრო, – ვუღიმი ბარმენს.

– ვიცი, – მპასუხობს ბარმენი და ეგეც მომეწონა. კარგია, როდესაც ადამიანმა იცის, რო ჯიგარია. როდესაც ამ ბარმენივით იოლად და უბრალოდ შეგიძლია თქვა, რო იცი, ჯიგარი რო ხარ, დიდი ალბათობით ჭეშმარიტად ჯიგარი ხარ. უცებ გამახსენდა, რო აზრზე არ ვარ ამ ბარს რა ქვია. პირველად ვარ. ბარმენისთვის შეკითხვა მომერიდა და ამოვბრუნდი, რო ტრაფარეტი თუ წარწერა ან რამე ეგეთი მენახა შემოსასვლელში. ამოვიარე კიბე, ამოვედი ისევ იმ მიყრუებულ ჩიხში, მივიხედ-მოვიხედე და წარწერა არა ფეხები. საერთოდ არაფერი ეტყობა აქაურობას, სადმე ახლოში რო ბარია. გამოვუყევი ჩიხს, გამოვაღწიე ქუჩაზე და სიგარეტს მოვუკიდე. სოფას ველოდებოდი, რო მომეყოლა, უნიტაზიანი ბარი რო ვიპოვე. სოფა მთვრალი და ლაითად მოწეული დავტოვე რომელიღაც შენობის კართან, საიდანაც გამოისმოდა დაგუდული მეტალი, მაგრამ ქუჩაზე ნახევრად ამოსულ პატარა ფანჯრებში ვერაფერი გავარჩიეთ შიგნით. სულ ტყუილად ვუარეთ შენობას. კარიც ჩარაზული იყო და სოფამ თქვა: – მგონი ყველაზე მაგარ ადგილს მივაგენით. – შენ რა იცი შეჩემა, – ვუთხარი, – ვერ შევდივართ მაინც. – ყველასთვის არაა და იმიტომ, – მიხსნის სოფა, – დაველოდოთ და ვინმე რო ამოვა ან ჩავა, ამბავი ვკითხოთ, ალბათ პაროლი აქვთ რაიმე, დაკაკუნება. – ანდა ფეისბუქზე ექნებათ თავიანთი ჯგუფი და ახურებენ მარტო თვითონ, – ვეუბნები. – ჩვენზე მაგრად ვერ გაახურებენ, – თქვა სოფამ და ჩიბუხი ამოიღო ჩანთიდან, შიგ დარჩენილ მარიხუანას გაუკიდა და მოქაჩა, – თან ჩვენ ხომ მწერლები ვართ! და აგვიტყდა ორივეს სიცილი. ბევრ მწერალს ვიცნობ. ჩემხელა ჰიპსტერა მასტებსაც და უფროსებსაც, კოსტუმიანებს. სულ დაჩაჩანაკებულ მწერლებსაც ვიცნობ და შევამჩნიე, თავიანთი მწერლობა რო ფეხებზე კიდიათ, ეგენი უფრო კაი ტიპები არიან, მათთან არ მოიწყენ მოკლედ. არიან ისეთებიც, სიგელ-გუჯრებით და დიპლომებით რო აქვთ სავსე სახლი. მწერლობის ქსივებიც რო სულ თან დააქვთ და არ მიყვარს ეგ ხალხი. არც მათი წიგნები. აი, სოფას კიდევ მოწონს. რომელიმე ლიტერატურულ საღამოზე მეტყვის ხოლმე, – ნახე ვინა დგას იქა, წამო მივიდეთ, არყის სუნი ხო არ ამდის, დამსუნე აბა, – მომასუნთქავს და გაეშურება მერე და მიადგება ვიღაცას, ან ავტოგრაფს თხოვს, ან რავი, გამოელაპარაკება მოკლედ. მამრ მწერლებს სოფას ნახვა მაგრად უხარიათ, იმიტომ რო სოფაზე მაგარი ნაშა არ დადის ამ ქვეყანაში. თან მიმცემს გავს, არადა არ იძლევა ეგრე იოლად. არც მე მომცა, რო გავიცანი.

და გავიცანი აესე: ფეისბუქზე შემომივარდა ერთხელ ვიღაც მამაო და პიემში მაგინა. ავდექი და ვაგინე მეც. ჯერ მივწერე, მერე ვოისიც გავუგზავნე შვიდსართულიანი. მღვდლები წამდაუწუმ მლანძღავენ ხოლმე ჩემი პოსტების გადამკიდე და არ გამკვირვებია დიდად, მაგრამ ეს არ მომეშვა. ერთი თვე ვუტრიალეთ ერთმანეთს წინაპრები და უცებ მწერს: – მაგრად მევასები. ავდექი და კიდევ ვაგინე.  პასუხად მიგზავნის ვიდეოს, სადაც ძაან მაგარი გოგო მეღრიჭება: – ლიტ-ფორუმიდან გიცნობო. საკაიფოდ წერო. მღვდლის პროფაილი ქონია ამ უდღეურ სოფას. მერე შევხვდით. ფილარმონიასთან, ღამის თუ დილის ოთხ საათზე დამითქვა პაემანი რატომღაც. ჩავდივარ და ვხედავ – გოგო ეცეკვება ლამპიონს. აი ეგრე – კაცის ჭაჭანი არაა ქუჩაში და ეს შემოხვევია ლამპიონს და ტრიალებს. ჩავედი და მიღიმის: – მეც ვწერ და მოდი დავლიოთო. მეთქი ოკ. გადავედით ვერის ბაღში და ჩანთიდან არაყი გააძრო. დილამდე ვსვამდით. კარგად რო დავთვერით, დავუწყე ხელის ფათური, ჩალიჩი. მიმიშვა. მერე საზასაოდ მივიწიე, შევხედეთ ერთმანეთს და უცებ სიცილი აგვიტყდა. მას შემდეგ სულ ერთად ვართ და ვცდილობთ ერთმანეთს სახეში არ შევხედოთ, იმიტომ რო კრეტინებივით ეგრევე სიცილი გვიტყდება რატომღაც. და არასდროს გვქონია სექსი. და არასოდეს დავბეჭდილვართ არცერთ ჟურნალში და არც წიგნები გამოგვიცია. ჩვენ ვართ მწერლები სპეციფიკური განხრით: ინტერნეტ-მწერლები.

ვიღაც ტიპის საღამოზე ვიყავით, უცხო უბანში. ამდენი მოხუცი  ერთად არ მინახავს მგონი არასდროს. სათნოების სახლში მეგონა თავი. ვისი საღამოც იყო, მარტო ეგ იყო ჩვენხელა და ფოტოგრაფი, რომელმაც ყველა დამსწრეს გადაუღო ას-ასი კადრი, მე და სოფა კი დაგვიკიდა. გვითხრა კიდეც ერთხელ: ძმურად, გაიწიეთო და ჩვენს უკან გადაუღო კლიენტებს. იკითხა მოკლედ თავისი წიგნი იმან, ჩვენხელამ, და ამიტყდა მთქნარება. მეთქი გავიდეთ, დავლიოთ, სანამ ეს კითხულობს. ავდექით და გამოვედით სხვა ოთახში, სადაც ალაფურშეტი იყო გაშლილი. ძალიან მშიოდა და გადმოვიღე თეფშზე რაც საჭმელი ვნახე. სოფამაც გაივსო თეფში და გავძეხით კარგად. ოციოდე, დასხმულ-გამზადებულ ღვინის ფუჟერში არ დავტოვეთ წვეთი, დანარჩენი ათიოდე ჭიქა დავტოვეთ ხელუხლებელი – სხვასაც ხომ უნდა. სოფა დათვრა, რაღაცას წამოედო და დალეწა. ხმაურზე შემოვიდა დაცვა და დამტვრეული ჭურჭელი რო ნახა და ჩვენ დაგვინახა, ჩხუბი დაგვიწყო, დატოვეთ ტერიტორიაო, გვეუბნება. სოფამ – ოკეიო და წამოვედით. კაი გვიანი ღამე იყო ქუჩაში რო გამოვედით. ამ დროს უკნიდან ვიღაც გვეძახის და გავიხედოთ, ის ტიპი მოგვდევს, ვისი საღამოც იყო. მე ზედ არ მიყურებს, სოფას ეკითხება: – რატომ მიდიხართ ასე ადრე? და თვალებზე შევატყე, სოფა რო უყვარდა, ან მაგრად ევასებოდა, ისე უყურებდა. სოფამ პირდაპირ მოახსენა: – მოგვწყინდა ცოტა და წამოვედით, რავი. – რა დროს მოწყენაა, – ტიპი ეუბნება, – ახლა ვჯდებით სუფრაზე, წამო, რა ხალხი გაგაცნო! – ვჭამეთ უკვე, მადლობა, – სოფა ლოყაზე უთათუნებს ხელს. ტიპი ალბათ არ იყო შეჩვეული ასეთ ინტიმს, ისე დაიბნა. გაჩუმდა და უცებ სულმოუთქმელად მიაყარა: – წიგნი მაინც თუ ნახე, სოფიკო? შენ მოგიძღვენი მთელი წიგნი, სოფიკო! როგორც ვფიქრობდი, ღრმად იყო შეყვარებული და შემეცოდა, ხო ვიცნობდი სოფას. აგერ ახლაც, უყურებს სოფა და ვეხვეწები ალაჰს, არ აუვარდეს სიცილი, რამეთუ მამრული სოლიდარობა ვიგრძენი შეყვარებული ტიპის მიმართ, რომელიც აზრზე არ არის, რო ჯობია მანქანას შეუვარდეს ბორბლებში, ვიდრე სოფიკო დაუძახოს სოფას. ჰოდა, აღარ ვაცადე სოფას, წავავლე მკლავში ხელი და წამოვიყვანე, თან ტიპს ვუღიმი: – ძმაო, ცოტა მეტი მოუვიდა ღვინო, არ გეწყინოს, მაგრამ სახლში უნდა წავიყვანო, ძილი მოუხდება ახლა. წამოვედით და დარჩა ეგრე შუა ქუჩაში. მოვიხედე ერთი-ორჯერ და იდგა გაუნძრევლად და გვიყურებდა. მერე გაქრა. შებრუნდა ალბათ თავის საღამოზე. ამის მერე იყო ზუსტად, სადმე ბარში შესვლა რო გადავწყვიტეთ და აზრზეც არ ვიყავით არცერთი ამ უბნის, ლიანდაგებით რო იყო სავსე და უცებ ჩამოიქროლებდა ხოლმე მატარებელი თუ მეტრო, ზედ ჩვენს ცხვირწინ. ერთხელ სწორედ ასე, სადღაც გადაკარგულში ვიპოვნეთ ერთი ადგილი, რომელიც ახლა ჩვენი საყვარელი ბარია და ამ საღამოსაც გადავწყვიტეთ ახალი რამ სასუფეველი აგვეთვისებინა.

 

 

 

 

1 2 3 4