***

ისევ ჩემ მიერ აქცენტირებულ და უმთავრეს ეპიზოდად შერაცხილ ალავერდის გუმბათზე ავარდნას მინდა მივუბრუნდე. რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი უმთავრესია, მაგრამ მოთხრობაში არანაირად არ არის გამოყოფილი და ხაზგასმული და სწორედ ეს არის მაღალი ოსტატობის ნიშანი. გურამ რჩეულიშვილი გაურბის მშრალ რიტორიკას, მედიტაციას, გონებაჭვრეტითობას. ინციდენტის შემდეგ გუმბათზე ავარდნილი გმირი მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტინქტით არ არის შეპყრობილი, მისი გული და გონება განაგრძობს ერთხელ დაწყებულ, განუწყვეტელ, თავდაუზოგავ მუშაობას, ე. ი. სიმფონია განაგრძობს ჟღერას. ოღონდ მწერალი ამას გადმოსცემს სადად, უბრალოდ, მთლიანი კონტექსტიდან ამოვარდნის გარეშე. აქ მთავარია რიტმიკა, ინტონაცია, ცოცხალი პროცესის შეგრძნება, თუმცა მაინც დგება მომენტი, როცა მწერალმა მოქმედების აღწერა უნდა შეწყვიტოს და ვითარება შეაჯამოს. ეს ადგილი  ბუნებრივად არის ჩაწერილი „სიმფონიაში“, თუ არ დააკვირდი, ვერ შეამჩნევ.
„პირველ წუთებში ეფექტი მთლიანი იყო, მას მოეჩვენა, რომ მიაღწია იმ რაღაც სურვილს, რისი სახელიც სიტყვებით აღარ ახსოვდა“. ეს ფრაზა ნიშანდობლივია: გმირი, რომლის შინაგანი ცხოვრება გარკვეული სურვილის გამო უკიდურეს დაძაბულობას აღწევს, ვერცკი ამბობს, ამ სურვილს რა ჰქვია, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ის არა მხოლოდ „რაციოთი“, არამედ ირაციონალური იმპულსების კარნახით მოქმედებს. მან იცის, რაც სურს, მაგრამ ზუსტად ვერ გამოთქვამს და არც გამოთქვამს, რადგან ამგვარმა სახელდებამ შეიძლება მიზნის ან სურვილის მრავალმნიშვნელოვნება დააკნინოს. ნაწარმოების ავტორიც ამ გზას ადგას, არც ის ეძებს ზუსტ დეფინიციებს, რადგან მისი მხატვრული ამოცანა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ მშრალ რიტორიკას თუ მიჰყვება, ემოციურ-მგრძნობელობითი სადავე გაუსხლტება ხელიდან. ამიტომ ის სადად, უბრალოდ, ინტელექტზე ზეწოლის გარეშე, ემოციურად განაგრძობს თხრობას…
ვაგრძელებ იმავე ფრაგმენტს: „და იმავე წუთში ამ მისი მთელი მოქმედების უმაღლეს წერტილზე, სადღაც გაქრა უსაზღვრო ვნებადქცეული სურვილი. ზედმეტი გრძნობისაგან დაცლილ აზროვნებას დაუბრუნდა სიცხადე“.
ეს უკვე მართლაც გასაკვირია: მიზანი, რომელსაც მთელი მოთხრობის მანძილზე მიელტვოდა გურამი, სადღაც გაქრა. ნუთუ შეიძლება ერთ წუთში გაქრეს „უსაზღვრო ვნებადქცეული სურვილი?“  როგორც ჩანს, შეიძლება. შეიძლება, თუ ალავერდის გუმბათზე ავარდნილი კაცი გახედავს სივრცეს, სადაც მიწის ერთი გოჯი, ერთი წერტილიც კი არ არის აუთვისებელი. ადამიანმა მთელ ამ სივრცეში თავისი ხელით შექმნილი სულიერი და მატერიალური მონაგარი დააგროვა. გურამი ყოველივე ამის მიღმა იყურება, ის ისტორიას განჭვრეტს, ხედავს იმ ენერგიას და სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც საუკუნეთა წიაღიდან მოედინება. სწორედ ეს ხილვა აქარწყლებს „უსაზღვრო ვნებდქცეულ სურვილს“ ე.ი. პროტესტს ალავერდის ირგვლივ შეკრებილი ბრბოს მიმართ. გურამი ხვდება, რომ ალავერდობაზე მოსული ხალხის მოდუნება დროებითია, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მან ალავერდის გუმბათიდან იხილა.
„ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისა, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ასე რომ, ალავერდზე თავისი ფეხით ავარდნილი გურამი არა მხოლოდ ხალხს აფხიზლებს, არამედ თვითონაც თავისუფლდება პროტესტის გამომწვევი ეჭვისა და სკეპსისისაგან. თუმცა ამ პროტესტს თავისი მყარი საფუძველი აქვს: დროებითი მოდუნებაც ისტორიის კალაპოტიდან ამოვარდნაა და არ არის სასურველი.
გუმბათზე ზეაღსწრაფებული გმირი ზნეობრივ სიმაღლეს იძენს და აზრის სიცხადესაც იბრუნებს. გურამ რჩეულიშვილისეული ბუნების აღწერების მსგავსად, ალავერდის გუმბათზე ავარდნის ეპიზოდიც ორპლანოვანია –  ერთი მხრივ, ყოველივე ხელშესახებ რეალობაში ხდება, მეორე მხრივ კი იგრძნობა სიმბოლური პლანი – ზნეობრივი სიმაღლის მოპოვება.
ისტორიის განჭვრეტას რა აზრობრივი დატვირთვაც აქვს, უკვე დავძინეთ – ეს არის ეროვნული ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის მოძიების, მიგნებისა და დადასტურების მომენტი, მაგრამ არის მეორეც და ამის შესახებაც ვთქვით უკვე. რა არის ეს?  ეს არის ისტორიის განჭვრეტასთან ერთად საკუთარი თავის, როგორც ისტორიული არსების, წარმოჩენა და თვითშეცნობა.
ვილჰელმ დილთაის ნააზრევი  ისტორიასთან მიმართების შესახებ პარალელად აქაც გამოგვადგება, მითუმეტეს, თუ მისი თეორიის ზურაბ კაკაბაძისეულ ინტერპრეტაციას მოვიხმობთ: „ ადამიანის არსება და ისტორია დილთაისთვის თითქოს ტოლფასი ცნებებია. მე უბრალოდ  კი არ მაქვს ისტორია, როგორც ჩემთვის გარეგანი რამ, არამედ მე ვარ ისტორია. მე ჩემი არსების გულში განსაზღვრული ვარ ამ ისტორიად ყოფნით. ამიტომაც თუ მინდა გავიგო, ვინ ვარ მე, რა არის ადამიანი, ისტორიას უნდა მივმართო“.
ასე რომ, როცა გურამი ისტორიას განჭვრეტს, საკუთარ თავსაც განჭვრეტს და პირუკუ.  პარადოქსია, მაგრამ თვალნათლივი ფაქტია: დილთაის ნააზრევი გზას გვიხსნის გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის გასაგებად.

***

უფლისციხის ტალანებში, ისევე, როგორც ალავერდის ტაძარში და მის შემოგარენში ისტორიის შეცნობის დრამა გათამაშდა. ამ სივრცეში გურამმა (მოთხრობის გმირმა) იხილა და შეიცნო ის, რისი ხილვა, შეცნობა და გაგება ჩვეულებრივ არ ხდება. რაღაც განსაკუთრებული განწყობა უნდა დაეუფლოს ერიჰ ფრომისეულ „ექსისტენციურ“ „ყოფნის“  ადამიანს, რომ საკუთარი არსებიდან ამგვარი ხილვა „ამოზიდოს“. ეს ხილვა ისტორიასთან, როგორც ცოცხალ რეალობასთან შეხების მომენტი, ხანმოკლეა. ექსტაზური აგზნების და მერე უკვე გამოფხიზლების შემდეგ გურამს წამიერად შეცნობილი კულტურის ქმნილებანი – უფლისციხე და ალავერდის ტაძარი – უცხოდ და საშიშად ეჩვენება.ის თითქოს წამით დაუახლოვდა და შეერწყა ისტორიას, მისმა მზერამ თითქოს წამით გააპო ისტორიის გაუვალი კედელი და მერე ისევ გაუცხოვდა მის მიმართ. საკვირველია, რომ ამ ორი მოთხრობის – „უსახელო უფლისციხელი“ და „ალავერდობა“ – ფინალში ერთნაირად იჩენს ეს აზრი თავს. ისტორიის აღმნიშვნელად ორივეგან მეორდება სიტყვა „საშიში“.
„ჩემს გარშემო კი ყველაფერი ძველია და საიდუმლო, ახალი მხოლოდ არქეოლოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი საკაცეები ყრია… ჩემს გარშემო კი ტალანია დიდი, ცარიელი და საშიში. აქ მხოლოდ ქვის სკამები და მაგიდები დგას, ძველი, ძალიან ძველი“  („უსახელო უფლისციხელი“).
„მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას, ალვებში მწყობრად ინთება სინათლეები“ („ალავერდობა“).
უფლისციხეც და ალავერდიც სხვა ადრინდელი კულტურის ქმნილებებია და ამიტომაც ეუფლება შიში და სიუცხოვე ავტორს. თვითონ ის თანადროული კულტურის წიაღში ცხოვრობს და ამ კულტურის „პრიზმიდან“ უყურებს წარსულს, თითქოს აწმყოსა და წარსულის ცოცხალი გამაერთიანებელი რგოლია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ ადამიანი ისტორიული არსებაა და კულტურის კვალდაკვალ ისიც იცვლება.

***

რა შინაარსს იტევს ცოდნა, რომელსაც გურამი ალავერდზე ავარდნის და ერთგვარი ნათელხილვის შემდეგ მოიპოვებს? ეს არის ისტორიასთან შეხება და ამ შეხებით მთავარი გმირი მოიპოვებს და ეუფლება არ იმდენად ცოდნას, რამდენადაც რწმენას. ამ რწმენასაც აქვს თავისი შინაარსი – ეს არის რწმენა ცოცხალი ისტორიის არსებობისა, აწმყოს და წარსულის განუყოფლობისა, იმისა, რომ ადამიანს თავისი სიცოცხლის მეშვეობით შეუძლია გაიგოს ისტორია, რაც საკუთარი თავის, როგორც ისტორიული არსების და ისტორიის გამგების შეცნობაცაა. ყოველივე ეს კი ერთად იმის რწმენას ანიჭებს, რომ მისი ერი, მისი ქვეყანა, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით, ჯერ კიდევ არსებობს.
„სეზამ გაიღე!“ – გაიღო ისტორიის კარი და კვლავ დაიხურა. გურამმა ტანჯვით მოიპოვა წარსულის წვდომის ნიჭი, მოიპოვა რწმენა, რომელიც მას ცხოველმყოფელ ძალას ანიჭებს, მერე კი დაღლილი და ჟინდამცხრალი შეერია საღამოს მყუდროებას.
მოთხრობა მთავრდება ისევე, როგორც დაიწყო – ალაზნის ველის ნაღვლისმომგვრელი პეიზაჟით: „სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ“.

 

 

 

1 2 3 4