ასევეა „ალავერდობაშიც“. მთავარი გმირი არ სჯერდება იმ ფაქტობრივ ცოდნას, რომელიც მას ალავერდობის შესახებ გააჩნია. ამიტომაც გადაწყვეტს მოსავლის აღებასთან  დაკავშირებული ქრისტიანული დღესასწაული საკუთარი თვალით იხილოს. და აქაც იგივე ხდება, რაც „უსახელო უფლისციხელში“, ოღონდ გურამ რჩეულიშვილს არა მხოლოდ ეცოტავება ეს ხელშესახები ისტორიული სივრცე, არამედ მის შიგნით მოძრავი ხალხის მიმართ პროტესტის გრძნობაც უჩნდება. და აქაც ისევე,როგორც „უსახელო უფლისციხელში“, დგება  მოთხრობის კულმინაციური მომენტი: აღიძვრება წარმოსახვა, დგება ცოცხალი ისტორიის წვდომის ექსტაზური წუთები, მხოლოდ ეს უფლისციხის რომელიმე ტალანში კი არ ხდება, არამედ ალავერდის ლავგარდანზე.
მთავარი ის არის, რომ ორივე მოთხრობაში აღბეჭდილია ისტორიის შესამეცნებლად აღძრული ადამიანის თვითრეფლექსიის რთული პროცესი, სწორედ პროცესი, დინამიკა და არა სტატიკა. დინამიკა სიცოცხლეა, ინტელექტუალურ და ემოციურ ძალთა მოძრაობაა, სტატიკა კი უსიცოცხლობაა. გურამს სურს, როგორც უკვე ვთქვით, სიცოცხლიდან წვდეს სიცოცხლეს. მას სურს თავისი სიცოცხლისმიერი მღელვარებით („ვნების სიმძაფრით“) ისტორიის ცოცხალი ძალები გამოიწვიოს, საბოლოო მიზანი კი საკუთარი თავისგან განუყოფელი  ისტორიის ორგანულ ნაწილად აღქმაა და იმის გაგება, ცოცხალია თუ არა ერი.

***

გურამ რჩეულიშვილის მoთხრობებში გამოთქმული მსოფლმხედველობრივი მრწამსი თანხვდება XX საუკუნის გერმანელი მოაზროვნის, სიცოცხლის ფილოსოფოსის ვილჰელმ დილთაის (1833- 1911) დამოკიდებულებას ისტორიასთან.
დილთაი ჰერმენევტიკოსია. მისი გაგების თეორია ისტორიის წვდომა- გაგებასაც მოიცავს. დილთაის თანახმად, ადამიანი ისტორიული არსებაა. ადამიანის ბუნება რეალიზდება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაში. ყოველი ინდივიდი ერთგვარი მიკროკოსმოსია, რომელშიც უკუფენილია ისტორია, ისტორიული პროცესი. ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა ისტორიის მეშვეობით შეუძლია. ყოველ ისტორიულ არსებაში, ყოველ ადამიანში არის ისტორიის გარკვეული ნაწილი და ეს ანიჭებს მას შესაძლებლობას, უნარს,  ჩაწვდეს წარსულს. ისტორია მთლიანობაა, ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანი მისი ნაწილია. ადამიანს ძალუძს სიცოცხლისმიერი ირაციონალური საწყისის მეშვეობით საკუთარ თავში გააცოცხლოს ოდესღაც არსებული სიცოცხლე, ე. ი.ისტორია. მას შეუძლია სიცოცხლის მეშვეობით ჩაწვდეს სიცოცხლეს.
ადამიანისთვის ისტორიის წვდომა წარსულში გადასვლას, დიდი ხნის წინათ არსებულის წიაღში „გადასახლებას“ ნიშნავს. ისტორიის წვდომა ადამიანს განცდაში ეძლევა. მაშასადამე, ადამიანი ისტორიის გამგებია.
ასევეა გურამ რჩეულიშვილთანაც. ალავერდის გუმბათზე ავარდნილ გმირს ისტორიის დამნახველი მზერა გადაეხსნება. ამის დამწერმა გურამ რჩეულიშვილმა იცის ის, რომ ადამიანი ისტორიული არსებაა და  თავისი ღრმა განცდის მეშვეობით ისტორიის გამგებია. მის თვალწინ იშლება ვრცელი პანორამა იმისა, რაც გამრჯე ხელს „წარსულიდან დღემდე შეუქმნია“.
„ტყისპირას გაგონილ, დაუწერელ, ერთად მოვარდნილ სიმფონიასავით იღვრება თვალწინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი. მისი ეგზოტიკისთვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ, უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ ხალხშია“.
აქ წარსული და აწმყო შერწყმულია. რაღაც ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომს – „შეუცნობლად კანონზომიერი“. ეს არის ისტორიის წვდომა და ამის საფუძველზე მისი გაგება და, დილთაი რომ მოვიშველიოთ, ვინაიდან „ალავერდობის“გმირი ისტორიის გამგებია, ის დროსა და სივრცეში საკუთარ თავსაც მონიშნავს და შეიცნობს („ვინ ვარ მე“), არა მხოლოდ ინტროსპექციის, არამედ ისტორიის მეშვეობით. ე. ი. აქ ორი რამ ხდება: ისტორიის განცდა და მისი მეშვეობით საკუთარი თავის , როგორც ისტორიული არსების, შეცნობა.

***

გურამ რჩეულიშვილმა მას შემდეგ დაწერა „ალავერდობა“, რაც რეალობაში გათამაშდა ეს დრამა. ამ დრამას თავისი სიუჟეტური კონსტრუქცია ჰქონდა, ჰქონდა მთლიანობაში თავისი კომპოზიციაც. ეს უკანასკნელი უკვე მხატვრული ქმნილების წილხვედრი იყო და მწერალი მას ქვეცნობიერად, შინაგანი ირაციონალური იმპულსის კარნახით ქმნიდა. გურამი არა მხოლოდ რეალობაში, არამედ ნაწარმოების წერის დროსაც მინდობილი იყო თავის შინაგან ხმას (ეს უკვე მხატვრის ინტუიცია გახლდათ), ის თითქოს უსმენდა საკუთარ თავს და, რაც ესმოდა, იმას იწერდა. ამ ნაწარმოებში ფსიქოლოგიურ თვითდაკვირვებას, მწერლის მთელ არსებაში აღძრული ფიქრების დინებას მძაფრი ლირიკულ-ემოციური დინება ერწყმის. ლირიკული ნაწარმოები, მოთხრობა იქნება ეს თუ ლექსი, თვითდენადია, წინასწარგანუჭვრეტელია, წამიერია. „ლირიკა არ ექვემდებარება ყოფით-პროზაულ ენაზე გარდათქმას, ის ფრაგმენტულია, მუდმივად მომენტალურია. მისი წაკითხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც არ ეძებს ნაწარმოებში მხოლოდ სიუჟეტს და დამოძღვრას, ვინც ბუნებისაგან არის დაჯილდოებული იდუმალების მოსმენის ნიჭით“.
მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ლირიკა.
„ალავერდობა“ ლირიკულ-ფსიქოლოგიური პროზის ნიმუშია. ეს ორი პლასტი კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ერწყმის და ავსებს ერთმანეთს. ნაწარმოების ლირიკულობაზე მეტყველებს ისიც, რომ მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით, მართლაც „ცხელ კვალზეა“ დაწერილი (ქვეშ მინაწერი აქვს: 1959 წლის 28 სექტემბრის ღამე. თელავი).
კიდევ ერთხელ მინდა გამოვკვეთო: „ალავერდობაში“ კონკრეტული, ხელშესახები სათქმელი ძევს: „ცოცხალი“ ისტორიას ის შეიგრძნობს, ვინც თვითონ არის აღსავსე სიცოცხლის ცხოველმყოფელი, შემოქმედებითი მადლით ანუ ინტენსიური შინაგანი ცხოვრებით. გურამი ყოველივე ამას ასე გამოთქვამს: „ ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ის კი, ვინც „ ცოცხალ“ ისტორიას შეიგრძნობს ანუ ვისაც შექსპირის დანიელი პრინცის მსგავსად წილხვდება დარღვეულ დროთა  კავშირის შეკვრა, იმასაც გაიგებს, რომ  ეროვნული ენერგია  არ დაშრეტილა, ის ჯერ კიდევ მოედინება თაობიდან თაობაში „შეუცნობელი კანონზომიერების“ ძალით. „ალავერდობის“ გმირმა სწორედ ეს იგრძნო და გამოთქვა, რითაც მან თავისი თავიც შეიცნო და წარმოაჩინა, როგორც ისტორიის ორგანული და განუყოფელი ნაწილი, როგორც ისტორიის აღმშენებელი სუბიექტი. ამ გმირში ზეჭარბი ძაბვასავით გაიარა დროის მცირე მონაკვეთში მოძრავმა ისტორიულმა ცნობიერებამ და ბურუსი გაფანტა. ბურუსს ანუ ეჭვს წარმოშობს ალავერდობისეული ღრეობა, რომელიც მთავარი გმირის პროვოცირებას ახდენს. ამ ეჭვს თავისი მყარი საფუძველი გააჩნია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, ერთი რამ: ჩემ მიერ ლაიტმოტივად გაცხადებული აზრი თუ იდეა ისეა განფენილი „ალავერდობაში“, რომ ძნელია მისი გამოცალკევება. ეს ნაწარმოები რთული ორგანული მთლიანობაა.

***

გურამ რჩეულიშვილს საკუთარ თავში დაჰქონდა ეს უკვე მომხდარი დრამა ( პირობითად ვუწოდებ ამ სიტყვას), თუმცა მაშინვე აუცილებელი შეიქნა მისი „ფორმირება და ჩამოყალიბება“, ე. ი. დაწერა. ავსტრიელი პოეტი რაინერ მარია რილკე (შეგნებულად მოვიხმობ, რადგან მეტაფიზიკოსია და ლირიკოსი)  ამბობს: „ხელოვნების ნაწარმოები მაშინ არის მაღალმხატვრული, როცა აუცილებლობა ბადებს მას“. პოლ ვალერი კი – ლირიკის ანალიტიკოსი – დასძენს: „გაცილებით უფრო მაინტერესებს ქმნილებათა ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესი, ვიდრე საკუთრივ ქმნილებანი და ამიტომ ჩვევად თუ მანიად მექცა, ისე ვაფასებდე მათ, როგორც მოქმედებებს“. აკი კრიტიკოსი ოტია პაჭკორია ამბობდა, გურამ რჩეულიშვილი მოქმედების კაცი იყოო. დიახაც იყო, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მისი მოქმედება მისსავე არსებაში, როგორც დინამიური ლირიკულ-ფსიქოლოგიური დრამა, ისე გადატყდა. და აქ უკვე შემოქმედებას დაედო სათავე.
„ალავერდობის“ ექსპოზიციური ნაწილი ამ დრამის ერთი, შინაარსობრივად უაღრესად ტევადი, ფრაგმენტია. ის ლირიკული კამერტონია, რომელზეც უნდა აეწყოს მთელი მოთხრობა. გურამი ალავერდობისწინა საღამოს აღწერს, როცა, როგორც იქნა, გამოიდარა:
„ჩავიდა მზე.
დადგა ის წამი, როდესაც სხივიან შუქს შეჩვეული თვალი ვერ ამჩნევ წვრილ,უძლურ მნათობებს. იდგა მთლიანი სიბნელე და წყვდიადში მოჩანდა სადღაც უსასრულო სიღრმიდან მომავალი  უმანძილო მინდორი, ის კი არ მოჩანდა, არამედ ინტუიციით ხედავდა მას ადამიანის თვალი და გრძნობდა მის არსებობას კახელი კაცის  სხეული. მხოლოდ ღამესავით უსასრულოს შეეძლო ამ წყვდიადის ასე შეცნობა.
შეუმჩნევლად, მიპარვით შეეჩვია თვალი სიბნელეს, საიდანაც უცებ უცნაური ძალით ამოხეთქეს ვარსკვლავებმა და მთლიანად დაიპყრეს კახეთის ცა“.
რაზე მეტყველებს და რას გვეუბნება ჩემ მიერ მოკლედ მოყვანილი, ისე კი ვრცელი ლირიკული ფრაგმენტი?
ამ პასაჟით გურამ რჩეულიშვილმა ნაწარმოების აზრობრივი სივრცის გარშემომწერელი და განმსაზღვრელი  მთავარი დეკორაცია დადგა. აქ ჯერ არ არის წარმოჩენილი ექსტაზური მომენტი, აპოთეოზი – ისტორიის დამნახველი მზერის გახსნა. აქ არის ისტორიასთან შეხება, დროისა და სივრცის უსასრულო პერსპექტივის გრძნობა. ისევ ლირიკოს რილკეს დავესესხები: „შემოქმედი საკუთარი თავისთვის მთელ სამყაროდ უნდა იქცეს და ყველაფერი საკუთარ არსებასა და ბუნებაში უნდა მოიძიოს, იმ ბუნებაში, რომელსაც ის შეუერთდა…“
„ალავერდობის“ გმირი გრძნობს მარადისობას. ეს ჰარმონიის იშვიათი წუთია. XX საუკუნის ურბანისტული გარემოს მკვიდრი ალაზნის ველის და ალავერდის შემოგარენში  დროსთან და ისტორიასთან შეხებას გრძნობს. ასე იწყება ქრისტიანულ დღესასწაულთან ზიარების პროცესი, ისტორიის განჭვრეტისწინა აქტი, რომელიც ექსპოზიციურ ნაწილშივე აღიბეჭდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს მოთხრობა მწერლის თვითრეფლექსიის ცოცხალ პროცესს აღბეჭდავს.

***

უნდა აღინიშნოს გურამ რჩეულიშვილის მხატვრული აზროვნების, მისი სტილის ერთი თავისებურება.
ბუნების სურათები „ალავერდობაში“ უჩვეულოა. მწერალი თითქოს კი არ აღწერს, არამედ შეიგრძნობს გარესამყაროს და ამ შეგრძნებაზე საუბრობს. არაჩვეულებრივად ზუსტია ამ შეგრძნების აღწერა, როცა ის ამბობს: „შეუმჩნევლად, მიპარვით შეეჩვია თვალი სიბნელეს“. ბუნების ვრცელი სურათი ამ პასაჟში თითქოს რაღაც მეექვსე გრძნობის, „შინაგანი თვალის“ მეშვეობით არის აღქმული და დანახული და, შესაბამისად, მთავარი გმირის შინაგან განწყობას, შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს. ეს მდგომარეობაა სრული გახსნილობა, ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის მცდელობა.
იქნებ უადგილო არ იყოს აქ ერთი პარალელი.

 

1 2 3 4