ერთ მწერალს უთქვამს, მე რასაც ოცნებით წარმოვისახავ, გურამ რჩეულიშვილი იმას რეალობაში ახორციელებსო. გურამი დგამდა სპექტაკლებს, რომლის მთავარი გმირიც თვითონვე იყო. ამის დასტურად ნებისმიერი მოთხრობა შეიძლება წამოტივტივდეს მეხსიერებაში. „სიკვდილი მთებში“ ( ალფრედ კურელა – გერმანელი მწერალი და მისი მეუღლე ამ ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებად იქცნენ, ცხადია, ამბავიც ნამდვილია და ე. წ. „მხატვრულობა“ არა გამონაგონის, არამედ სხვა პირობითობის  სიბრტყეშია განფენილი), „ალავერდობა“, „უსახელო უფლისციხელი“, „ირინა“, ზღვაზე და მთაში მოგზაურობის ციკლები და სხვა მისთანანი.
გურამი ყველგან იყო.
მისი ძლიერი, ცხოველმყოფელი ფიგურა მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. კრიტიკოსი ოტია პაჭკორია ამბობს, რომ ის მოქმედებით ცხოვრობდა და არა სიტყვებით. თუმცა არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, რადგან რეალურ ცხოვრებაში ცხენისგამტაცებელ გურამ რჩეულიშვილს მოსაკლავადაც კი გამოეკიდნენ, მან კი ეს ამბავი ისეთი ლირიკული ენით, ისეთი პოეტური მგზნებარებით გადმოსცა, რომ ამ დეტალმა თავისთავადი შემზარაობის ელფერი დაკარგა. ეს იმიტომ მოხდა, რომ აქცენტი თავიდანვე ერთ რამეზე გაკეთდა – უხილავის დანახვაზე, ისტორიის უჩინარი პლასტების განჭვრეტაზე, შეუცნობელის შეცნობაზე. ასეთ მაღალ მიზანთან მიახლოება კი რაღაც არსებითის დათმობის, სიკვდილთან შეთამაშების ხარჯზეა შესაძლებელი.
ის მოქმედიც იყო და სიტყვის მთხრობელიც.
გურამ რჩეულიშვილის, მწერლის და შემოქმედის პიროვნება, როგორც ამას მისი მეგობრებიც იხსენებენ, ყოველთვის სიკვდილ-სიცოცხლეზე დაკიდულ ბეწვის ხიდზე გადიოდა.
ყოველი მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოები ზღვრული სიტუაციების ხარჯზეა აღმოცენებული. ეს მოთხრობები ბუნებრივად არის დაბადებული, რადგან რეალურად არსებული ამა თუ იმ ზღვრული ვითარების „გაგრძელებაა“. მწერალი ყოველთვის „ცხელ კვალზე“  წერდა მოთხრობებს, ამიტომაც გაკრული ხელით არის დაწერილი და უჩვეულო დინამიურობითაა აღბეჭდილი.
მწერლობა, თავისი ყველაზე უფრო ღრმა აზრით, იმის დანახვაა, რაც ცხოვრების ზედაპირზე არ ძევს. იმას კი, რაც ზედაპირზე არ ძევს, დამნახველი თვალი ესაჭიროება.
ეს პრინციპი – უხილავის დანახვა, ე. ი. განჭვრეტა, მეტ-ნაკლები ხარისხით ყველა საინტერესო მწერლის შემოქმედებას ახასიათებს, გურამ რჩეულიშვილთან კი კლასიკური პირველქმნილებით არის წარმოჩენილი.
არსებობენ მწერლები, რომელთა თხრობა გაბმული ლირიზმით ნუსხავს მკითხველს. გურამ რჩეულიშვილის პროზა კი ლირიზმთან ერთად უხილავის განჭვრეტის სიმძაფრით არის ნიშანდებული.
ზოგიერთ მოთხრობაში გურამ რჩეულიშვილი მართლაც უფრო მოქმედ კაცად წარმოჩნდება და ლირიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი, ზოგან კი მოქმედება და შინაგანი განცდის ინტენსიობა თანაფარდია. ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება „უსახელო უფლისციხელი“ და „ალავერდობა“. ეს ორი მოთხრობა შემთხვევით არ მიხსენებია ერთად. ორივე ერთ სათქმელს, ერთ პრობლემას უტრიალებს ირგვლივ: ეს არის ისტორიის გაგების პრობლემა, გაგება იმისა, რაც იყო და აღარ არის. მართლაც – როგორ უნდა გაიგო და განიცადო ის, რაც იყო და გაქრა, რაც იყო და აღარ არის?

***

გურამ რჩეულიშვილი ისტორიული ადგილებიდან განჭვრეტს წარსულს. უფლისციხე და ალავერდი მისთვის არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებია, არამედ წარსულის სიმბოლური ნიშანსვეტებიცაა. გურამისთვის მნიშვნელოვანია არა ამ ძეგლების ხილვით აღძრული ესთეტიკური ტკბობა, არამედ მათი მეშვეობით განჭვრეტილი ისტორია.
მწერალი ამბობს: „რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში, მხოლოდ ფანტაზია უნდა ოდნავ“.
ეს ოდნავი ფანტაზია, ამ შემთხვევაში, უკვე აქტივობაა, შეგროვილი, უსიცოცხლო ფაქტების ამოძრავება და გაცოცხლებაა,“ვნების სიმძაფრეა“, ყოველგვარ შენებას, სულის შთაბერვას რომ ახლავს. ფანტაზია აქ იგივე წარმოსახვაა, რომელიც ოდესღაც ცოცხალ, ახლა კი მკვდარ ისტორიას ხელახლა აცოცხლებს.
მაშასადამე, „უსახელო უფლისციხლის“ და „ალავერდობის“ უმთავრესი იდეა ისტორიის უშუალო წვდომაა.
როგორ უნდა წვდეს ისტორიას ადამიანი? რა უთქვამთ ამის შესახებ სხვებს?
ვინაიდან ეს ფართო და დაუსაზღვრელი მსჯელობის საგანია, ალბათ რაღაცით უნდა შემოვიფარგლოთ. საინტერესო იქნება იმ ავტორთა თვალსაზრისები, რომლებიც საოცრად უახლოვდებიან გურამ რჩეულიშვილის მხატვრულ აზროვნებაში განფენილ იდეას.
გერონტი ქიქოძე წერილში „ჩაქუჩიანი მამაკაცი“ წერს: „საჭიროა აგრეთვე ის ნიჭი განჭვრეტისა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ნაწილში მთელს ხედავს, ხოლო ხილულში უხილავს. მხოლოდ იმას, ვისაც ეს ნიჭი და ეს ფანტაზია აქვს,, შეუძლია დაახლოებით მაინც გაზომოს ის უტეხი ენერგია, რომელიც სდუღდა ძველ საქართველოში“.
ნაწილში მთელის და ხილულში უხილავის წვდომა სწორედ მწერლის ნიჭის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამ ნიჭითაა მადლცხებული გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები. ისიც ცხადია, რომ გერონტი ქიქოძე ფანტაზიაზე როცა საუბრობს, ინტუიციას და წარმოსახვას გულისხმობს.
გურამ რჩეულიშვილის ორივე მოთხრობის მთავარი პერსონაჟი თვითონ გურამია. ეს არის ინტელიგენტი კაცი,რომელსაც ღირებულებათა თავისი სკალა, თავისი სულიერ-ინტელექტუალური ორიენტაცია გააჩნია. გურამი კონკრეტულ დროსა და სივრცეში ცხოვრობს – XX – საუკუნის  50 -იანი წლების საქართველოში. ეს არის ტოტალიტარიზმის მარწუხებში მოქცეული, რთული ბედისა და წარსულის მქონე ქვეყანა. გურამს ისტორიის წვდომისას მართლაც ერთი მიზანი ამოძრავებს: „გაზომოს ის უტეხი ენერგია, რომელიც სდუღდა ძველ საქართველოში“. ათვლის წერტილი „ძველი საქართველოა“. ამ ენერგიას კი იმიტომ „ზომავს“, რომ მის თანადროულ ვითარებას შეუთანადოს და გაიგოს: ხომ არ დაირღვა „დროთა კავშირი“? ხომ არ დაიძენძა ერის ერთიანი სხეული? ხომ არ დაიშრიტა ენერგია?
დღევანდელი გადასახედიდან სრულიად ბუნებრივად ჟღერს ეს კითხვა, 1924 და 1937 წლის რეპრესიების შემდეგ ამ საკითხით სხვა მრავალი ადამიანიც უნდა დაინტერესებულიყო. მითუმეტეს,რომ 1956  წლის 9 მარტის სისხლიანი ანაბეჭდები ჯერაც არ იყო თბილისის ქუჩებში წაშლილი. „უსახელო უფლისციხელი“  დაიწერა 1957 წელს, „ალავერდობა“  – 1959 წლის 28 სექტემბერს.
ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მწერალს სურს ქვეყნის დაკარგული მაჯისცემა მოსინჯოს.

***

ისტორიის უშუალო წვდომა მხოლოდ ფაქტოგრაფიული მასალის მეშვეობით შეუძლებელია. გერონტი ქიქოძის აზრით, საჭიროა ნიჭი და ფანტაზია. ეს ზოგადი განაცხადია. გურამ რჩეულიშვილის გმირი ანუ თვითონ გურამი, უფრო შორს მიდის. ის ცდილობს ჯერ ფაქტები მოიპოვოს, ხოლო მერე გასაგნებულ – უფლისციხედ და ალავერდად ქცეულ – ისტორიას შეეხოს უშუალოდ. ამიტომაც დააბიჯებს უფლისციხის ტალანებში და ალავერდის შემოგარენში. მწერლის მიზანია თავისუფალი ქმედების მეშვეობით აღძრას საკუთარ თავში ის განწყობა, ის ირაციონალური ენერგია, ინტუიცია თუ წარმოსახვა, რომელიც ისტორიის უშუალო წვდომას შეაძლებინებს. ეს წამიერი წვდომა მას განცდაში უნდა მიეცეს. ამიტომაც არის მინდობილი ორივე მოთხრობაში თავის შინაგან ხმას, რომელიც განცდებს სადინარს გაუხსნის.
ფაქტობრივად ორივე მოთხრობა თვითრეფლექსიაა, გურამი არა მხოლოდ ზეწოლას ახდენს საკუთარ თავზე (ექსტრემალურ ვითარებასაც ქმნის), არამედ აკვირდება კიდეც საკუთარ თავში აღძრულ განწყობას და განცდას. ეს ერთგვარი თვითდაკვირვებაა, ინტროსპექცია, რომლის მეშვეობითაც ისტორიის ჭვრეტა უნდა გამომზეურდეს. ორივე მოთხრობა ამ შინაგანი მოდულაციების, შინაგანი პერიპეტიების თვალისგადევნებაა, ორივე მოთხრობაში ჯერ გარეგნულ ვითარებას და შემდეგ უმთავრესს – იმ შინაგან მდგომარეობას აღწერს მწერალი, რომელმაც ისტორიის შეგრძნების წამიერ ექსტაზამდე მიიყვანა. ცხადია, ამ ექსტაზით გამოწვეული ხედვა თუ ხილვაა მოთხრობის ეპიცენტრი. ეს არის მიხვედრა, განჭვრეტა, ფაქტის მიღმა გადახედვა და ამავე დროს საკუთარი თავის, როგორც ისტორიული არსების დროში განცდა თუ წვდომა. ე. ი. გურამი საკუთარი თავის დამკვირვებლად წარმოგვიდგება დ ეს ორი მოთხრობაც დაკვირვების პროცესს აღბეჭდავს.
არ შემიძლია აქ არ გავიხსენო XX საუკუნის გერმანელი მოაზროვნე ერიჰ ფრომი, რომელმაც ყოფიერების ორი მოდუსი, ორი წესი, ორი ტიპი აღმოაჩინა და პირობითად „ფლობა“ და „ყოფნა“ უწოდა. ორი მოდუსი ადამიანის შინაგან წყობასაც ამჟღავნებს და ამისდაკვალად მის ღირებულებით ორიენტაციასაც. ეს ორი ტიპის ადამიანი სულიერი მოღვაწეობის თუ ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ავლენს თავს.
წარმოვიდგინოთ ორი მწერალი.
პირველი „ფლობას“ ანიჭებს უპირატესობას და ისტორიული ნაწარმოების წერის დროს ფაქტების შეუვალობას სჯერდება. მეორე კი „ყოფნის“ ადამიანია, ექსისტენციური ყაიდის შემოქმედი და ამიტომაც ფაქტებს საკუთარი წარმოსახვით ამდიდრებს. ის ვერ ურიგდება ფაქტების ტყვეობაში გამოკეტვას და ცდილობს სტერეოტიპის ფარგლებს გასცდეს.
ერიხ ფრომი წერს: „მას („ყოფნის“ ადამიანს – ა.ბ.) ახალი იდეები ებადება, ვინაიდან მზამზარეულ შტამპებს ვერ ეგუება, თუ „ფლობის“ ტიპის ადამიანს იმის იმედი აქვს, რასაც ის ფლობს, რაც მან შეიძინა, „ექსისტენციური“ ტიპის  ანუ  „ყოფნის“ ადამიანი  იმითაა მნიშვნელოვანი, რასაც ის თვითონ წარმოადგენს, რაც თვითონ არის. ის ცხოვრობს, განიცდის, აზროვნებს, მას რაღაც სიახლის შექმნა ძალუძს“.
ე. ი. „ყოფნის“ ადამიანი  საკუთარ თავში ჭვრეტის და ნახვის, შექმნის შემოქმედებით პოტენციას ატარებს.
იმთავითვე ცხადია, რომ გურამ რჩეულიშვილის ორი მოთხრობის – „უსახელო უფლისციხელის“ და „ალავერდობის“ – მთავარი გმირი „ყოფნის“ ადამიანია, „ექსისტენციური“ ტიპის მოაზროვნე და მოქმედი კაცია. ის არ სჯერდება უფლისციხის შესახებ არსებულ ფაქტებს და მიდის ძველი ციხე-ქალაქის სანახავად. მას არ უნდა ფაქტობრივი მასალის ტყვეობაში თუ სტერეოტიპში მოქცევა და ამიტომაც დააბიჯებს უფლისციხის ტალანებში. მას სურს საკუთარ თავში მიაკვლიოს ისტორიის განჭვრეტის ნიჭს.
და მართლაც, მოთხრობა უმთავრეს ფაზაში მაშინ შედის, როცა მთავარი გმირის წარმოსახვას ეძლევა გასაქანი. ფაქტობრივად ამიტომ  დაიწერა კიდეც ნაწარმოები. უსახელო უფლისციხელი მძაფრი ინტუიციით მიგნებული პერსონაჟია. ის უენოა და ვერ წარმოთქვამს თავის სახელს. ამიტომაც არ რჩება ისტორიას მისი სახელი. არადა „ალბათ ვაჟა ერქვა, ან უბრალოდ, კაცებო, ან გურამი, ან რატი, ქართველებს უმეტესად ეს სახელები ჰქვიათ“. მან იხსნა ერი, გაამარჯვებინა, მაგრამ მატიანეში კი არ დატოვა თავისი სახელი. ის მწერლის წარმოსახვის, უფრო კი განჭვრეტის ნაყოფია, რადგან ისტორიული კანონზომიერების პირმშოა. საქმე ისაა, რომ გურამი ეძებს არა მკვდარ, არამედ ცოცხალ ისტორიას, მას ცოცხალ ისტორიასთან შეხება სურს, რათა წარსულისა და აწმყოს რეალური ერთიანობა და განუყოფლობა იგრძნოს. ისტორიასთან შეხება სწორედ ამ არარსებული გმირის არსებობაში ჩანს. ასეთი გმირი აუცილებლად უნდა არსებულიყო. გურამი სიცოცხლის ფილოსოფოსად იქცევა და სიცოცხლის მეშვეობით სიცოცხლისავე წვდომას ცდილობს.

 

 

1 2 3 4